From Wikipedia, the free encyclopedia
მინისტრი — მთავრობის წევრი, სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, თვალ-ყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებს, პრემიერ მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე, წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ[1].
საქართველოში მინისტრი არის სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე[2]. მისი კომპეტენცია და უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, მინისტრი:
თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე[3].
მინისტრი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით[4].
მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი[5].
საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის[6].
მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისას, გარდაცვალებისას, თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის აქტის საფუძველზე გათავისუფლებისას, მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, მთავრობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით[7].
მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მინისტრს შეუძლია გადადგეს, თუ არსებობს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი პრინციპული უთანხმოება, საჯარო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს, აგრეთვე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობისას, რომელიც ხელს უშლის სამსახურებრივი უფლებამოსილების აღსრულებას[8].
მინისტრის გადადგომის ან გადადგომაზე მოტივირებული უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში მინისტრი ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ის ამავე დროს ინარჩუნებს უფლებას, გათავისუფლდეს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით[9].
მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი — მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე. პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას[10].
მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. იგი ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას მინისტრის არყოფნისას[10].
პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას[11].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.