შვედეთის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
შვედეთის ეკონომიკა — მრავალფეროვანი და განვითარებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც უმთავრესადმრეწველობას და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეყრდნობა. შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელსაც აქვს ინტენსიური სოფლის მეურნეობა და ფართო საგარეო-ეკონომიკური კავშირები. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით ($529,9 მილიარდი) მსოფლიოში 23-ე ადგილი უკავია. ერთ სულ მოსახლეზე მშპ $51 242-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით შვედეთი მსოფლიოში მე-12 ადგილს იკავებს. შვედეთის სამუშაო ძალა 5,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დასაქმებულთა 86% დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 12% მრეწველობაში, 2% სოფლის მეურნეობაში. მშპ-ის სტრუქტურაში წამყვანი როლი 65,4%-ით მომსახურების სექტორს უჭირავს. მრეწველობაზე მოდის მშპ-ის 33%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 1,6%.
შვედეთის ეკონომიკაში მაღალია სახელმწიფოს როლი. ესაა ექსპორტზე ორიენტირებული შერეული ეკონომიკა. 2014 წლის მონაცემებით სახელმწიფო ფლობს ეროვნული სიმდიდრის 24%-.ს[1] სახელმწიფო ფლობს წილებს სატელეკომუნიკაციო კომპანია Telia Sonera-სა და საავიაციო კომპანია SAS ჯგუფში. მაღალია სახელმწიფოს დანახარჯები კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ მხრივ ის მსოფლიოში პირველ ადგილს იყოფს ფინეთთან ერთად.[2]ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოური კაპიტალი. შვედეთში მოქმედებს მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: სააბი, ვოლვო, ერიქსონი, ელექტროლუქსი და SKF. შვედეთს გააჩნია მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა კარგი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა და ინგლისური ენის კარგი ცოდნით გამოირჩევა. XX საუკუნეში სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტეენოლოგიების განვითარებამაც შეუწყო ხელი. შედარებით მცირე როლი აქვს ტურიზმს (მშპ-ის 2,9%). შვედეთს ძირითადად, მეზობელი ქვყენების ტურისტები სტუმრობენ. ყველაზე მონახულებაად ქვეყნებს შორის შვედეთი მსოფლიოში 21-ე ადგილზეა.