ინგლისის ეკონომიკა (1066-1509)
From Wikipedia, the free encyclopedia
სტატიაში მიმოხილულია ინგლისის ეკონომიკური მოწყობა მაღალი შუა საუკუნეებისა და გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში, უფრო ზუსტად 1066 წელს ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობიდან ჰენრი VII-ის მმართველობის დასასრულამდე, 1509. ამ პერიოდში ინგლისის ეკონომიკის საფუძველს ნატურალური სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა, ამასთანავე ინგლისში ჯერ კიდევ ნორმანების დაპყრობამდე დაიწყო საბაზრო ურთიერთობების განვითარება. ნორმანდიული საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მათ შორის ბატონყმობა, დაფუძნებული იყო ანგლოსაქსონურ ღია მინდვრების სისტემასა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმულ ქალაქების ქსელის განვითარებაზე. ნორმანდების დინასტიისა მმართველობისა და პირველი პლანტაგენეტების პერიოდში ინგლისი ეკონომიკა ვითარდებოდა. ეკონომიკურ ზრდას თან სდევდა დემოგრაფიული ზრდა, ასევე იზრდებოდა სახნავ-სათესი მიწების ფართობიც. წარმოიშვა ასობით ახალი ქალაქი, რაც ხელს უწყობდა სავაჭრო გილდიებისა და შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. განვითარდა, როგორც შიდა, ისე გარე ვაჭრობა.
ეკონომიკის ზრდა დასტაბილურდა XIII საუკუნის ბოლოსთვის. ამის მიზეზი კი ისეთი ფაქტორების წარუმატებელი თანხვედრა გახდა, როგორებიცაა ჭარბი მოსახლეობა, მიწის დეფიციტი და გამოფიტვა. 1315-1317 წლის დიდმა შიმშილობამ ინგლისელების დემოგრაფიული პოტენციალი მნიშვნელოვნად შეარყია. სიტუაცია გაამწვავა 1348 წელს შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი შეიწირა, რაც აისახა კიდეც ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ვითარებაზე. დასუსტებულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში გაიზარდა შრომის ღირებულება, დაეცა ფასები და შედეგად, შემცირდა საერთო მოგების მაჩვენებელი. ამ და სხვა წინაპირობებმა განაპირობა ბატონყმობის ინსტიტუტის საბოლოო ნგრევა, რომელიც ფერმერობის თანამედროვე ინსტიტუტმა ჩაანაცვლა, რაც მოხმარებული მიწის ფართობის მიხედვით გადახდას გულისხმობდა. 1381 წლის უოტ ტაილერის აჯანყებამ (გლეხთა აჯანყება) მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფეოდალურ მოწყობაზე და შეძლო მისი ტრანსფორმაცია მომდევნო საუკუნის განმავლობაშიც, კერძოდ, ამ აჯანყებამ განსაზღვრა საგადასახადო დაბეგვრის დონე. XV საუკუნეში ინგლისში გაიზარდა ტყავის წარმოება. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ინგლისელი ვაჭრების ახალი სოციალური ფენა, რომელიც სპეციალიზებული იყო არა ადგილობრივ ვაჭრობაზე, არამედ საერთაშორისო ოპერაციებზე. შეიქმნა ასევე ლივრეული კომპანიები - პრივილეგირებული სავაჭრო გაერთიანებები ქვეყნის დედაქალაქში. ამ გაერთიანებების შექმნა, მეტალდამმუშავებელ და გემთმშენებლობის ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად აღნიშნავს ინგლისური მეურნეობის შუასაუკუნეობრივი ეტაპის დასასრულსა და ახალი დროის დაწყებას.