From Wikipedia, the free encyclopedia
შრი-ლანკის დემოგრაფია ასახავს ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიას, მათ შორის მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ეთნიკურ შემადგენლობას, განათლების დონეს, მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკონომიკური მდგომარეობას, რელიგიური კუთვნილებასა და სხვ.
შრი-ლანკა კუნძულია ინდოეთის ოკეანეში, რომელსაც ხშირად ცეილონსაც უწოდებენ. იგი დაახლოებით ირლანდიის ზომისაა. შრი-ლანკა ინდოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 28 კილომეტრშია (18 მილი). ქვეყნის მოსახლეობა 21 მილიონს აჭარბებს. მოსახლეობის სიმჭიდროვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშია, სადაც კოლომბო, ქვეყნის მთავარი პორტი და სამრეწველო ცენტრი მდებარეობს. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 0,7%-ია. შრი-ლანკა ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანი სახელმწიფოა.
2012 წლის აღწერის მიხედვით შრი-ლანკის მოსახლეობა 20, 359 439 ადამიანს უდრის. მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კმ-ზე 325 ადამიანს უდრის.[1] 1981 წლის აღწერის (ბოლო სრული აღწერის) შემდეგ მოსახლეობა 5 512 689-ით (37.1%) გაიზარდა, რაც 1.1%-იანი წლიური ზრდის ტემპის შესაბამისია.[1] 3 704 470 (18.2%) ადამიანი ურბანულ სექტორებში ცხოვრობდა, რაიონებში, რომლებსაც მუნიციპალური და საქალაქო საბჭოები მართავს.[2]
14 წლამდე ასაკის მოსახლეობა 5 131 666 (25.2%) ადამიანს შეადგენს, ხოლო 60 წელს გადაცილებულთა რიცხვი 2 525 573-ს (12.4%) უტოლდება. სამუშაო ასაკის (15-59) მოსახლეობის რაოდენობა 12 702 700 ადამიანია.[3] დემოგრაფიული დამოკიდებულების კოეფიციენტი 60.2%-ს უდრის.[1] საშუალო ასაკი 32 წელია, ხოლო მედიანური ასაკი 31 წელი.[1] სქესობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 100 ქალზე 94 მამაკაცს უდრის.[1] შობადობის საშუალო მაჩვენებელი დაქოწინებული ქალებისთვის, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება 2.65-ს უდრის.[4] შინამეურნეობების რიცხვი 5 264 282-ს უტოლდება. მათგან 3 986 236 (75.7%) მამაკაცები ხელმძღვანელობენ, ხოლო 1 278 046-ს (24.3%) ქალები.[1]
15 227 773 ადამიანი 15 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. 10 322 105 ადამიანი დაქორწინებულია, 3 927 602 არასდროს დაქორწინებულა, 792 947 შრი-ლანკელი დაქვრივებულია, ხოლო 185 119 ― განქორწინებულია.[5]
15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებიდან 7 857 350 (51.6%) შრი-ლანკელი ეკონომიკურად აქტიურია, 4 199 558 (27.6%) ადამიანი შინამეურნეობაშის საქმიანობაშია ჩართული, 1 431 105 (9.4%) სტუდენტია, 914 934 (6%) შრომისუუნაროა, ხოლო 346 084 (2.3%) ადამიანი პენსიონერია.[6] ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 6.6% (521 938 ადამიანი) უმუშევარია.[1] 604 540 შრი-ლანკელი ექვს თვეზე მეტი ხნით ცხოვრობდა უცხოეთში, თუმცა ქვეყანაში დაბრუნებას აპირებენ. მათი დიდი ნაწილი სპარსეთის ყურის ქვეყნებშია ემიგრირებული (373 050, 61.7%).[7]
10 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წერა-კითხვის დონე 95.7%-ს შეადგენს.[8] 5 წელზე გადაცილებული ასაკის მოსახლეობიდან (18 615 577) უმაღლესი განათლება მხოლოდ 499 563 (2.7%) ადამიანს აქვს მიღებული.[9]
შრი-ლანკის მოსახლეობა სამხრეთ აზიის სხვა სახელმწიფოებზე სწრაფად ბერდება და მეხუთე ყველაზე სწრაფად დაბერებადი მოსახლეობაა აზიაში ჩინეთის, ტაილანდის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის შემდეგ.[10][11][12] 2015 წლისთვის შრი-ლანკაში 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 13.9%-ს შეადგენდა, რომელიც 2030 წლისთვის 21%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 27.4%-მდე გაიზრდება.[11][12] შრი-ლანკის მოსახლეობაში უფროსი ასაკის მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდა ქვეყნისთვის სოციო-ეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს.[13]
2012 წლის აღწერის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის 74.9%-ს სინჰალელები შეადგენენ, რომლებიც მეტწილად ქვეყნის მჭიდროდ დასახლებულ სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში ცხოვრობენ.[14] შრი-ლანკელი ტამილები ძირითადად კუნძულის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ და ქვეყნის უდიდეს ეთნიკურ უმცირესობას შეადგენენ (2012 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 11.1%-ს).[14]
შრი-ლანკის მოსახლეობის 4.1%-ს ინდოელი ტამილები შეადგენენ.[14] ბრიტანელებმა ისინი შრი-ლანკაში XIX საუკუნეში ჩაიყვანეს ჩაისა და კაუჩუკის პლანტაციებში სამუშოდ. ისინი შრი-ლანკის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში, „ჩაის ქვეყანაში“ დარჩნენ. 1964 წელს ინდოეთსა და შრი-ლანკას შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შრი-ლანკაში ინდოელი ტამილები „უსამშობლოდ“ გამოცხადდნენ და ინდოელი ტამილები უკან, ინდოეთში გადაასახლეს.[15] ინდოეთმა მათ მოქალაქეობა მიანიჭა და 200 000-მდე მათგანი ინდოეთში დასახლდა. 75 000 ინდოელი ტამილი, რომლებმაც ან რომელთა მშობლებმაც ინდოეთის მოქალაქეობა მიიღეს, შრი-ლანკაში დარჩა. მთავრობის გადაწყვეტილებით ტამილებს ინდოეთში დაბრუნებას არ აიძულებენ, თუმცა შრი-ლანკის მოქალაქეობას ვერ მიიღებენ. 1990-იან წლებში ინდოელი ტამილების დიდმა ნაწილმა შრი-ლანკის მოქალაქეობა მაინც მიიღო, ხოლო ნაწილს მოქალაქეობის უფლება 2003 წელს მიენიჭა.[15][16]
ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან ვედები, შრი-ლანკის აბორიგენი მოსახლეობა; შრი-ლანკლეი მალაიები, რომლებიც ავსტრონეზიელ მოსახლეთა შთამომავლები არიან; ბიურგერები ― ევროპელი კოლონიზატორების შთამომავლები, მეტწილად პორტუგალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან; ჩინელი მიგრანტები, რომლებიც კუნძულზე XVIII-XIX საუკუნეებში დასახლდნენ; კაფირები ― აფრიკელთა მცირერიცხოვანი შთამომავლობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.