ბაშკირული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბაშკირული ენა (башҡорт теле (?·i) [bɑʂ.ˌqʊ̞rt.tɪ̞ˈlɪ̞]) — ბაშკირეთის მკვიდრი მოსახლეობის ენა. შედის თურქული ენების დასავლური შტოს ყივჩაყურ ჯგუფში. 2010 წლის მდგომარეობით ბაშკირულ ენაზე ლაპარაკობდა 1 245 990 ადამიანი, ბაშკირული ენის ფონეტიკური სისტემისათვის დამახასიათებელია ხმოვნის დუნე და უკანა არტიკულაცია, მინიმალური ბაგისმიერობა, ეგრეთ წოდებული არასრული წარმოქმნის ხმოვნები, ლაბიალიზებული a° ხმოვანი, საერთო თურქული e, o, ö და ბაშკირული i, u, ü ხმოვნებს შორის შესატყვისობა. თანხმოვანთა შორის აღსანიშნავია ინტერდენტალური ფონემების არსებობა. გრამატიკული სისტემა ძირითადად მისდევს თურქულ ენათა სისტემას. ძირითადი დიალექტებია აღმოსავლური, ჩრდილო-დასავლური და სამხრეთული. დამწერლობა 1929 წლამდე ეფუძნებოდა არაბულ გრაფიკას, 1929 წლიდან ლათინურს, 1939 წლიდან კი რუსულს. ბაშკირული ენის ამჟამინდელი დამწერლობა ეფუძნება კირილიცას.
ბაშკირული ენა Башҡорт теле | |
გავრცელებულია | რუსეთი ბაშკირეთი ჩელიაბინსკის ოლქი ორენბურგის ოლქი ტიუმენის ოლქი სვერდლოვსკის ოლქი კურგანის ოლქი სამარის ოლქი სარატოვის ოლქი პერმის მხარე თათრეთი უდმურტეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლიური ენა: 1 245 990 (2010) |
ოფიციალური სტატუსი | ბაშკირეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ევრაზიული ენები: |
დამწერლობის სისტემა | კირილიცა |
რუკა | |
|
ბაშკირული ენა არის ბაშკირეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენა. ბაშკირული ენის იურიდიული სტატუსი როგორც სახელმწიფოებრივი ენისა (რუსულ ენასთან ერთად) პირველად განისაზღვრა ბაშკირეთის საბჭოთა რესპუბლიკის დროებითი სამხედრო რევოლუციური კომიტეტის მდგომარეობით 1920 წლის 24 მარტს.[1] დღეისათვის აღნიშნული მდგომარეობა თანდართულია ბაშკირეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში.[2]
ბაშკირული ენა წარმოადგენს განათლების საშუალებასა და სწავლის საგანს დაწყებითსა და საშუალო სკოლებში, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყენება როგორც ჰუმანიტარული საგნების სწავლების საშუალება და როგორც საგანი ისე ისწავლება. ბაშკირულ ენაზე გამოიცემა სასწავლო, მხატვრული და პუბლიცისტური ლიტერატურა, გამოდის ჟურნალ-გაზეთები, ხორციელდება სატელევიზიო და რადიომაუწყებლობა, ფუნქციონირებს თეატრი და ა. შ. ენის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრებია: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის უფის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტი, ბაშკირეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილება, ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაშკირეთის ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ბაშკირეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბაშკირული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
მსოფლიოში ბაშკირულ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა 1,2 მილიონ ადამიანს აღწევს. 2010 წლის სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, რუსეთში ბაშკირულ ენას ფლობდა 1 152 404 ადამიანი, რომელთაგან: 977 484 ბაშკირია, 131 950 თათარი, 20 258 რუსი, 6 276 ჩუვაში, 3 211 მარელი, 1 953 ყაზახი, 1 630 უდმურტი, 1 279 უზბეკი და 8 363 სხვა ეროვნების პირი. გავრცელებულია საკუთრივ ბაშკირეთში, ჩელიაბინსკის, ორენბურგის, ტიუმენის, სვერდლოვსკის, კურგანის, სამარის, სარატოვის ოლქების ტერიტორიებზე, პერმის მხარეში, თათრეთისა და უდმურტეთის რესპუბლიკებში.[3]
ბაშკირული ენა შეყვანილია იუნესკოს 2009 წლის გამოცემაში „საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიოს ენების ატლასი“, სადაც მოწყვლადი ენის სტატუსი მიენიჭა — „ბავშვების დიდი ნაწილი საუბრობს ენაზე, თუმცა მისი გამოყენების სფერო შეიძლება შეზღუდული იყოს (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ხმარებით)“.[4]