From Wikipedia, the free encyclopedia
მუჰამედ ფეთჰულაჰ გიულენი (თურქ. Muhammed Fethullah Gülen; დ. 27 აპრილი, 1941) — თურქი მქადაგებელი,[1] ყოფილი იმამი,[1][2] მწერალი[3] და პოლიტიკური ფიგურა;[4] გიულენის მოძრაობის დამფუძნებელი და საკუთარი უმსხივლესი ორგანიზაცია „საერთო ღირებულებების ალიანსის“ მთავარი მამოძრავებელი ფიგურა. ამჟამად, თვით-იძულებით დევნილობაში ცხოვრობს აშშ-ში, პენსილვანიის შტატში.[5][6][7]
ფეთჰულაჰ გიულენი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Fethullah Gülen |
დაბადების თარიღი |
27 აპრილი, 1941 კორუკუკი, ერზურუმი თურქეთი |
რეზიდენცია | პენსილვანია, აშშ |
ეროვნება | თურქი |
მოძრაობა | გიულენის მოძრაობა |
რელიგია | არადენომინაციური ისლამი |
გიულენი ასწავლის ისლამის ჰანაფიტურ ვერსიას, რომელიც სათავეს იღებს სუნიტი მუსლიმი სწავლულის, საიდ ნურსის სწავლებიდან. გიულენის განცხადებით, მას სწამს მეცნიერების, წიგნის ხალხს შორის რელიგიური დიალოგის და მრავალპარტიული დემოკრატიის.[8] იგი გამოვიდა მსგავსი დიალოგის ინიციატივით ვატიკანთან[9] და ზოგიერთ ებრაულ ორგანიზაციასთან.[10]
გიულენი აქტიურადაა ჩართული თურქეთის სახელმწიფოს მომავალთან და თანამედროვე სამყაროში ისლამის როლთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ დებატში. ინგლისურენოვან მედიაში იგი აღწერილია იმამად, „რომელიც მხარს უჭერს შემწყნარებლურ ისლამს, რომელიც ხაზს უსვამს ალტრუიზმს, გულმოდგინედ მუშაობასა და განათლებას“; იგივე მედია მას „მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუსლიმ ფიგურას“ უწოდებს.[11][8]
2013 წლამდე, გიულენი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირე იყო. ალიანსი გახმაურებული კორუფციული სკანდალების შედეგად დაინგრა.[12][13][14][15][16] ერდოღანი გიულენმა კორუფციული საქმეების მართვაში დაადანაშაულა.[17] ამჟამად, გიულენი თურქეთს ტერორისტად ჰყავს შერაცხული[18] და ოფიციალურ დონეზე მას გიულენისტური ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) ლიდერად მიიჩნევენ. თურქეთის კრიმინალურ სასამართლოს გაცემული აქვს მისი დაკავების ორდერი.[19][20] თურქეთი გიულენის ექსტრადაციას დაჟინებით სთხოვს აშშ-ს.[13][21][22] თუმცა, აშშ-ის ხელისუფლებას არ სჯერა გიულენის კავშირი ტერორისტულ საქმიანობასთან.[23][24][25]
გიულენი დაიბადა სოფელ კორუკუკში, ერზრუმის სიახლოვეს.[26] მამამისი, რამიზ გიულენი იმამი იყო.[2] დედამისი სოფელში ყურანს ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქემალისტური მთავრობა რელიგიურ ქადაგებას კრძალავდა.[27] გიულენმა საწყისი განათლების მიღება მშობლიურ სოფელში დაიწყო, თუმცა მალე ოჯახი სხვაგან გადასახლდა და მასაც სწავლის შეწყვეტა მოუხდა. შემდეგ, განათლება მან ერზრუმის მედრესეებში მიიღო,[28] პირველი ქადაგება კი 14 წლის ასაკში გასწია.[29] გიულენზე დიდი გავლენა მოახდინა საიდ ნურსის იდეებმა.[30]
ე. წ. „ნურის მოძრაობის“ სხვა მიმდევართაგან განსხვავებით, „გიულენი თავისი აზროვნებით უფრო თურქი ნაციონალისტია. გარკვეულწილად, ის უფრო ორიენტირებულია სახელმწიფოზე და კონცნეტრირებულია საბაზრო ეკონიმიკასა და ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე“, — აღნიშნავს ჰაკან იავუზი.[31]
ოფიციალური მქადაგებლური საქმიანობა გიულენმა 1981 წელს შეწყვიტა. 1988-1991 წლებში იგი ყველა ძირითადი ქალაქის მეჩეთებში ქადაგებათა სერიებს გამოსცემდა. 1994 წელს ის მონაწილეობდა „ჟურნალისტთა და მწერალთა ფონდის“ დაარსებაში;[32] აირჩიეს ფონდის საპატიო პრეზიდენტად.[33]
1999 წელს გიულენი აშშ-ში გადასახლდა, მიზეზად სამედიცინო მკურნალობას ასახელებდა. წასვლის შემდეგ, თურქულ ტელევიზიებში გამოჩნდა გიულენის მიერ დატოვილი ვიდეომიმართვა, სადაც ნათქვამი იყო, რომ უნდა მომხდარიყო ქვეყნის გარდაქმნა და აღდგენა ისლამის ქოლგის ქვეშ.[34]
ამის შემდეგ, გიულენმა ვიდეოჩანაწერებს კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა,[35] მისმა მომხრეებმა კი ავთენტურობა დააყენეს ეჭვქვეშ.[36] 2000 წელს გიულენი ასპარეზიდან გაუჩინარდა და კვლავ გამოჩნდა 2008 წელს, ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოსვლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახდა.[37]
2001 წელს გიულენმა აშშ-ის მწვანე ბარათი მიიღო.[38]
2014 წლის 19 დეკემბერს, თურქეთის სასამართლომ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად „შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების“ ჩამოყალიბება დაედო.[39]
გიულენის მოძრაობა საერთაშორისო ისლამური სამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომელიც თავად გიულენის სწავლებითაა შთაგონებული. მის სწავლებას ჰიზმეთის (ალტრუისტული სერვისი „საერთო ღმერთისათვის“) შესახებ, მრავალი მხარდამჭერი ჰყავს თურქეთში, ცენტრალურ აზიაში, მზარდი რაოდენობა მსოფლიოს სხვა ადგილებში.
თავის ქადაგებებში, გიულენი აღნიშნავს: „ისწავლო ფიზიკა, მათემატიკა და ქიმია, ეს ღმერთის დიდებაა“. გიულენის მიმდევრებს მსოფლიოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სკოლა აქვთ გახსნილი.[40] თურქეთში, გიულენის სკოლები საუკეთესოთა შორისაა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინგლისურ ენას.
გიულენს პოზიტიური ხედვები აქვს ებრაელებისადმი, ქრისტიანებისადმი, გმობს ანტისემიტიზმს. 1990-იან წლებში მან წამოიწყო რელიგიათშორისი შემწყნარებლობის დიალოგი.[10] პირადად შეხვდა რელიგიურ ლიდერებს, მათ შორის პაპ იოანე პავლე II-ს,[9] პატრიარქ ბართლომეს და ისრაელის სეფარდულ მთავარ რაბინს.[41]
გიულენი მხარს უჭერს კოოპერაციას სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შორის, ისევე როგორც რელიგიურ და სეკულარულ ელემენტებს საზოგადოების შიგნით.
გიულენი სიპმატიას გამოხატავს თურქეთის ალევიტური უმცირესობისადმი.[42][43][44]
გიულენიზ მოძრაობას (ჰიზმეთი ან ჯამაათი) თურქეთში მილიონობით მიმდევარი ჰყავს, ისევე როგორც საზღვარგარეთ. მიჩნეულია, რომ მისი მიმდევრების მიერ დაარსებული სკოლების კურსდამთავრებულ გიულენისტებს წამყვანი პოზიციები უკავიათ თურქეთის პოლიციასა და სასამართლო სისტემაში.[45][46] თურქი და უცხოელი ანალიტიკოსების აზრით, გიულენისადმი სიმპატიითაა განწყობილი თურქეთის პარლამენტის მრავალი წევრი. მისი მოძრაობა აკონტროლებს პოპულარულ გაზეთ Zaman-ს, ბანკ Bank Asya-ს, ტელეარხ Samanyolu TV-ს და სხვა მრავალ მედიასაშუალებასა და ბიზნეს-ორგანიზაციას.[47]
2005 წელს, სტამბოლში გამართული ერთ-ერთი წვეულების დროს, აშშ-ის ელჩს თურქეთში, ერიკ ელდმენს მიუახლოვდა გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პიროვნება და გადასცა კონვერტი, რომელშიც აღწერილი იყო არმიის მიერ ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გეგმა. თუმცა, მალე გაირკვა, რომ დოკუმენტი ყალბი იყო.[46] გიულენის განცხადებით, მისი მოძრაობა სამოქალაქო ბუნებისაა და არ აქვს პოლიტიკური მისწრაფებები.[47]
თურქეთის ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან გიულენი და მისი მოძრაობა დგას.[48] ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს თავად გიულენი და გადატრიალების სცენარის დადგმაში ერდოღანს ადანაშაულებს.[49][50]
გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ქვეყანაზე ზეწოლის გზით სცადა დაეხურა გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის სომალიში, გერმანიაში, ინდონეზიაში, ნიგერიასა და კენიაში.[51] თურქეთის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემდეგ, სოლამიში დახურეს გიულენთან დაკავშირებული ორი მსხვილი სკოლა და ჰოსპიტალი.[52] სკოლების დახურვის მოთხოვნა თურქეთმა ალბანეთსა და ბოსნიასაც გაუგზავნა.[53]
გიულების ოფიციალური საიტის[54] თანახმად, მას 44 პუბლიკაცია ეკუთვნის. მათ შორის ძირითადად არის ესეები და ქადაგებათა კოლექციები. გარდა ამისა, გიულენი ავტორია მრავალი სტატიისა სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ თემებზე, მეცნიერებასა და სპორტზე, ჩაწერილი აქვს ათასობით აუდიო და ვიდეო-კასეტა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.