გეოპოლიტიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
გეოპოლიტიკა (გეოგრაფიული პოლიტიკა; ბერძ. γη — მიწა + πολιτική — სახელმწიფო ან საზოგადო საქმე (წარმ. πολις — ქალაქი-სახელმწიფო ძველ საბერძნეთში) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში გეოგრაფიული ფაქტორის როლს და მის გავლენას ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჩამოყალიბებაზე, სახელმწიფოთა ან სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების მიერ ტერიტორიების გაყოფისა და გავლენის სფეროებად გადანაწილების კანონზომიერებებს.
გეოპოლიტიკა მიეკუთვნება საზოგადოებრივ–გეოგრაფიულ მეცნიერებათა ჯგუფს და წარმოადგენს პოლიტიკური გეოგრაფიის ნაწილს. განასხვავებენ — ტრადიციულ, ახალ (გეოეკონომიკა) და უახლეს (გეოფილოსოფია) გეოპოლიტიკას. ტრადიციული გეოპოლიტიკა აქცენტს აკეთებს სახელმწიფოს სამხედრო–პოლიტიკურ სიმძლავრეზე და უცხო ტერიტორიების დაპყრობისას გეოგრაფიული ფაქტორების დომინანტურ როლზე. ახალი (გეოეკონომიკა) ტრადიციულისგან განსხვავებით აქცენტს აკეთებს სახელმწიფოთა ეკონომიკურ სიმძლავრეზე. უახლესი გეოპოლიტიკა, რომელშიც სამხედრო და ეკონომიკურ სიმძლავრეზე დომინირებს სულიერი ძალა, ეხმარება სახელმწიფოებს ტრადიციული და ეკონომიკური დეტერმინიზმის დაძლევაში საბაზისო ფაქტორების გაფართოების ხარჯზე საერთაშორისო ურთიერთობებში ქცევის განსაზღვრაში.
გეოპოლიტიკის, როგორც საგარეო პოლიტიკური პრაქტიკის, მთავარი მიზანია სახელმწიფოს გეოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ე.ი. გეოპოლიტიკის მთავარი მიზანი - ეს არის ნებისმიერი ქვეყნის გეოსტრატეგიის შემუშავება. გეოპოლოტიკური მიდგომის სინთეზური შესწავლა გულისხმობს ნებისმიერი ქვეყნის ან რეგიონის გეოგრაფიულ, სოციალ-პოლიტიკურ, სამხედრო, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ქვეყნის სხვა სიძლიერის განმსაზღვრელ ფაქტორთა კომბინირებულ შესწავლას და შეფასებას.
ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის შეფასებისას უდიდესი ყურადღება ექცევა როგორც გეოგრაფიულ ფაქტორს, ასევე ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოზიციებს, ქვეყნის წარსულს, მის მეზობელთან ამ ქვეყნის ნებისმიერ ურთიერთობას, მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ვითარებას.
XX საუკუნის ისტორიამ უდიდესი გავლენა იქონია არაერთი დიდი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის განვითარების თავისებურებაზე. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც რუსეთის სახელმწიფო გეოპოლიტიკური „რეგალიების“ ცვლა საუკუნის მანძილზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ასევე დასავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის გეოპოლიტიკური ფაქტორების განვითარების თავისებურებებში. ამ მხრის საინტერესოა საფრანგეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობა. ბოლო ასწლედმა ნათლად ასახა ის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომელთაც ადგილი ჰქონდა ქვეყნის, როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკაში და რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია საფრანგეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის თანამედროვე პოზიციების ჩამოყალიბებაში.
ნებისმიერი ქვეყნის გეოპოლიტიკური სიმძლავრეების ძირითადი კრიტერიუმებია:
- ტერიტორიის ზედაპირი
- საზღვრების ბუნება, ზღვაზე გასასვლელი
- მოსახლეობის რაოდენობა
- ბუნებრივი რესურსები
- ფინანსური სიძლიერე
- ეკონომიკისა და ტექნიკის განვითარების დონე
- ეთნიკური ერთგვაროვნება
- სოციალური ინტეგრაციის დონე
- პოლიტიკური სტაბილურობა
- ეროვნული სული