ჯერალდინ ფერარო
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯერალდინ ენ „ჯერი“ ფერარო (დ. 26 აგვისტო, 1935 — 26 მარტი, 2011; ინგლ. Geraldine Ferraro) — ამერიკელი პოლიტიკოსი და იურისტი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი. 1984 წელს იყო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უოლტერ მონდეილთან ერთად, შედეგად – პირველი ქალი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ორი უმსხვილესი პარტიიდან.
ჯერალდინ ფერარო | |
---|---|
ინგლ. Geraldine Ferraro | |
დაბადების თარიღი | 26 აგვისტო, 1935 |
დაბადების ადგილი | ნიუბარგი, ნიუ იორკის შტატი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 26 მარტი, 2011 |
გარდაცვალების ადგილი | ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | Marymount Manhattan College, Fordham University School of Law[1] და ფორდჰემის უნივერსიტეტი |
პარტია | დემოკრატიული |
მეუღლე/ები | John Zaccaro |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[2] |
ფერარო გაიზარდა ნიუ-იორკში და იურისტობამდე ასწავლიდა საჯარო სკოლაში. 1974 წელს მუშაობა დაიწყო ქუინსის რაიონის საოლქო პროკურატურაში, ხელმძღვანელობდა მაშინ ახლად შექმნილ დაზარალებულთა სპეციალურ ბიუროს, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა სექსუალური დანაშაულები, ოჯახური ძალადობა და ბავშვებზე ძალადობა. 1978 წელს ფერარო აირჩიეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრად ნიუ-იორკის შტატიდან. ახლადარჩეულმა ფერარომ მალევე წაიწია წინ პარტიულ იერარქიაში – იგი ფოკუსირებული იყო კანონმდებლობაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ქალების თანასწორობას საპენსიო და საშემოსავლო სისტემებში.
1984 წელს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა (ჯიმი კარტერის დროს), უოლტერ მონდეილმა, რომელიც რონალდ რეიგანის წინააღმდეგ იყრიდა კენჭს და ფავორიტად არ მიიჩნეოდა, ფერარო თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აარჩია. ამგვარად, ფერარო გახდა პირველი იტალეიელი ამერიკელი და პირველი ქალი, რომელიც ორი უმსხვილესი პარტიის კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნებში რონალდ რეიგანმა და ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა მონდეილი-ფერარო დიდი სხვაობით დაამარცხეს.
1992 და 1998 წლებში ფერარო კენჭს იყრიდა ნიუ-იორკის სენატორობისთვის, თუმცა ორივიჯერ დამარცხდა შიდაპარტიულ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ორივეჯერ თავიდან ფავორიტად მიიჩნეოდა. 1993-96 წლებში, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს ფერარო იყო აშშ-ის ელჩი გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიაში. 2008 წელს მონაწილეობას იღებდა მაშინ სენატორ ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიაში. გარდაიცვალა 2011 წლის 26 მარტს.