From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოლოცენის კალენდარი, ასევე ცნობილი, როგორც ჰოლოცენის ეპოქა ან ადამიანთა ეპოქა (ჰ. ე.) — წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც ამჟამად გავრცელებულ სისტემას 10 000 წელს უმატებს, რითაც პირველ წელიწადს ათავსებს ჰოლოცენის გეოლოგიური ეპოქის დასაწყისთან და ნეოლითურ რევოლუციასთან, როდესაც ადამიანებმა მონადირე-შემგროვებლური ცხოვრების სტილი მეურნეობით ჩაანაცვლეს. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ამჟამინდელი წელია 2024, ხოლო ჰოლოცენის კალენდრით — 12024. ჰოლოცენის ეპოქის სისტემა პირველად ჩეზარე ემილიანიმ 1993 წელს შემოიღო.[1]
ჩეზარე ემილიანი კალენდარული სისტემის რეფორმის გატარებით მიზნად ისახავდა ახალი სტილის კალენდრის არაერთი ხარვეზის შესწორებას:
ჰ. ე. ათვლის წერტილად „ადამიანთა ეპოქის“ დასაწყისს იყენებს, რომელიც ძვ. წ. 10 000 წლად, ანუ ჰ. ე. 1 წლად დადგინდა. ამავე პრინციპით, ახ. წ. 1 წელი იგივეა, რაც ჰ. ე. 10 001 წელი.[1] ეს არის ახლანდელი გეოლოგიური ეპოქის, ჰოლოცენის მიახლოებითი დასაწყისი. ამის მოტივად იქცა ის ვარაუდი, რომ ადამიანური ცივილიზაცია (ე.ი. პირველი ადამიანური ჩასახლებები, მეურნეობა და ა.შ.) ამ დროს აღორძინდა. ემილიანიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისადაც მის მიერ შემოთავაზებული სისტემის დასაწყისი უნდა ჩაითვალოს.[2]
ადამიანთა ეპოქის სისტემის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს კალენდარი გაამარტივებს გეოლოგიურ, არქეოლოგიურ, დენდროქრონოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და ისტორიულ დათარიღებას. ამავდროულად, ეს წელთაღრიცხვა ემყარება ქრისტეს შობისგან განსხვავებით, უნივერსალურად აღიარებულ მოვლენას. ისტორიის ყოველი თარიღი განთავსდება მარტივ, ზრდად, დადებითი რიცხვების სისტემაში. კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ჰოლოცენის კალენდრის ათვლა ნებისმიერ სხვა კალენდარზე ადრე იწყება, რაც საგრძნობლად გაამარტივებს თარიღების სხვა კალენდრებიდან გადმოტანას და/ან შედარებას.
როცა ემილიანი კალენდრის შესახებ 1994 წლის სტატიაში საუბრობდა, მან ახსენა, რომ ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისზე შეთანხმებული აზრი არ არსებობდა; მიახლოებითი თარიღი მერყეობს 12 700 წლიდან 10 970 წლამდე ჩვენს დრომდე (ახ. წ. 1950 წელი).[2] შემდგომმა კვლევებმა ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისი უფრო დიდი სიზუსტით დაადგინა. 2013 წელს გმსგ-მ ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისად ძვ. წ. 9701 წელი მიიღო (11 700 წელი ახ. წ. 2000 წლამდე), რაც ჰოლოცენის კალენდრის ათვლის თარიღს 300 წლით სცდება.[3]
1924 წელს გაბრიელ დევილმა „Calendrier nouveau de chronologie ancienne“-ის (CNCA) გამოყენების შემოთავაზება წარადგინა, რომელიც ახ. წ. 1 წელს 10 000 წლით ადრე ათავსებდა. ეს სისტემა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ემილიანის.[4]
1963 წელს ე.რ. ჰოუპმა „Anterior Epoch“-ის (AE) სისტემა შემოიღო, რომელიც ზემოთხსნებული სისტემების იდენტურია.[5]
იულიუსის ან გრიგორიანული კალენდრიდან თარიღების ადამიანთა ეპოქაზე გადაყვანა ახ. წ./ჩვ. წ.-ის თარიღებისთვის 10 000 წლის მიმატებით ხდება. ამჟამინდელი წლის, 2024-ის ჰოლოცენის კალენდარზე გადაყვანა შეიძლება წინ ციფრ „1“-ის მიწერით, ანუ ჰ. ე. 12 024 წელი. ძვ. წ./ქრ.შ.-მდე არსებული თარიღების გადაყვანა მათი 10 001-ზე გამოკლებით ხდება.
გრიგორიანული წელი | ISO 8601 | ჰოლოცენის წელი | მოვლენა |
---|---|---|---|
ძვ. წ. 10001 | −10000[georgian 1] | ჰ. ე. 0 | ჰოლოცენის ერის დასაწყისი |
ძვ. წ. 9701 | −9700 | ჰ. ე. 300 | პლეისტოცენის ეპოქის დასასრული და ჰოლოცენის ექოქის დასაწყისი[3] |
ძვ. წ. 4714 | −4713 | ჰ. ე. 5287 | იულიუსის სისტემის დასაწყისი: იულიუსის კალენდრის მიხედვით, მე-0 დღე იწყება გრინვიჩის შუადღეს, 1 იანვარს, ძვ. წ. 4713 წელს, რაც გრიგორიანული კალენდრით ძვ. წ. 4714 წლის 24 ნოემბერია.[6]:10 |
ძვ. წ. 3761 | −3760 | ჰ. ე. 6240 | ებრაული კალენდრის ათვლის დასაწყისი[6]:11 |
ძვ. წ. 3102 | −3101 | ჰ. ე. 6899 | კალი-იუგას დასაწყისი[7] |
ძვ. წ. 2250 | −2249 | ჰ. ე. 7751 | მეგალაიანის ხანის დასაწყისი, ჰოლოცენის ერის ამჟამინდელი და ბოლო ეტაპი (სამი ეტაპიდან).[8][9] |
ძვ. წ. 45 | −0044 | ჰ. ე. 9956 | იულიუსის კალენდრის შემოღება |
ძვ. წ. 1 | +0000 | ჰ. ე. 10000 | წელიწადი 0 ISO 8601-ზე |
ახ. წ. 1 | +0001 | ჰ. ე. 10001 | ჩვენი წელთაღრიცხვის და ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი |
622 | +0622 | ჰ. ე. 10622 | მუჰამადის მექადან მედინაში გადასახლება (ჰიჯრა), მუსლიმური კალენდრის შემოღება[10][11] |
1582 | +1582 | ჰ. ე. 11582 | გრიგორიანული კალენდრის შემოღება[6]:47 |
1912 | +1912 | ჰ. ე. 11912 | ჩრდილოეთ კორეული კალენდრის შემოღება[12][13] |
1960 | +1960 | ჰ. ე. 11960 | UTC |
1970 | +1970 | ჰ. ე. 11970 | იუნიქსის დრო[14] |
1993 | +1993 | ჰ. ე. 11993 | ჰოლოცენის კალენდრის შემოთავაზება |
2024 | +2024 | ჰ. ე. 12024 | ახლანდელი დრო |
10000 | +10000 | ჰ. ე. 20000 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.