From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის პოლიტიკა ხორციელდება საპარლამენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკის პირობებში, რომლის დროსაც სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი, ხოლო მთავრობისა და მრავალპარტიული სისტემის მეთაური პრემიერ-მინისტრია. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და მთავრობა. რაც შეეხება საკანონმდებლო ძალაუფლებას, იგი მთავრობასა და პარლამენტს შორის ნაწილდება[1][2][3].
1918 წლის 28 მაისს სომხეთმა რუსეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, რა დროსაც შეიქმნა სომხეთის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დამოუკიდებლობამდე ცოტა ხნით ადრე, იგი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო. ჯერ თურქებისა და აზერბაიჯანელების, შემდეგ კი საბჭოთა ჯარების შემოჭრის გამო, 1920 წლის 2 დეკემბერს სომხეთის პირველი მთავრობა გადადგა. საბჭოთა რუსეთმა ხელახლა აიღო სომხეთში ძალაუფლება. უკვე 1936 წელს სომხეთი, როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საბოლოოდ გახდა სსრკ-ს შემადგენელი ნაწილი. მოგვიანებით მას სომხეთის მეორე რესპუბლიკაც ეწოდა.
საბჭოთა კავშირის შლის პირობებში, 1991 წელს სომეხმა მოსახლეობამ რეფერენდუმში მხარი დაუჭირა გამოყოფას. ამის შემდეგ სომხეთი დემოკრატიული რესპუბლიკა ხდება, რითაც შეიქმნა მისი მესამე რესპუბლიკა. ამას მოჰყვა 1991 წლის ოქტომბრის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ხმათა 84 %-ით გაიმარჯვა ლევონ ტერ-პეტროსიანმა. 1996 წელს იგი ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. მთიან ყარაბაღში მის მიერ გატარებული პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილებისა და სახალხო გამოსვლების გამო, პეტროსიანი 1998 წელს გადადგა თანამდებობიდან. იმავე წლის მარტში მეორე პრეზიდენტად პრემიერ-მინისტრი რობერტ ქოჩარიანი აირჩიეს. მისი მმართველობისას, 1999 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარქისიანის, პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჭიანისა და კიდევ ექვსი ჩინოვნიკის მკვლელობას ქვეყანაში არასტაბილურობის პერიოდი მოჰყვა. ამ დროს ოპოზიციური ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ ქოჩარიანის გადაყენებას. 2000 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრი არამ სარქისიანი (მოკლული ვაზგენ სარქისიანის ძმა) ხდება ანდრანიკ მარგარიანის ნაცვლად.
2003 წელს ქოჩარიანის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას მოჰყვა სერიოზული ბრალდებები არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით. უკვე 2004 წელს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებული მოწოდებები გახშირდა და ქუჩაში ათასობით დემოსტრანტი გამოვიდა, რომლებიც რეფერენდუმს ითხოვდნენ.
სომხეთის მთავრობის ცნობილ მიზანს წარმოადგენდა დასავლური სტილის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლები ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ სომხური არჩევნებისა თუ რეფერენდუმების შედეგებს. მიუხედავად ამისა, სომხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნად ითვლება.
სომხეთში ადამიანთა უფლებების დაცვა არათანაბარია და ხარვეზულობით გამოირჩევა. საერთაშორისო დამკვირვებელთა განცხადებით, აქაური პოლიტიკა ერთობ სასტიკია. ჯერ კიდევ ხშირად სცემენ და ფიზიკურად უსწორდებიან ბრალდებულებს აღიარებითი ჩვენებების მოსაპოვებლად. როგორც წესი, საზოგადოებრივ დემონსტრაციებსა და პროტესტს მთავრობის ჩარევა არ მოჰყვება ხოლმე, თუმცა 2000 წელს ორგანიზებული გამოსვლების ორგანიზატორები დააპატიმრეს. არსებული კანონმდებლობით არც რელიგიის თავისუფლებაა ბოლომდე დაცული. არატრადიციული აღმსარებლობები, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეები, ექვემდებარებიან სასტიკ შევიწროვებას, ზოგჯერ კი პირდაპირ ძალადობას. ქვეყანაში გაბატონებული სომხური სამოციქულო ეკლესიის გარდა ყველა რელიგია დარეგისტრირებული უნდა იყოს. თუმცაღა, 1997 წლიდან რელიგიური უმცირესობების მიმართ მთავრობა ზომიერ პოლიტიკას ატარებს, რაც სომხეთის ევროსაბჭოში გაერთიანების ნაწილია.
სომხეთის მთავრობა ერთობ ამაყია იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დაცვის მაჩვენებლით. მთავარ უმცირესობებს სომხეთში რუსები, ქურთები, იეზიდები და ასირიელები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ასამბლეაში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ოთხი ადგილი უკავიათ. მთავრობა ასევე არ ზღუდავს შიდა და საზღვარგარეთ მოგზაურობას.
2015 წლის დეკემბერში ჩატარებული რეფერენდუმით დამტკიცდა სომხეთის გარდაქმნა ნახევრად საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად[4].
ამის შედეგად, პრეზიდენტს ჩამოერთვა ვეტოს დადების უფლება[5] და პრეზიდენტის თანამდებობა დაქვეითდა უბრალოდ ლიდერის პოზიციამდე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ. პრეზიდენტს არ აქვს უფლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და მისი მეორედ არჩევა აკრძალულია[6].
2018 წელს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტად არმენ სარქისიანი აირჩია[7]. სულ ერთ თვეში დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრიც ნიკოლ ფაშინიანის სახით. მისმა წინამორბედმა სერჟ სარქისიანმა თანამდებობა ორი კვირით ადრე დატოვა ფართო ანტისამთავრობო დემონსტრაციების გამო[8].
ოფისი | სახელი | სურათი | პარტია | თანამდებობაზე დაინიშნა |
---|---|---|---|---|
პრეზიდენტი | არმენ სარქისიანი | დამოუკიდებელი | 9 აპრილი, 2018 | |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლ ფაშინიანი | საზოგადოებრივი კონტრაქტი | 8 მაისი, 2018 |
სომხეთის საკანონმდებლო შტოს წარმოადგენს სომხეთის ერთპალატიანი ეროვნული კრება.
2015 წლის სომხეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმამდე იგი 131 წევრისაგან შედგებოდა, რომლებიც აირჩეოდნენ ხუთი წლის ვადით: 41 წევრი ერთმანდატიან რეგიონებში 90 კი პროპორციული წარმომადგენლობით[9]. პროპორციული წარმომადგენლობითი მანდატი ენიჭება იმ პარტიათა წარმომადგენლებს, რომლებიც ხმათა საერთო რაოდენობის 5%-ს ან მეტს აიღებენ.
2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ მისი წევრების რაოდენობა 131-დან 101-მდე შემცირდა და ერთმანდატიანი ოლქები ამოიღეს[9].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.