პელე
From Wikipedia, the free encyclopedia
პელე (პორტ. Pelé), ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ (პორტ. Edson Arantes do Nascimento; დ. 23 ოქტომბერი, 1940[9][10], ტრეს-კორასოინსი, ბრაზილია — გ. 29 დეკემბერი, 2022, ბრაზილია[11]) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად[12][13][14][15][16][17][18]. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“[19]. იმავე წელს ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა „France Football-მა“ საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხა ოქროს ბურთის მფლობელები; პირველ ადგილზე გავიდა პელე[20]. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სააგენტო „Reuters-მა“, ხოლო 2001 წელს გაზეთმა „L'Équipe-მა“ პელე საუკუნის სპორტსმენად დაასახელა[21]. თავისი საფეხბურთო კარიერის დროს, ის ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო[22][23][24].
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პელე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პელე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ | ||
დაბადების თარიღი | 23 ოქტომბერი, 1940 | ||
დაბადების ადგილი | ტრეს-კორასოინსი, ბრაზილია | ||
გარდაცვალების თარიღი | 29 დეკემბერი, 2022 (82 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | ბრაზილია | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი[1][2][3][4] შემტევი ნახევარმცველი[5][6][7][8] | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1953–1956 | ბაურუ | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1956–1974 | სანტოსი | 605 | (589) |
1975–1977 | ნიუ-იორკ კოსმოსი | 56 | (31) |
სულ | 661 | (620) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1957–1971 | ბრაზილია | 92 | (77) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით[25]. სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში[26][27]. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა[28][29][30]. აქტიურად მონაწილეობს სოციალური ვითარების გაუმჯობესების კამპანიებში (თავისი მე-1000 გოლი ბრაზილიის ღარიბ ბავშვებს მიუძღვნა)[31]. მოიხსენიებენ როგორც „შავ მარგალიტს“ (Pérola Negra), „ფეხბურთის მეფეს“ (O Rei do Futebol)[29][32][33][34].
პელემ საფეხბურთო კლუბ სანტოსში თამაში 15 წლის ასაკში დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა, ხოლო როდესაც თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო, 17 წლის იყო[35]. ევროპული კლუბებისაგან უამრავი შემოთავაზებების მიუხედავად, პელეს ბრაზილია არ დაუტოვებია. 1961 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა ჟანიუ კუადროსმა ფეხბურთელი „ოფიციალურ ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა[36][37][38][39], რამაც სანტოსს საშუალება მისცა პელე 1974 წლამდე შეენარჩუნებინა. სანტოსთან ერთად, ფეხბურთელმა 1962 და 1963 წლებში ლიბერტადორესის თასი მოიგო, სამხრეთი ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი[40][41][42].
სანახაობრივმა თამაშმა და გოლებმა პელე მსოფლიო ვარსკვლავად აქცია, რის გამოც „სანტოსი“ მრავლად აწყობდა საერთაშორისო ტურნეებს.[29] სათამაშო კარიერის დროს, ის უკან დაწეულ თავდამსხმელად თამაშობდა.[5][29][43][44]
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მონაწილეობს სხვადასხვა საფეხბურთო და კომერციულ ღონისძიებებში. 2010 წელს დასახელდა „ნიუ-იორკ კოსმოსის“ საპატიო პრეზიდენტად.[45]