სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამოქალაქო ომი — ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოს შიგნით არსებულ დაპირისპირებულ ძალებს შორის სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. სამოქალაქო ომის, როგორც სხვადასხვა ჯგუფებს შორის ქვეყნის შიდა ძალადობრივი კონფლიქტის მიზანია, ძალაუფლების მოპოვება ცენტრალურ თუ რეგიონალურ დონეზე ან ხელისუფლების შეცვლა[1]. სამოქალაქო ომი მაღალი სიხშირის მქონე ომია, რომელშიც ძირითადად ჩართულია შეიარაღებული ძალები, რომლებიც რომელიმე მხარესაა მიმხრობილი, არის ორგანიზებული და ფართო მასშტაბების. სამოქალაქო ომის შედეგი შეიძლება იყოს, ადამიანური და მატერიალური რესურსების მხვილ მასშტაბებში დაკარგვა[2]. თანამედროვე სამოქალაქო ომები, ხშირ შემთხვევებში გარე ძალების მხრიდან ჩარევებსაც გულისხმობენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდარი სამოქალაქო დაპირისპირებების უმრავლესობაში საერთაშორისო ინტერესები დომინირებდნენ[3].
სამოქალაქო ომში ერთი მხარე იბრძვის არსებული პოლიტიკური რეჟიმისა და სახელმწიფო წყობილების შენარჩუნებისათვის, ხოლო მეორე მხარე - ახალი პოლიტიკური რეჟიმის დასამყარებლად, თავის უფლებათა დასაცავად.
უკანასკნელ ათწლეულებში სამოქალაქო ომების რიცხვმა მკვეთრად იმატა. ეს, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმ სახელმწიფოთა რიცხვის ზრდით, რომელთა უმრავლესობა აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ყოფილი კოლონიური ქვეყანაა. ამ ქვეყანაში ეთნიკური, ტომობრივი, რელიგიური, პარტიული თუ კლანური დაპირისპირებები ჩვეულებრივი მოვლენაა და ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამოქალაქო ომის გაჩაღებისათვის; მეორე მხრივ, გარკვეული წინააღმდეგობა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ორ - ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის - პრინციპს შორის არსებობს, სამოქალაქო ომისათვის მრავალ მიზეზს წარმოშობს. ასევე მხედველობაში მისაღებია საერთაშორისო ტერორიზმის მზარდი როლი, რაც გამოიხატება უკანონო სამხედრო ძალების შექმნით და მათი გაგზავნით სამოქალაქო ომის კერებში ამა, თუ იმ მხარისათვის მხარდაჭერის მიზნით, რაც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია.