ფეხსაცმელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფეხსაცმელი — ტანსაცმლის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც იცმევა ფეხებზე და იცავს მას გარემოსგან; ასევე გამოიყენება გარეგნული იერსახის მოკაზმვის მიზნით. ფეხშიშველი სიარული ამჟამად ასოცირდება სიღარიბესთან, თუმცა ზოგიერთი კულტურა მის ტარებაზე დღემდე უარს ამბობს.
ფეხსაცმელსა და ფეხს შორის როგორც წესი ატარებენ წინდებს ან ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმს, თუმცა სულ უფრო ნაკლებად სანდლებისა და თასმიანი ფეხსაცმელების შემთხვევაში. ზოგჯერ ფეხსაცმელი დაკავშირებულია ფეტიშიზმთან, განსაკუთრებით მსუბუქი ფეხსაცმლისა და ბოტების ზოგიერთი სახეობა.
შედარებით ახალი გამოგონებაა გამძლე ფეხსაცმელი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი უძველესი ცივილიზაცია მორთულ ფეხსაცმელებს ატარებდა. ასევე არსებობდა ზოგიერთი ძველი ცივილიზაცია, რომელიც საერთოდ არ იყენებდა ფეხსაცმელს. რომაელები ფეხსაცმელს უყურებდნენ როგორც ძალაუფლებისა და საზოგადოებაში სტატუსის დასამკვიდრებელ ნივთს, ამიტომ, მას მრავალი რომაელი ატარებდა, გლეხები და მონები კი ფეხშიშველნი დადიოდნენ.[1] შუა საუკუნეებში გამოჩნდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ასევე ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან და სურვილთან, რომ გამოჩენილიყვნენ უფრო მაღლები; ამ დროის ხელოვნების ზოგიერთ ნიმუშზე ხშირად გამოსახავდნენ ფეხშიშველ ადამიანებს სიღარიბის სიმბოლოდ. თუმცა, ამავე დროს, შიშველი ფეხები ბევრ რელიგიაში თავმდაბლობისა და პატივისცემის სიმბოლოა. ფეხსაცმლის გახდა ვინმე უფრო მაღლა მდგომის წინაშე ხშირად ასევე სიმბოლოა მისადმი პატივისცემისა.
ზოგიერთ კულტურაში, სავალდებულოა ფეხსაცმელი გაიხადო სახლში შესვლის წინ, ზოგიერთ რელიგიაში კი ფეხსაცმლის გახდა სავალდებულოა წმინდა შენობა-ნაგებობებში, მაგალითად ტაძარში შესვლის წინ.