სიმფონია
From Wikipedia, the free encyclopedia
სიმფონია (ბერძნ. συμφωνία — თანაჟღერა, συν — ერთად და φωνἠ — ბგერა) — ვრცელი მუსიკალური ნაწარმოები დასავლეთევროპულ კლასიკურ მუსიკაში. ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებული, აღნიშნული ტერმინი მრავალ განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებდა, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო მისი დღეს მიღებული აზრით გამოყენება, რაც, ჩვეულებრივ, გულისხმობს რამდენიმე მოქმედებისგან შემდგარ ნაწარმოებს, რომელთაგანაც პირველი სონატურ ფორმაშია. სიმფონიები თითქმის ყოველთვის განსაზღვრულია ორკესტრისთვის, რომელიც სიმებიანი, ლითონის ჩასაბერი, ხის ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტებისგან, მთლიანობაში, 30-დან 100-მდე მუსიკოსისგან შედგება. სიმფონიები იწერება სრული პარტიტურის სახით, რომელიც ყველა ინსტრუმენტულ პარტიას შეიცავს, ხოლო ორკესტრის მუსიკოსები უკრავენ პარტიებიდან, რომელზეც მხოლოდ მათი ინსტრუმენტისთვის დაწერილი მუსიკაა მოცემული. ზოგიერთი სიმფონიაში, მაგალითად, ბეთჰოვენის მე-9, მალერის მე-2 და ა.შ. ვოკალური პარტიებიცაა.
ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორების მიერ დაწერილი სიმფონიების უმეტესობა ოთხი მოქმედებისგან შედგება, თუმცა XIX და XX საუკუნეებიდან მოყოლებული ხშირია სიმფონიები, რომლებიც უფრო მეტი ან ნაკლები რაოდენობის მოქმედებას შეიცავს.[1]
აკადემიურ მუსიკაში სიმფონია იგივე ადგილს იკავებს, რასაც დრამა ან რომანი ლიტერატურაში.[1] მან დასაბამი მისცა ახალი ტიპის ორკესტრს და ინსტრუმენტული მუსიკის უმნიშვნელოვანეს სფეროს, რომელსაც სიმფონიური მუსიკა ეწოდება.[2]