ფარსმან II ქველი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარსმან II ქველი (ლათ. Pharasmanes II) — იბერიის მეფე II საუკუნის 30–50-იან წლებში. ფარსმანი ალანებისა და ჩრდილოეთის სხვა ტომთა დახმარებით ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძოდა რომის იმპერიას და ცდილობდა მის განდევნას კოლხეთის სამეფოდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარსმანი. |
ფარსმან II | |
---|---|
ფარსმან II ქველი | |
მეფე ფარსმან II ქველის რელიეფი | |
ქართლის (იბერიის) მეფე | |
მმართ. წლები: |
113–129[1] 116–132[2] 116–140[3] 130-ინი–140-იანი წლები.[4] |
წინამორბედი: | ამაზასპ I |
მემკვიდრე: | ადამი |
მეუღლე: | ღადანა |
შვილები: | ადამი |
დინასტია: | ფარნავაზიანი |
რელიგია: | ქართული წარმართობა |
იმპერატორ ადრიანეს (117–138) ბიოგრაფი დეტალურად აღწერს ქართლთან რომის დაძაბულ ურთიერთობას. მისი მონათხრობიდან ჩანს, რომ მეფე ფარსმან II საკმაოდ ძლიერი იყო და იგი რომისაგან გარკვეულ დათმობებსაც კი ღებულობდა. იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138–161) დროს კი ურთიერთობა რომსა და ქართლს შორის გაუმჯობესდა. ფარსმან II ჩავიდა რომში, სადაც მას დიდი შეხვედრა მოუწყვეს და პატივისცემის ნიშნად ცენტრალურ მოედანზე დაუდგეს ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება. დიონ კასიოსის აზრით, ურთიერთობის გაუმჯობესების მიზეზი იყო იმპერატორის მიერ იბერიის შორს გაწეული საზღვრების ცნობა.
ქართული მატიანეების მიხედვით ფარსმან ქველს თანამეფე ჰყავდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ამ თანამეფეს იცნობს ფარსმან ავაზის სახელით, ლეონტი მროველი კი – მირდატის.[5]
ორმეფობის პერიოდის იბერიის მეხუთე მეფე, სატახტო ქალაქით არმაზი, მირდატთან ერთად. პავლე ინგოროყვას მიხედვით: ფარსმან III ქველი. მის თანა-მეფეა (არმაზელი პიტიახში): ფარსმან-ავაზ || ფარნავაზ, 130-იან – 140-იან წლებში.
უილიამ უდუარდ დევიდ ალენის მიხედვით მეფობდა 116–140 წლებში. მას სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველი ეწოდა.
ქართლის ცხოვრება ფარსმანს შემდეგი სახით აღწერს:
ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მჴნე მჴედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უჴორცო და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა.[6]
გაცილებით მყარი ისტორიული წარსულის მქონე თანამედროვე კლასიკური ავტორები, ყურადღებას ამახვილებენ ფარსმანის გართულებულ ურთიერთობებზე რომთან. მან უარი განაცხადა 129 წელს ხლებოდა და ხარკი გადაეხადა იმპერატორ ადრიანესთვის.
ავგუსტუსების ცხოვრების აღმწერელი ერთ-ერთი ავტორის, აელიუს სპარტიანუსის (ლათ. Aelius Spartianus) მიხედვით:
როდესაც ზოგიერთი მეფეთაგანი ეახლა მას. მათ ვინც უარყო იგი, სანანებლად გაუხდათ საქმე. განსაკუთრებული სიმკაცრით მოეპყრო ფარსმანს, რომელმაც ქედმაღლობა გამოიჩინა და აბუჩად აიგდო მისი მიპატიჟება.[7][8]
შემდეგ ფარსმანი გაემგზავრა აღმოსავლეთს და დაარწმუნა ალანები თავს დასხმოდნენ მეზობელ რომაულ პროვინციებს, მის სამეფოზე უსაფრთხოდ გავლის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნების მეეფეებს შორის იმპერატორმა მას მისცა ძვირფასი საჩუქრები, საბრძოლო სპილოს ჩათვლით. ამ გამაღიზიანებელი საქციელის გამო ადრიანემ შემოსა თავისი 300 დამნაშავე მებრძოლი ოქროთი მოქარგული მოსასხამებით, რომელიც შედიოდა ფარსმანის მიმართ გაკეთებულ ძღვენში და გაგზავნა ისინი საბრძოლო ველზე.
სპარტიანუსის მიხედვით:
მან მრავალი მეფის მიმართ გამოავლინა წყალობა. ბევრ მათგანთან დაამყარა მშვიდობა და ბევრი მათგანის მხრიდან ის სიძულვილის ობიექტი გახდა. მრავალ მათგანს უბოძა საჩუქრები, მაგრამ იმდენი არავისთვის უბოძებია რამდენიც იბერიის მეფეს, სადაც შედიოდა სპილო, 50 მეომარი და სხვა მრავალი ძვირფასი ნივთი. ფარსმანისგან მიღებული ძვენიდან, სადაც შედიოდა ოქროთი მოქარგული მოსასხამები, იმპერატორმა საპასუხოდ ბრძოლის ველზე გაგზავნა 300 მსჯავრდებული დამნაშავე, ამ ოქროთი მოქარგული მოსასხამებით შემოსილნი, მეფის შეურაცხსაყოფად.[9]
ფარსმანის მაღალი დონის ვიზიტის შესახებ ადრიანეს მემკვიდრე, ანტონინუს პიუსის მმართველობისას. დიონ კასიოსის მიხედვით, ფარსმანი ჩავიდა რომში, როგორც ანტონინუს პიუსის სტუმარი, თავის ცოლთან და ვაჟთან ერთად, დიდებულების თანხლებით, სადაც მათ განსაკუთრებული პატივით ელოდნენ. ისინი მიპატიჟებულნი იყვნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალზე კაპიტოლიუმში, ცხენოსან ქანდაკებასთან, ბელონას ტაძარში. იმპერატორი აღნიშნავდა მისი იმპერიის ტერიტორიების გაფართოებას. ზემოხსენებული ფარსმანის შვილიშვილია ფარსმან III[10]. ეს ვიზიტი დაფიქსირებულია ფასტი ოსტიენსესის ჩანაწერებში[11].
ქართლის ცხოვრება მიხედვით ფარსმანი მოწამლულ იქნა მზარეულისგან, რომელიც დაქირავებული იყო პართელის მიერ.
მაშინ სპარსთა გება-ყვეს სიმარჯუე ესე, რამეთუ მოიყვანეს მზარეული ერთი, და აღუთქუეს მას კეთილი დიდი, და რქუეს ესრეთ, ვითარმედ: „წარვედ და შემწყნარე ფარსმან ქუელსა, და წარიტანე შენ თანა წამალი სასიკუდინე, და შეუზავე საჭმელსა თანა მისსა და შეაჭამე“. ხოლო წარვიდა მზარეული იგი და ყო ეგრეთ, ვითარცა უთხრეს სპარსთა მათ. და ესრეთ მოკლა ფარსმან მეფე ქუელი.[12]