From Wikipedia, the free encyclopedia
სკინჰედი — ახალგაზრდული სუბკულტურის წევრი, რომელიც აგრესიული მასკულინური ვარცხნილობითა და ჩაცმულობის სტილით გამოირჩევა, მათ შორის გადაპარსული თავითა და მასიური ჩექმებით.[1] სკინჰედთა სუბკულტურა 1960-იანი წლების ლონდონის მუშათა კლასში წარმოიშვა და მალევე გაერთიანებული სამეფოს სხვა ტერიტორიებზეც გავრცელდა, რის შემდეგაც 1970-იანი წლების დასასრულს მუშათა კლასის სკინჰედთა მოძრაობის მეორე ტალღამ უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა. სკინჰედების მოძრაობამ პიკს 1960-იან წლებში მიაღწია, 1980-იან წლებში აღორძინება განიცადა, რის შემდეგაც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ გამოჩნდა.
განვითარების ადრეულ სტადიაზე არსებობდა გარკვეული თანაკვეთა სკინჰედების სუბკულტურას, მოდების სუბკულტურასა და ბრიტანეთში იამაიკელი იმიგრანტების მიერ შეტანილ „უხეში ბიჭების“ სუბკულტურას შორის.[2] სკინჰედები უსმენდნენ სკას, როკსტედის და რეგის, ასევე აფროამერიკულ სოულს და რიტმ-ენდ-ბლუზს.[2][3][4]
1970-იანი წლების გვიან და 1980-იანი წლების დასაწყისში სკინჰედების სუბკულტურაზე გავლენა იქონია პანკის მოძრაობამ. სუბკულტურის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა Oi! მუსიკა, რომელიც პანკ-როკის განშტოებაა. იამაიკური ჟანრები, რომლებსაც პირველი თაობის სკინჰედები უსმენდნენ, ჩანაცვლდნენ Oi!-ით და ნიუ უეივის სტილით, რომელსაც 2 ტონს უწოდებდნენ. ამის წყალობით სკინჰედების სუბკულტურა უფრო მრავალფეროვანი გახდა.[5]
1980-იან წლებში გაიზარდა პოლიტიკური დაყოფა სკინჰედებს შორის, თუმცა ბევრი მათგანი თავს აპოლიტიკურად მოიხსენიებდა. დიდ ბრიტანეთში სკინჰედთა სუბკულტურა საზოგადოებისათვის ნაციონალისტურ პარტიებთან, ეროვნულ ფრონტთან და ბრიტანულ მოძრაობასთან გახდა ასოცირებული[6], რომლებმაც აქცენტი ქუჩის სუბკულტურების წარმომადგენლების მობილიზებაზე გააკეთეს 1970-იან წლებში. ევროპასა და ამერიკაში ფართოდ გავრცელდა ნაციონალ-სოციალისტი სკინჰედების სუბკულტურა, რის საპასუხოდაც წარმოიშვა ჯგუფი „სკინჰედები რასობრივი ცრურწმენების წინააღმდეგ“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.