![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/4/42/Blade_runner_xlg.jpg/640px-Blade_runner_xlg.jpg&w=640&q=50)
სამართებელზე მორბენალი
From Wikipedia, the free encyclopedia
„სამართებელზე მორბენალი“ (ინგლ. Blade Runner) — 1982 წლის ამერიკული ნეო-ნუარული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია რიდლი სკოტი. მთავარ როლებს ასრულებენ ჰარისონ ფორდი, რუტგერ ჰაუერი, შონ იანგი და ედვარდ ჯეიმზ ოლმოსი. სცენარის ავტორები არიან ჰემპტონ ფენჩერი და დევიდ პიპლზი. ფილმი წარმოადგენს მწერალ ფილიპ დიკის 1968 წლის რომანის „ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“ ნაწილობრივ ადაპტაციას.[6][7] მისი მოქმედება მიმდინარეობს უტოპიურ ლოს-ანჯელესში, 2019 წელს, მომავალში, რომელშიც სინტეზირებულ ადამიანებს, ცნობილებს, როგორც რეპლიკანტებს, ქმნის Tyrell Corporation და სხვა პლანეტებზე ასახლებს. მას შემდეგ, რაც ამბოხებული რეპლიკანტები როი ბეტის (ჰაუერი) მეთაურობით ბრუნდებიან დედამიწაზე, ძველი პოლიციელი რიკ დეკარდი (ფორდი) თანხმდება უკანასკნელი დავალების შესრულებაზე და ამ ჯგუფის წევრებს პოულობს და ანადგურებს. იგი აგრეთვე ხვდება უფრო დახვეწილ რეპლიკანტს, რეიჩელს (იანგი), რომელიც დააფიქრებს მიცემულ დავალებაზე.
„სამართებელზე მორბენალი“ | |
---|---|
![]() | |
რეჟისორი | რიდლი სკოტი |
პროდიუსერი | მაიკლ დილი |
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება |
ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? — ფილიპ კინდრედ დიკი |
როლებში |
|
მუსიკა | ვანგელისი |
ოპერატორი | ჯორდან კრონენუეთი |
მონტაჟი |
|
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 117 წთ.[1] |
ქვეყანა | აშშ[2][3] |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 28 მილიონი აშშ დოლარი[4] |
შემოსავალი | 33.8 მილიონი აშშ დოლარი[5] |
„სამართებელზე მორბენალი“ ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავებაში თავდაპირველად წარუმატებელი იყო და ორ ბანაკად გახლიჩა კრიტიკოსები, რომელთა ნაწილს მოსწონდა მისი თემატური დატვირთვა და ვიზუალური მხარე, ხოლო მეორეს — არატიპური განვითარება და სიუჟეტი. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში მან საკულტო ფილმის სტატუსი შეიძინა,[8] და ამჟამად მრავალი კრიტიკოსის მიერ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ კინონამუშევრად ითვლება. თავისი, რეტროსთან გაერთიანებული დიზაინის მეშვეობით მომავლის ასახვით,[9] „სამართებელზე მორბენალი“ კვლავ არის ნეო-ნუარული კინოს ნათელი მაგალითი,[10] რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა შემდგომში შექმნილ მრავალ ფილმზე, ვიდეო თამაშზე, ანიმეს ჟანრზე თუ ტელესერიალებზე. მისი საუნდტრეკი, დაწერილი ვანგელისის მიერ, ასევე არის ფართოდ აღიარებული კრიტიკოსების მიერ და 1983 წელს ნომინირებული იქნა BAFTA-ს და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე საუკეთესო კინომუსიკის კატეგორიებში.
„სამართებელზე მორბენალის“ შემდეგ ჰოლივუდი დაინტერესდა ფილიპ დიკის შემოქმედებით და შემდგომში მისი ნაწარმოების რამდენიმე ეკრანიზაცია გამოვიდა.[11] რიდლი სკოტი მას თვლის თავის, „შესაძლოა“, ყველაზე სრულყოფილ და პირადულ ნაშრომად.[12][13] საპრემიერო წელს ფილმმა მიიღო ჰიუგოს პრემია საუკეთესო დრამატული დადგმისთვის, ხოლო 1993 წელს ფილმების ეროვნულმა რეესტრმა იგი აირჩია კონგრესის ბიბლიოთეკაში შესატანად, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნამუშევარი“.
არსებობს ფილმის შვიდი სხვადასხვა ვერსია, რაც ძირითადად გამოწვეულია სტუდიის მმართველობის მხრიდან არსებული შენიშვნებით. 1992 წელს გამოვიდა რეჟისორის ვერსია, რომელიც, მიუხედავად ვიდეოს და აუდიოს ხარისხის, იქცა ერთ-ერთ პირველ ფილმად, რომელიც DVD-ზე გამოიცა.[14] 2007 წელს მომზადდა „საბოლოო მონტაჟი“ — ციფრულად აღდგენილი ვერსია, ერთადერთი, რომელზეც სკოტი თავად მუშაობდა.[15] იგივე ვერსია. გარდა რამდენიმე კინოთეატრში ჩვენებისა, გამოვიდა DVD, HD DVD და Blu-ray ფორმატებში.[16] გაგრძელება, „სამართებელზე მორბენალი 2049“, გამოვიდა 2017 წლის ოქტომბერში.[17]