რიო-დე-ჟანეირო
ქალაქი ბრაზილიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან რიო[1] — ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი, მესამე უმსხვილესი მეტროპოლია და აგლომერაცია სამხრეთ ამერიკაში. საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ[2][3] იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში და 26-ე მსოფლიოში.[4] ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. აგლომერაციის მოსახლეობა სავარაუდოდ 13 მილიონს აღწევს. ქალაქის მცხოვრებლებს „კარიოკებს“ (პორტ. cariocas) უწოდებენ, თავად რიოს კი ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ ქალაქს“ (Cidade Maravilhosa).
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „რიო-დე-ჟანეირო“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. რიო-დე-ჟანეირო ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
რიო-დე-ჟანეირო Município do Rio de Janeiro | |||||
| |||||
ქვეყანა | ბრაზილია | ||||
რეგიონი | სამხრეთ-აღმოსავლეთისამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი (ბრაზილია)|სამხრეთ-აღმოსავლეთი | ||||
შტატი | რიო-დე-ჟანეირო | ||||
შიდა დაყოფა | კოპაკაბანა და South Zone of Rio de Janeiro | ||||
კოორდინატები | 22°54′30″ ს. გ. 43°11′47″ დ. გ. | ||||
მერი | ედუარდუ პაესი | ||||
დაარსდა | 1 მარტი, 1565 წ. | ||||
პირველი ხსენება | 1502 | ||||
ფართობი | 1 260 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 — 1 021 მ | ||||
მოსახლეობა | 6 323 037 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 4 781 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 12 387 000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-3, ზაფხულში UTC-2 | ||||
სატელეფონო კოდი | +55 21 | ||||
საფოსტო ინდექსი | 20000-000 | ||||
საავტომობილო კოდი | RJ | ||||
ოფიციალური საიტი | rio.rj.gov.br | ||||
თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში რიო ქვეყნის დედაქალაქი იყო, ჯერ პორტუგალიიის კოლონიურ ხანაში, 1763—1815 წლებში, 1815—1821 წლებში პორტუგალიის, ბრაზილიისა და ალგარვეს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, 1822—1960 წლებში კი დამოუკიდებელი ბრაზილიის დედაქალაქი. 1960 წელს დედაქალაქის სტატუსი ახლად აშენებულ ქალაქ ბრაზილიას გადაეცა.
რიო-დე-ჟანეიროს მშპ მეორე უდიდესია ქვეყანაში,[5] 30-ე მსოფლიოში (2008)[6] და დაახლოებით R$ 343 მლრდ-ს შეადგენს. ქალაქში განთავსებულია ბრაზილიის ორი უმსხვილესი კომპანიის Petrobras-სა და Vale-ს სათავო ოფისები, ისევე როგორც სხვა ბრაზილური ნავთობკომპანიებისა და სატელეფონო კომპანიების ოფისები. გარდა ამისა, რიოში ფუნქციონირებს ლათინურ ამერიკაში უმსხვილესი, მედიისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კონგლომერატი — გლობო. ქალაქში მრავალი უნივერსიტეტი და ინსტიტუტია და წარმოადგენს ბრაზილიის მეორე უდიდეს კვლევით ცენტრს; 2005 წლის მონაცემებით, ქვეყნის სამეცნიერო პროდუქციის 17% რიოში იწარმოება.[7]
რიო-დე-ჟანეირო მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ეს ღონისძიება სამხრეთ ამერიკის ქალაქში ჩატარდება.[8] ასევე, მარაკანას სტადიონი უმასპინძლებს 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს.[9]