ზეახალი ვარსკვლავი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზეახალი ვარსკვლავი (ლათ. supernova [ˌsuːpərnoʊvə] (მხ. რ.), supernovae [ˌsuːpərnoʊviː] (მრ. რ.), ტერმინი გამოიგონეს ასტრონომებმა — ვალტერ ბაადემ და ფრიც ზვიკიმ 1931 წელს) — ვარსკვლავი, რომლის ბრწყინვალება რამდენიმე წამში იზრდება, დაახლოებით, 20 ვარსკვლავიერი სიდიდით, შემდეგ კი შედარებით ნელა მცირდება და პირვანდელ ნათებასთან საერთო აღარაფერი აქვს. ზეახალი ვარსკვლავის ანთება ბევრად დიდი მასშტაბის მოვლენაა, ვიდრე ახალი ვარსკვლავისა. ანთების მაქსიმუმის დროს ზეახალი ვარსკვლავის ბრწყინვალება, თითქმის, უტოლდება იმ გალაქტიკის ბრწყინვალებას, რომელსაც ეკუთვნის. ამ დროს სპექტრში ჩანს ძალიან განიერი ხაზები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვარსკვლავიდან ნივთიერება გამოიტყორცნება 20000 კმ/წმ-მდე სიჩქარით. ზეახალი ვარსკვლავის ანთება იშვიათი მოვლენაა; ცალკეულ გალაქტიკაში, საშუალოდ, საუკუნეში ერთხელ ხდება. მას მერე, რაც XVII საუკუნის დასაწყისი ტელესკოპი გამოიგონეს, ჩვენს გალაქტიკაში ზეახალი ვარსკვლავის ანთება არ შეუნიშნავთ. იმ ადგილებში, სადაც, მატიანეების მიხედვით, ზეახალი ვარსკვლავი აინთო, ამჟამად შეიმჩნევა თავისებური მნათი ნისლეულები, რომლებიც ზეახალი ვარსკვლავის ანთების შედეგადაა წარმოქმნილი. მათგან ყველაზე კარგად შესწავლილია კიბორჩხალისებრი ნისლეული, რომელიც 1054 წელს ანთებული ზეახალი ვარსკვლავის ადგილზე მოჩანს. ამ ზეახალი ვარსკვლავის ნაშთია გამოკვეთილი პულსარი კიბორჩხალისებრ ნისლეულში. ნისლეულის ცენტრალური ნაწილი და პულსარი სპექტრის ვრცელ დიაპაზონში (რადიოდიაპაზონი, რენტგენული დიაპაზონი და სხვა) ასხივებენ. გაფართოების სიჩქარე ამჟამად, დაახლოებით, 1500 კმ/წმ-ია.
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |