ავღანეთის დემოგრაფია
ვიკიპედია:კატეგორიზაცია / From Wikipedia, the free encyclopedia
2021 წლისთვის ავღანეთის მოსახლეობა 40 მილიონ ადამიანს აღემატება.[1] სახელმწიფო მრავალეთნიკური და მრავალენოვანი საზოგადოებისგან შედგება, რასაც საუკუნეების მანძილზე ცენტრალუ, სამხრეთ და დასავლეთ აზია შორის სავაჭრო და სალაშქრო მარშრუტებზე ქვეყნის მდებარეობამ შეუწყო ხელი. ავღანეთის ეთნიკურ ჯგუფებს შორის არიან: პუშტუნები, ტაჯიკები, უზბეკები, თურქმენები, ბელუჯები, ჰაზარელები, ნურისტანები და ა.შ.[2][3][4] აღნიშნული ეთნიკური ჯგუფები წარმოადგენენ თანამედროვე ავღანელებს.
ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 46% 15 წლამდე ასაკისაა. ავღანელების 74% სასოფლო ტერიტორიებზე ცხოვრობს.[5] შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე ხუთი ბავშვია, რაც შობადობის უმაღლესი მაჩვენებელია აფრიკის მიღმა. ბავშვების 6.8% დაბადებისას ან ჩვილობისას იღუპება.[5] 2019 წელს ავღანეთში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 63 წელს უდრიდა.[6][7]მოსახლეობის მხოლოდ 0.04% აქვს ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი.[3]
ქვეყნის ოფიციალური ენებია დარი და პუშტუ.[8] დარი ეთნიკური ჯგუფების უმრავლესობაში lingua franca-ს სახით ფუნქციონირებს. პოშტუ ფართოდ გამოიყენება ჰინდიყუშის მთების სამხრეთ ნაწილში და მდინარე ინდის ტერიტორიებამდე, პაკისტანის საზღვართან და ავღანეთში ყველაზე მეტი ადამიანისთვისაა მშობლიური ენა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უზბეკურ და თურქმენულ ენებზე საუბრობეn.[3] მრავალენოვნება დამახასიათებელია მთელი ქვყენისთვის, განსაკუთრებით დიდი ქალაქებისთვის.
მოსახლეობის 89.7% სუნიზმის მიმდევარია და ჰანაფის ისლამურ სკოლას მიეკუთვნება.[3][9] მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი შიიტური ისლამის, ხოლო დაახლოებით 0.3% სიქიზმისა და ინდუიზმის მიმდევარია. მთავარ ქალაქებში ურბანული მოსახლეობის გამოკლებით მოსახლეობა ტომება და წინაპართა ხაზით განსაზღვრულ ჯგუფებადაა ორგანიზებული, რომლებიც თავიანთ ტრადიციულ წეს-ჩვეულებებს მიჰყვებიან.
2018 წლის მონაცემებით ავღანეთში წერა-კითხვის ცოდნის დონე 43%-ს უდრის. აღნიშნული მაჩვენებელი კაცებისთვის 55.5%-ს და ქალებისთვის 29.8%-ს უდრის.