ურარტელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ურარტელები[1] — ძვ. წ. IX-VI საუკუნეში არსებული ურარტუს სახელმწიფოს ძირითადი მოსახლეობა. ენის მიხედვით ახლოს დგანან ხურიტებთან (მითანელებთან). ბევრი საერთო აქვთ მათ ღვთაებათა პანთეონშიც (ტავროსის ღვთაება თეიშება - ხურიტული თეშუბი, მისი „მეუღლე“ ქალღმერთი ხუბა - ხურიტული ხეფა, მზის ღმერთი შივინი - ხურიტული შიმიგი და სხვა). ბევრი მკვლევარი ენით ურარტელებს კავკასიელ ხალხებს უკავშირებს (ქართველები, ვეინახები). ურარტელების უძველესი კერა, მათი პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცხოვრების ცენტრი ადრინდელ ხანაში ვანის ტბის სამხრეთ-აღმსავლეთით უნდა ყოფილიყო. ურარტუს სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ურარტელები მალე გაითქვიფნენ სომხურ მოსახლეობაში, აგრეთვე ქართველურ ტომებში, რამდენადაც შეიძლება ვიმსჯელოთ ძველი ქართული სიმღერების მისამღერებში შემონახული ცალკეული ურარტული სიტყვებისა და გამოთქმების მიხედვით.