XIV საუკუნის იტალიელი პოეტი From Wikipedia, the free encyclopedia
დანტე ალიგიერი (იტალ. Dante Alighieri; დ. მაისი 1265, ფლორენცია, — გ. 14 სექტემბერი, 1321, რავენა) — იტალიელი პოეტი, მწერალი და მოაზროვნე. „ღვთაებრივი კომედიის“ სახელით ცნობილი მისი მთავარი თხზულება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული შედევრი და იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი მხატვრული ნაწარმოებია.
დანტე ალიგიერი | |
---|---|
იტალ. Dante Alighieri | |
დაბადების თარიღი | 1265[1] [2] |
დაბადების ადგილი | ფლორენცია, ფლორენციის რესპუბლიკა[3] [4] [2] |
გარდაცვალების თარიღი | 14 სექტემბერი, 1321[3] [2] |
გარდაცვალების ადგილი | რავენა, პაპის ოლქი[3] [4] [2] |
დასაფლავებულია | დანტეს საფლავი, Quadrarco di Braccioforte და Quadrarco di Braccioforte |
საქმიანობა | პოეტი[5] [6] [2] , მწერალი[7] [5] [8] , პროზაიკოსი, პოლიტიკოსი[9] , ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, ინტელექტუალი და ენათმეცნიერი[10] |
ენა | იტალიური ენა და ლათინური ენა[2] |
მოქალაქეობა | ფლორენციის რესპუბლიკა |
Magnum opus | ღვთაებრივი კომედია[2] , Convivio[2] , De Monarchia[2] , De vulgari eloquentia[2] , Vita Nuova[2] , Questio de situ et formae aque et terre[2] , Le Rime[2] , Epistles[2] და Eclogues[2] |
მეუღლე | გემა დონატი[2] |
შვილ(ებ)ი | ჯაკოპო ალიგიერი[2] , პიეტრო ალიგიერი და ანტონია ალიგიერი |
ნათესავ(ებ)ი | Sperello di Serego Alighieri[11] |
გავლენა მოახდინეს | |
დანტეს ცხოვრების უმთავრესი ფაქტები მისივე ნაწარმოებებიდან არის ცნობილი. წარმოშობით რომაელ მოქალაქეთა მაღალი ფენიდან ყოფილა. სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სავარაუდოა, რომ იცნობდა არისტოტელეს ეთიკას, ციცერონის რიტორიკას, ჰორაციუსის პოეტიკას, ანტიკრ მწერლობას. გატაცებული იყო ასტრონომიითა და კაბალისტიკით, ფილოსოფიითა და რიტორიკით, ოვიდიუსითა და ვერგილიუსით, რომელსაც სულიერ მასწავლებლად მიიჩნევდა. დანტეს სცოდნია რამდენიმე ენა. დაუფლებული ყოფილა თეოლოგიასა და მეცნიერების სხვადასხვა დარგს.
დანტე პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო გველფების პარტიის წევრი. 1302 წლიდან მას დევნიდა ამავე პარტიის ერთ-ერთი ფრთა. რომში მყოფ დანტე ალიგიერის დაუსწრებლად მიუსაჯეს კოცონზე დაწვა და ქონების კონფისკაცია. ამის შემდეგ დაიწყო მოხეტიალე ცხოვრება, საბოლოო თავშესაფარი კი რავენაში ჰპოვა. სადაც მას მფარველობდა ქალაქის სენიორი გვიდო ნოველო და პოლენტა. გადასახლებამ ღრმა კვალი დაასვა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას. სევდაში და გაჭირვებაში მცხოვრები დანტე განმარტოვდა და, მისივე თქმით, შექმნა „საკუთარი თავის“ პარტია.
დანტე ალიგიერის ახალგაზრდობაში დაუწყია ლექსების წერა. ალეგორიული ხასიათის ლირიკული კრებულით „ახალი ცხოვრება" (1291) დანტემ ახალი ეტაპი დაიწყო იტალიურ ლიტერატურაში. კრებულის მთლიან სტრუქტურაში პროზა და ლექსი ერთმანეთთან ჰარმონიულადაა დაკავშირებული. აქ პირველად გამოჩნდა პოეტის მიჯნურის — ბეატრიჩეს სახე, რომელიც ბოლომდე გაჰყვა მწერლის შემოქმედებას. გრძნობათა სიღრმით, ადამიანის შინაგანი სამყაროს ფსიქოლოგიური წვდომით, პოეტურ სახეთა სრულყოფილებით „ახალი ცხოვრება" პირველი ფსიქოლოგიური რომანია ევროპულ ლიტერატურაში. დანტეს ეკუთვნის ასევე ტრაქტატები: „ხალხური ენისათვის" (ლათინურ ენაზე, 1303–1304), „ნადიმი" (იტალიურ ენაზე, 1303–1304), „მონარქიისათვის" (ლათინურ ენაზე, 1312–1313) და სხვ.
მიწიერი და ზეციური ცხოვრების შეპირისპირება, სიყვარულის ამაღლებული იდეა, დანტესეული სიმბოლიკა და ალეგორია სრულად გამოვლინდა პოემაში „ღვთაებრივი კომედია" (1307–1321). ავტორმა თავის ქმნილებას „კომედია" უწოდა, „ღვთაებრივი" მას პოეტის სიკვდილის შემდეგ დაუმატეს ეპითეტად. პოემას ლაიტმოტივად გასდევს მისტიკური პრინციპი, რომლის მიხედვით იმიერ სამყაროს ჭვრეტა და ხილვა სულის გადარჩენის გზაა. პოემა სამი ნაწილისგან შედგება: „ჯოჯოხეთი", „სალხინებელი" და „სამოთხე".
ქართულად დანტეს „ღვთაებრივი კომედიის" ერთი ნაწილი („ჯოჯოხეთი") პირველად 1933 წელს თარგმნეს კონსტანტინე გამსახურდიამ და კონსტანტინე ჭიჭინაძემ. 1941 წელს თარგმანი დაასრულა („სალხინებელი" და „სამოთხე") და გამოსცა კ. გამსახურდიამ. ამ გამოცემას უძღვის მთარგმნელის ვრცელი შესავალი წერილი — „დანტე ალიგიერი". დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრება" ქართულად თარგმნეს ბაჩანა ბრეგვაძემ და თამაზ ჩხენკელმა (1967, წინასიტყვაობა ოთარ ჯინორიასი).
ერთ-ერთი პირველი ქართველი ავტორი, რომელიც თავის ნარკვევებში შეეხო დანტეს შემოქმედებას, იყო პლატონ იოსელიანი. „ქართველების დანტე" უწოდა შოთა რუსთაველს ისტორიკოსმა მოსე ჯანაშვილმა. თემას „რუსთაველი და დანტე" სპეციალური გამოკვლევები უძღვნეს კ. კაპანელმა, ზ. ავალიშვილმა, ა. მანველიშვილმა, შ. ნუცუბიძემ, ა. ბარამიძემ; მწერლებმა: გ. ნატროშვილმა, კ. ჭიჭინაძემ, ს. ჩიქოვანმა, ა. გაწერელიამ, გ. ასათიანმა. 1983 წელს გამოქვეყნდა დ. ინწკირველის ნაშრომი „დანტე ქართულ ლიტერატურაში". გამოცემათა სერიაში „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება" დაიბეჭდა ცნობილი რუსი მეცნიერის ა. ჯიველეგოვის მონოგრაფია „დანტე ალიგიერი" (1968, მთარგმნელი ლ. ტიტვინიძე, რედ. ო. ჯინორია).
„ღვთაებრივი კომედიისა" და „ახალი ცხოვრების" ცალკეულ რემინისცენციებსა და პერსონაჟთა სახელებს ვხვდებით ქართველ სიმბოლისტი პოეტების (ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი და სხვ.) ლირიკულ ლექსებში. გალაკტიონ ტაბიძემ დანტესადმი თავისი თაყვანისცემა გამოხატა ლექსში „კოსმიური ორკესტრები".
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.