From Wikipedia, the free encyclopedia
2020 წლის აღწერის მიხედვით ინდონეზიის მოსახლეობა 270.2 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 237.64 მილიონ ადამიანს უდრიდა.[1][2] ინდონეზიის მოსახლეობის დაახლოებით 55% იავაზე ცხოვრობს, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით კუნძულებს შორის პირველ ადგილზეა.
მიუხედავად იმისა, რომ 1967 წლიდან ინდონეზიაში ოჯახის დაგეგმვის ეფექტური პროგრამა ხორციელდება,[3] ქვეყნის მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 2010-იან წლებში საშუალოდ 1.1%-ს აღემატებოდა და ათწლეულში თითქმის 13%-ით გაიზარდა. მოსახლეობის ზრდის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ინდონეზიის მოსახლეობის აშშ-ის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბოს.[4]
დასავლურ სახელმწიფოებთან შედარებით ინდონეზიას უფრო ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს, თუმცა შობადობის დონის შემცირებისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდის შედეგად მოსახლეობა უფრო ბერდება. 2017 წელს ინდონეზიის მოსახლეობის მედიანური ასაკი 30.2 წელი იყო.[5] ინდონეზია მრავალ ეთნიკურ, კულტურულ და ლინგვისტურ ჯგუფს მოიცავს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინდონეზიური ენა ოფიციალური ენაა და საკომუნიკაციოდ, განათლების სფეროში, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებში გამოიყენება. ბევრი ინდონეზიელისთვის პირველი ენა ადგილობრივი ეთნიკური ენაა.
ინდონეზიაში 1340 ეთნიკური ჯგუფია აღიარებული, რომელთა უმრავლესობას ავსტრონეზიელი ხალხები შეადგენენ.[6][7] მოსახლეობის 95% ადგილობრივი ინდონეზიური წარმომავლობისაა.
ეთნიკური კლასიფიკაციის მიხედვით უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს იაველები წარმოადგენენ. ისინი ინდონეზიის მოსახლეობის 40%-ს შეადგენენ და მეტწილად კუნძულ იავაზე არიან კონცენტრირებულები, განსაკუთრებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში. შემდეგი უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს სუნდები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად იავის დასავლეთ ნაწილსა და სუმატრის სამხრეთ ბოლოში ცხოვრობენ. სუნდის სრუტეს სახელი სწორედ მათ პატივსაცემად ეწოდა. დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფებს მალაიები, ბატაკები, მადურები, ბეტავები, მინანგკაბაუები და ბუგისები წარმოადგენენ.
ინდონეზია სეკულარული სახელმწიფოა და ქვეყანაში მრავალი რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ. ინდონეზია მსოფლიოში უდიდესი მუსლიმური სახელმწიფოა. 2018 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 86.7% ისლამის მიმდევარია. მოსახლეობის 10.72% ქრისტიანობის მიმდევარია (მათგან 70% პროტესტანტია), 1.75% ინდუისტია, 0.77% ბუდისტი, ხოლო 0.07% სხვა რელიგიების მიმდევარია. ინდონეზიელი ინდუისტების დიდი ნაწილი ბალიელია,[8] ხოლო ბუდისტების დიდი ნაწილი ჩინელია. ინდონეზიაში ათეისტების მიმართ ოფიციალური დისკრიმინაციული პოლიტიკა ტარდება. აჩეჰის პროვინციაში შარიათის კანონები მოქმედებს და რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა ხორციელდება.[9]
ინდონეზიაში ისლამის ისტორია კომპლექსურია და ინდონეზიური კულტურების მრავალფეროვნებას ირეკლავს. არაბი მუსლიმი ვაჭრები ინდონეზიის არქიპელაგზე ადრეული VIII საუკუნიდან ჩადიოდნენ..[10] ინდონეზიაში მუსლიმი თემის შესახებ პირველი ცნობები მარკო პოლოს ჩანაწერებშია მოცემული, რომლებიც 1297 წლით თარიღდება.[11] XV–XVI საუკუნეებში ისლამის გავრცელებას სუმატრასა და იავაზე მალიქ იბრაჰიმის, ხოლო ჩრდილოეთ იავაზე ჯენ ხეს მისიონერულმა მოღვაწეობამ შეუწყო ხელი, ისევე, როგორც სულთნების კამპანიებმა ინდუისტური და ბუდისტური სამეფოების წინააღმდეგ. ჩრდილოეთ და სამხრეთ სუამტრაზე, დასავლეთ და ცენტრალურ იავასა და სამხრეთ კალიმანტანზე ოთხი სასულთნო შეიქმნა, რომლებმაც ისლამი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს და როგორც ერთმანეთის, ისე ინდუისტური და არამუსლიმი ხალხების წინააღმდეგ ომები გააჩაღეს.
ინდონეზიის ოფიციალური ენა ინდონეზიური ენაა, თუმცა მოსახლეობის ნაწილისთვის მშობლიური ენა ადგილობრივი ენებია. ინდონეზიაში 737 ცოცხალ ენაზე საუბრობენ,[12] t რაც მსოფლიოს ენების 10%-ს შეადგენს[13] და მეორე მაჩვენებელია (პაპუა-ახალი გვინეის შემდეგ[14]). ენების დიდი ნაწილი ავსტრონეზიულ ენათა ჯგუფს, ხოლო 270 პაპუასურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.[15]
ინდონეზიაში ენები 9 კატეგორიად იყოფა: სახელმწიფო ენა, ადგილობრივი გამოყენების აბორიგენული ენები, რეგიონული ლინგვა-ფრანკა, უცხო და დამატებითი ენები, კულტურული მემკვიდრეობის ენები, ენები რელიგიურ დომენში, ინგლისური, როგორც ლინგვა-ფრანკა და ჟესტების ენა.[16][17] ყველაზე მეტი ადამიანი იავურ და სუნდურ ენაზე საუბრობს. დასავლეთ ახალ გვინეაში 270 ადგილობრივ ენაზე საუბრობენ.[18][19] ინდონეზიაში საუბრობენ ჩინური ენის ჩინურ დიალექტებზეც.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის მიხედვით მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგია: 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი — 23.33%, 15-65 წლის ასაკობრივი ჯგუფი — 70.72%, 65+ წლის ასაკობრივი ჯგუფი — 5.95% (2020 წლის აღწერის მიხედვით).[20] 2020 წლისთვის მედიანური ასაკი 31.1 წელს უდრის: ქალებისთვის - 31.8 წელია, ხოლო მამაკაცებისთვის — 30.5%.
2022 წელს შობადობის დონე 15.32‰, ხოლო მოკვდაობის დონე 6.75‰-ია. ამავე წელს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი 0.79% იყო. ურბანული მოსახლეობის წილი 57.9%-ია.
2011 წლის მონაცემებით ინდონეზიის 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 92.81%-მა იცოდა წერა-კითხვა: მამაკაცების 95.5%-მა, ხოლო ქალების 90.4%-მა. საჯარო სკოლებში განათლების მიღება უფასოა. 12 კლასის გავლა სავარდებულოა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.