ვაქცინა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაქცინა (ლათ. Vacca ძროხა, Vaccinus ძროხისა) — ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ შეძენილ იმუნიტეტს კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ.[1] როგორც წესი, ვაქცინა შეიცავს აგენტს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმს წააგავს და ხშირად, დამზადებულია მიკრობის, მისი ტოქსინების ან მისი ზედაპირის რომელიმე ცილის მოკლული ან შესუსტებული ფორმებისგან. აგენტი ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რათა ეს აგენტი საფრთხედ აღიქვას, გაანადგუროს და შემდეგში, ამოიცნოს და გაანადგუროს ამ აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი მიკროორგანიზმი, რომელსაც ის შეიძლება მომავალში გადაეყაროს. ვაქცინა შეიძლება იყოს პროფილაქტიკური (რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს მომავალში ბუნრბრივი პათოგენით გამოწვეული ინფექციის ეფექტები) ან თერაპიული (რათა ებრძოლოს დაავადებას, რომელიც უკვე განვითარებულია, მაგალითად, კიბოს).[2][3][4][5]
ვაქცინის მიღებას ვაქცინაცია ეწოდება. ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია.[6] ვაქცინაციის შედეგად მიღებულმა საყოველთაო იმუნიტეტმა მსოფლიო მასშტაბით ამოძრიკვა ინფექციური დაავადება ყვავილი და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მნიშვნელოვნად შეზღუდა ისეთი დაავადებები, როგორებიც არის პოლიომიელიტი, წითელა და ტეტანუსი. ვაქცინაციის ეფექტიანობა ფართოდ არის შესწავლილი და დადასტურებული;[7] მაგალითად, ეფექტიანობა დაამტკიცეს ისეთმა ვაქცინებმა, როგორებიცაა გრიპის ვაქცინა,[8] ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა,[9] ჩუტყვავილას ვაქცინა.[10] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ამჟამად ლიცენზირებული ვაქცინები არსებობს 25 სხვადასხვა პრევენცირებადი ინფექციის წინააღმდეგ.[11]
ტერმინი ვაქცინა და ვაქცინაცია მომდინარეობს Variolae vaccinae-დან (ძროხის ყვავილი); ეს ტერმინი ედუარდ ჯენერმა (რომელმაც შექმნა ვაქცინის კონცეპტი და პირველი ვაქცინა) მოიგონა ძროხის ყვავილის ვირუსის აღსანიშნავად. ეს ფრაზა მან 1798 წელს გამოიყენა თავის წიგნის სათაურში: „კვლევა Variolae vaccinae-ისა, აგრეთვე ცნობილი როგორც ძროხის ყვავილი“, რომელშიც ის აღწერდა ძროხის ყვავილის ვირუსის დამცავ ეფექტს ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ.[12] 1881 წელს, ლუი პასტერმა წამოაყენა წინადადება, რომ ჯენერის პატივსაცემად, ეს ტერმინი უნდა გავრცელებულიყო ახალ დამცავ აცრებზეც, რომლებსაც მაშინ ქმნიდნენ.[13]