From Wikipedia, the free encyclopedia
ჰობიტები[1] — გამოგონილი არსებები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, „ჰობიტის“, „ბეჭდების მბრძანებლის“, „დაუსრულებელი თხზულებების“, ისევე, როგორც „შუახმელეთის ისტორიის“ პერსონაჟები. მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს შუახმელეთის მესამე ეპოქაში, ბეჭდის ომის დროს. გამოჩნდნენ, როგორც თვლიან, მაშინ, როდესაც არიენმა გაანათა მსოფლიო და გაჩნდნენ პირველი ადამიანები.
ჰობიტები | |
---|---|
ნახევარკაცები, პერიანათები, ჰოლბიტლან | |
დედაქალაქი | დიდსოროეთი |
მშობლიური სამყარო | შუახმელეთი |
მოქმედება | შაირი, სერი, ანდუინის ველები |
ენა | ვესტრონი |
ჰობიტები, მცირე ზომის არსებები, იყვნენ მიწის მოყვარულნი, სოროში მცხოვრებნი. ბევრი თვლის, რომ ისინი ენათესავებოდნენ ადამიანებს. თუმცა, აღწერის მიხედვით, ისინი ჯუჯებზე უფრო მცირე ზომის იყვნენ, მათი ცხოვრების ხანრგძლივობა კი 100 წლამდე აღწევდა.
მეოთხე ეპოქაში შაირი კვლავ გაერთიანებულ სამეფოს ექვემდებარებოდა. მეფე არაგორნ II ჰობიტებს მშვიდობას შეჰპირდა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა შაირში და მთელს შუახმელეთში.
თავის ნაშრომებში ტოლკინი წერს, რომ ჰობიტები ადამიანებს ენათესავებიან[2]. ამასთან მწერალი მათ აღწერს, როგორც ადამიანების „ნაირსახეობას“[3] ან ცალკე შტოს[4]. მიუხედავად ამისა, თავად „ბეჭდების მბრძანებლიდან“ ჩანს, რომ ჰობიტები საკუთარ თავს ცალკე ხალხად თვლიან[5].
მესამე ეპოქის 1050 წლამდე ჰობიტებზე არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ამ დროიდან წყაროებში ჩნდება მათი ხსენება - თურმე ჰობიტები ცხოვრობდნენ ჩრდილოელებთან ერთად, ანდუინის ჩრდილო ტერიტორიაზე, ნისლიან მთებსა და ტყემწვანეს შორის. ბოროტმა ძალებმა შეაღწიეს და სულ მალე მას უკვე ბნელტევრის სახელით იცნობდნენ. ვარაუდობენ, რომ ჰობიტებმა სწორედ ამიტომ მიატოვეს საკუთარი მიწები და შემდეგ ასწლეულებში გადაინაცვლეს ნისლიანი მთების დასავლეთით, ერიადორში, სადაც ელფები და ადამიანები გაიცნეს. ჰობიტური წელთაღრიცხვა იწყება 1601 წლიდან. ამ დროისთვის ერიადორული ჰობიტების უმრავლესობა სერის ირგვლივ დასახლდა. შემდეგ ისინი გადავიდნენ ბრენდივაინის მდინარის მიღმა და სწორედ იქ დაფუძნდა შაირი, რომელიც იქცა ჰობიტების სამშობლოდ.
მესამე ეპოქის 1600 წელს ართედაინის მეფემ, არგელებ II-მ დაუთმო ჰობიტებს მიწები, რადგან დიდმა ჭირმა ეს მიდამოები მთლიანად გააუკაცრიელა. ამ გაუკაცრიელებაში ანგმარის გრძნეულთა სამეფომაც მიიღო მონაწილეობა და მთლიანად გაანადგურა სამეფო არნორი.
ჰობიტებს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის რამდენიმე ფაქტორი აერთიანებს. სიმაღლე ორ და ოთხ ფუტს შორის მერყეობს. ფეხები საკმაოდ გრძელია, სახე - ყოველთვის გაღიმებული. თმები - ხუჭუჭა და ბნელი. ყურები - წაწვეტებული[6]. ფეხებზე ბევრი თმა აქვთ, ხოლო ტერფები არაჩვეულებრივად სქელია, რაც საშუალებას აძლევთ, ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე უხეშ ზედაპირზე გაიარონ.
ჰობიტები აღწერილები არიან, როგორც შაირის მშვიდობიანი მოსახლეები. მათ არც ომი უყვართ და არც ჩხუბი. ისინი არაჩვეულებრივად მორიდებულები არიან და ნებისმიერ ჰობიტს აფასებდნენ მხოლოდ მისი შაირში თუ მის შემოგარენში ცხოვრების წესის მიხედვით. ამის იქით სასაუბრო თემები მათ არ აქვთ - თუკი საქმე ეხება სხვა ჰობიტის განხილვას. დაპყრობა, კაცისკვლა და ძალაუფლებისკენ ლტოლვა ჰობიტებისთვის უცხოა.
ჰობიტები საერთოდ ერიდებოდნენ საკუთარ ცხოვრებაში ზედმეტ ელემენტებს და, თუკი ამას შეიძლება ზედმეტი ეწოდოს, ზედმეტობა გამოიხატებოდა მხოლოდ მათ ტანსაცმელში. ტანსაცმელი კი ძირითადად ნათელ ფერებში იყო. მოსწონდათ მწვანე ფერის ხავერდის ბრიჯები, წითელი ან ყვითელი ფერის ჟილეტები; ყავისფერი ან მწვანე ქურთუკები; ოქროს ან თითბერის ღილები; მუქი მწვანე ფერის კაპიუშონიანი მოსასხამი (რომლებსაც ძირითადად ჯუჯები ატარებდნენ)[7] ამასთან, იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც სხვა საზოგადოებაში ზედმეტად მიიჩნევა – დღეში ექვსჯერ კვება, ან უფრო მეტიც – ვინ როგორ ისურვებს. ქეიფის მოყვარული ჰობიტები ღრეობაზე არასოდეს იტყოდნენ უარს[8].
ტოლკინი წერს, რომ სტუმართმოყვარე და გულღია ჰობიტებს ძალიან უყვარდათ წვეულებების გამართვა და საჩუქრების მიღება, თუმცა არც გაჩუქებაზე ძუნწობდნენ.[9] ძველ და უვარგის ნივთებს უწოდებდნენ „მათომებს“ (mathom). სწორედ მათ არიგებდნენ საკუთარ დაბადების დღეებზე ან ინახავდნენ საცავში, რომელსაც მათომ-სახლი ერქვა.
ჰობიტები არ ცხოვრობდნენ სახლებში, ისინი გორებში სოროებს თხრიდნენ, რომლებიც სიმყუდროვით გამოირჩეოდა. ასეთ სახლს „სმიალი“ ეწოდებოდა[10] .
შაირში არსებობდა თაინის, ერთგვარი მერის თანამდებობა. თაინები ყოველთვის ტუკების საგვარეულოდან იყვნენ. ფეოდალიზმს ჰობოტები არ სცნობენ, ისინი მერს ირჩევენ, რომელიც თორმეტ წესრიგის დამცველს განაგებს. მესაზღვრეებს ჰობიტები თვითონ ირჩევენ. აგრეთვე ცნობილია, რომ დუნედაინები იცავდნენ შაირს, მაგრამ ჰობიტებს მაინც არ სურდათ სხვა ერებთან კავშირში შესვლა.
საკუთარ თავს ჰობიტები ვესტრონულად „კუდუკს“ უწოდებენ[11]. ადამიანები მათ უწოდებენ ნახევარკაცებს, ელფები კი სინდარულად პერიანათებს (Perianath).
ჰობიტები საუბრობდნენ ვესტრონულად, თუმცა ჰქონდათ საკუთარი დიალექტი. ამ დიალექტიდან მომდინარეობს სიტყვა ჰობიტი.
ჰობიტები იყენებდნენ შაირის კალენდარს. მისი ყოველი წელი იწყებოდა შაბათს და მთავრდებოდა პარასკევს. თორმეტი თვიდან ყოველი გრძელდებოდა 30 დღეს. არსებობდა ისეთი დღეებიც, რომლებიც არ ეკუთვნოდა ამა თუ იმ თვეს - იულე 1 და 2 (ახალი წლის წინა დღე და თავად ახალი წლის დღე) და შუაწლის დღე. შუაწლის დღე ყოველი თვის ზაფხულის მზებუდობას ემთხვეოდა. შუაწლის დღის წინა ლითეს, პირველი ლითე, ხოლო მომდევნოს მეორე ლითე ეწოდებოდა. იულეს, წლის ბოლოს, პირველი იულე, ხოლო წლის დასაწყისში მეორე იულე ეწოდებოდა.
საჩიბუხე მცენარე, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტოლკინი, ჰობიტების კულტურის შემადგენელი ნაწილია. ჩიბუხი და საჩიბუხე მცენარე არის ჰობიტის საყვარელი საქმე თავისუფალ წამს. იგი ერთი შეხედვით თუთუნს უფრო ჰგავს, მაგრამ აღწერილია, როგორც განსაკუთრებული სურნელოვანი ბალახი. „ბეჭდების მბრძანებლის“ პროლოგში დეტალურად არის მოთხრობილი ჰობიტების მის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულზე.
ჰობიტები იყოფიან სამ რასად . ესენია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.