From Wikipedia, the free encyclopedia
ვაქცინა (ლათ. Vacca ძროხა, Vaccinus ძროხისა) — ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს აქტიურ შეძენილ იმუნიტეტს კონკრეტული ინფექციური დაავადების წინააღმდეგ.[1] როგორც წესი, ვაქცინა შეიცავს აგენტს, რომელიც დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმს წააგავს და ხშირად, დამზადებულია მიკრობის, მისი ტოქსინების ან მისი ზედაპირის რომელიმე ცილის მოკლული ან შესუსტებული ფორმებისგან. აგენტი ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, რათა ეს აგენტი საფრთხედ აღიქვას, გაანადგუროს და შემდეგში, ამოიცნოს და გაანადგუროს ამ აგენტთან დაკავშირებული ნებისმიერი მიკროორგანიზმი, რომელსაც ის შეიძლება მომავალში გადაეყაროს. ვაქცინა შეიძლება იყოს პროფილაქტიკური (რათა აღკვეთოს ან შეამსუბუქოს მომავალში ბუნრბრივი პათოგენით გამოწვეული ინფექციის ეფექტები) ან თერაპიული (რათა ებრძოლოს დაავადებას, რომელიც უკვე განვითარებულია, მაგალითად, კიბოს).[2][3][4][5]
ვაქცინის მიღებას ვაქცინაცია ეწოდება. ვაქცინაცია ინფექციურ დაავადებათა პრევენციის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია.[6] ვაქცინაციის შედეგად მიღებულმა საყოველთაო იმუნიტეტმა მსოფლიო მასშტაბით ამოძრიკვა ინფექციური დაავადება ყვავილი და მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მნიშვნელოვნად შეზღუდა ისეთი დაავადებები, როგორებიც არის პოლიომიელიტი, წითელა და ტეტანუსი. ვაქცინაციის ეფექტიანობა ფართოდ არის შესწავლილი და დადასტურებული;[7] მაგალითად, ეფექტიანობა დაამტკიცეს ისეთმა ვაქცინებმა, როგორებიცაა გრიპის ვაქცინა,[8] ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა,[9] ჩუტყვავილას ვაქცინა.[10] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ამჟამად ლიცენზირებული ვაქცინები არსებობს 25 სხვადასხვა პრევენცირებადი ინფექციის წინააღმდეგ.[11]
ტერმინი ვაქცინა და ვაქცინაცია მომდინარეობს Variolae vaccinae-დან (ძროხის ყვავილი); ეს ტერმინი ედუარდ ჯენერმა (რომელმაც შექმნა ვაქცინის კონცეპტი და პირველი ვაქცინა) მოიგონა ძროხის ყვავილის ვირუსის აღსანიშნავად. ეს ფრაზა მან 1798 წელს გამოიყენა თავის წიგნის სათაურში: „კვლევა Variolae vaccinae-ისა, აგრეთვე ცნობილი როგორც ძროხის ყვავილი“, რომელშიც ის აღწერდა ძროხის ყვავილის ვირუსის დამცავ ეფექტს ყვავილის ვირუსის წინააღმდეგ.[12] 1881 წელს, ლუი პასტერმა წამოაყენა წინადადება, რომ ჯენერის პატივსაცემად, ეს ტერმინი უნდა გავრცელებულიყო ახალ დამცავ აცრებზეც, რომლებსაც მაშინ ქმნიდნენ.[13]
არსებობს აბსოლუტური სამეცნიერო კონსენსუსი, რომ ვაქცინები ძალიან უსაფრთხო და ეფექტიანი გზაა ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად და მათ ამოსაძირკვად.[14][15][16][17] იმუნური სისტემა ვაქცინის აგენტებს უცხოდ აღიქვამს, ანადგურებს და „იმახსოვრებს“. შემდეგში, როდესაც ის ამ აგენტის ვირუსულ ვერსიას გადაეყრება, ორგანიზმი ვირუსის ცილოვან საფარს სცნობს და შესაბამისად, პასუხის გასაცემადაც უკვე მზად არის; პირველ რიგში ანეიტრალებს სამიზნე აგენტს, იქამდე, ვიდრე ის უჯრედებში შევა, შემდეგ კი ამოიცნობს და ანადგურებს ინფიცირებულ უჯრედებს, იქამდე, ვიდრე აგენტი დიდი ოდენობით გამრავლებას შეძლებს.
მიუხედავად ამისა, ეფექტიანობის თვალსაზრისით მაინც არსებობს გარკვეული შეზღუდვები.[18] ზოგჯერ თავდაცვა არ მიიღწევა, რისი მიზეზიც ვაქცინასთან დაკავშირებული ჩავარდნაა, მაგალითად, მარცხი ვაქცინის შესუსტებაში, ვაქცინაციის სქემაში ან ადმინისტრირებაში, ანდაც მასპინძელთან დაკავშირებული ჩავარდნა იმის გამო, რომ ამ მასპინძლის იმუნური სისტემა ვაქცინას სათანადოდ ან საერთოდ არ ეპასუხება. შეპასუხების სიმწირე ძირითადად გამოწვეულია გენეტიკით, იმუნური სტატუსით, ასაკით, ჯანმრთელობის ან კვებასთან დაკავშირებული სტატუსით.[19] ვაქცინის კრახი შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს გენეტიკური მიზეზებით, თუ მასპინძლის იმუნური სისტემა არ შეიცავს B-ლიმფოციტებს, რომლებიც წარმოქმნიან იმ ანტისხეულებს, რომლებიც პათოგენთან დაკავშირებულ ანტიგენებზე ეფექტიანად რეაგირებენ და მათ ბოჭავენ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასპინძელს ანტისხეულები განუვითარდა, თავდაცვა შეიძლება მაინც არ იყოს ადეკვატური; იმუნიტეტი შეიძლება ზედმეტად ნელა განვითარდეს, რათა დროულად იყოს ეფექტიანი, ანტისხეულებმა პათოგენი შეიძლება სრულად ვერ გააუვნებელყონ ან შეიძლება არსებობდეს პათოგენის მრავალი შტამი, რომელთაგან ყველა თანაბრად მგრძნობიარე არ იყოს იმუნური რეაქციისადმი. თუმცა, ნაწილობრივმა, გვიანმა ან სუსტმა იმუნიტეტმაც კი, ისეთმა, როგორიც არასამიზნე შტამისადმი ჯვარედინი იმუნურობის შედეგად ყალიბდება, შეიძლება ინფექცია შეასუსტოს, რასაც შედეგად მოსდევს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება, ნაკლები ავადობა და სწრაფი გამოჯანმრთელება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.