From Wikipedia, the free encyclopedia
ფლუვიოგლაციალური ნალექები, მდინარეულ-მყინვარული ნალექები (ლათ. fluvius — დინება და glacialis — ყინული) — შრეებრივი ნალექები, შექმნილი მყინვარის დნობით გაჩენილი წყლების მიერ. დამახასიათებელია ფენობრივი, შედარებით უხეში შედგენილობა. ძირითადად აგებულია ღორღ- და რიყნარნარევი ქვიშებით. ფლუვიოგლაციალური ნალექები მყინვარების დნობით წარმოქმნილი ნაკადების მიერ დალექილი შრეებრივი ნაფენებია — კაჭარშერეული ქვიშა, კენჭნარი, რიყნარი, აგრეთვე ქვიშები.[1]
განარჩევენ მყინვარისპირა (პერიგლაციალურ) და შიგამყინვარულ (ინტრაგლაციალურ) ნაფენებს. პირველი მათგანი ილექება მყინვარის შუბლის წინ, მისი კიდეებიდან გამომდინარე ნაკადებიდან და წარმოქმნის ზანდრებს, ფლუვიოგლაციალურ ტერასებს; მეორე ილექება მყინვარში ან ყინულქვეშ ნაკადების კალაპოტში და აჩენს რელიეფის თავისებურ ფორმებს: ოზებს, კამებს და სხვა.[2]
ფლუვიოგლაციალურ ნალექებს ახასიათებს ირიბი შრეებრიობა, მასალა სუსტადაა დახარისხებული და ნაკლებადაა დამრგვალებული. გავრცელებულია ძველი კონტინენტური გამყინვარების არეებსა და მთებში. მთის პირობებში ძნელი გამოსაყოფია ალუვიონისაგან.[1]
თანამედროვე და ძველი გამყინვარების მდინარეთა ხეობებში მეტწილად ფლუვიოგლაციალური ნალექებით (ძირითადად ბოლო მორენებით) აგებულ ტერასებს ფლუვიოგლაციალური ტერასები ეწოდებათ, რომელთა არსებობა მყინვარული აკუმულაციისა და მდინარეული ეროზიის გააქტიურების პერიოდების მონაცვლეობის მაჩვენებელია.[3]
ხმელეთის ზედაპირზე (უშუალოდ მყინვარის მოსაზღვრე ზოლში) ან მყინვარის შიგნით მდნარი ყინულის წყლების ზემოქმედებით მიმდინარე პროცესებს ფლუვიოგლაციალური პროცესები ეწოდება.[3]
ფლუვიოგლაციალური ნალექები ინტერესს წარმოადგენენ როგორც ბუნებრივი სამშენებლო მასალები.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.