გრიგორიანული კალენდარი
საერთაშორისო სამოქალაქო კალენდარი / From Wikipedia, the free encyclopedia
გრიგორიანული კალენდარი, ახალი სტილი (365.2425 დღე-ღამე) — მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გამოიყენება.[1][georgian 1] იგი იულიუსის კალენდრის მოდიფიკაციაა და მისი ჩანაცვლების მიზნით შემოღებულ იქნა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII-ის მიერ. უმთავრესი განსხვავებაა ნაკიანი წლების განსხვავებული განაწილება, რომელმაც წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა 365.2425 დღეზე დაიყვანა. ეს უფრო ახლოა დედამიწის მზის გარშემო მოძრაობაზე დაკვირვებით დადგენილი ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან, რომელიც 365.2422 დღეს შეადგენს.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გრიგორიანული კალენდარი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გრიგორიანული კალენდარი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ნაკიანი წლის განსაზღვრის წესი შემდეგია:
„ | ყველა წელი, რომელიც უნაშთოდ იყოფა 4-ზე, ნაკიანია, გარდა იმ წლებისა, რომლებიც უნაშთოდ იყოფა 100-ზე, ხოლო საუკუნის აღმნიშვნელი ამ წლებიდან ნაკიანია მხოლოდ ის, რომელიც ასევე უნაშთოდ იყოფა 400-ზეც. მაგალითად, წლები 1700, 1800 და 1900 მარტივი წლებია, ხოლო 2000 – ნაკიანი. | “ |
გრიგორიანული კალენდრის შემოღება ორმა მიზეზმა განაპირობა. პირველი: იულიუსის კალენდარი არასწორად მიიჩნევდა, რომ მზის წელიწადის საშუალო ხანგრძლივობა 365.25 დღეა, რაც, საშუალოდ, ყოველ საუკუნეში 1 დღეზე ოდნავ ნაკლებ ცდომილებას იძლეოდა, აქედან გამომდინარე, იულუსის კალენდარში ყოველი მეოთხე წელი, გამონაკლისის გარეშე, ნაკიანია.[2] მეორე: ნიკეის პირველი საეკლესიო კრებიდან (ჩვ. წ. 325) [georgian 2] მოყოლებული იულიუსის კალენდარში ზედმეტი ნაკიანი დღეების რაოდენობამ გამოიწვია ცდომილება, რომლის გამოც გაზაფხულის ბუნიობა (ჩრდილო ნახევარსფეროში) მის ნომინალურ თარიღზე, 21 მარტზე ბევრად ადრე ხდებოდა. ეს თარიღი მნიშვნელოვანია ქრისტიანული ეკლესიებისთვის, რადგან იგი აღდგომის თარიღის გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს. გრიგორიანულმა რეფორმამ საშუალო კალენდარული წელიწადი 0.0075 დღით შეამოკლა, რითაც ბუნიობიდან კალენდრის მზარდი გადახრა შეაჩერა და დაგროვებული სხვაობის აღმოსაფხვრელად კალენდარული თარიღები 10 დღით წინ გადასწია:[georgian 3] 1582 წლის 4 ოქტომბერს, ხუთშაბათს, პირდაპირ მოჰყვა პარასკევი, 1582 წლის 15 ოქტომბერი.[2] გარდა ამისა, რეფორმამ ცვლილება შეიტანა მთვარის ციკლშიც, რომელსაც ეკლესია აღდგომის თარიღის გამოთვლაში იყენებდა, რადგან ასტრონომიული ახალი მთვარე ნომინალურ თარიღზე 4 დღით ადრე ჩნდებოდა ხოლმე. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, გრიგორიანული კალენდარი, წინამორბედის მსგავსად, გეოცენტრულ მოდელს ეყრდნობოდა.[3]
თავდაპირველად რეფორმა კათოლიკურმა ქვეყნებმა და მათმა კოლონიებმა მიიღეს. შემდეგი სამი საუკუნის განმავლობაში „გაუმჯობესებულ კალენდარზე“ გადავიდნენ პროტესტანტული და მართლმადიდებლური ქვეყნები, რომელთაგანაც ბოლო საბერძნეთი იყო, სადაც კალენდარი 1923 წელს, მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის მიიღეს.[4] გარდამავალი პერიოდის თარიღების არაორაზროვნად მისათითებლად დოკუმენტებსა და ისტორიულ ტექსტებში დაიწყეს ორმაგი დათარიღების გამოყენება, რომელსაც ძველი სტილი და ახალი სტილი ეწოდება. XX საუკუნეში მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობამ გრიგორიანული კალენდარი მიიღო, სულ მცირე, სამოქალაქო მიზნებისთვის.