მესიეს ობიექტების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
მესიეს ობიექტები — 110 ასტრონომიული ობიექტი, რომლებიც ფრანგმა ასტრონომმა შარლ მესიემ შეიტანა თავის კატალოგში „Catalogue des Nébuleuses et des Amas d'Étoiles“ (ნისლეულებისა და ვარსკვლავთგროვების კატალოგი). მისი მოსამზადებელი ვერსია 1771 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ Memoirs-ში გამოჩნდა, ბოლო ობიექტი კი, მესიეს დაკვირვებებზე დაყრდნობით 1967 წელს ასტრონომმა კენეთ გლინ ჯონსმა დაამატა. კატალოგის პირველი ვერსია 1774 წელს პარიზში, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა და შეიცავდა 45 ობიექტს. გარდა საკუთარი აღმოჩენებისა, სია ასევე მოიცავდა მანამდე, სხვა ასტრონომთა მიერ აღმოჩენილ ობიექტებს; 45 ობიექტიდან საკუთრივ მესიეს აღმოჩენილი მხოლოდ 17 იყო. 1780 წელს კატალოგი 80 ობიექტამდე გაიზარდა, მისი საბოლოო ვერსია კი 1781 წელს გამოქვეყნდა; ყოველწლიურ ასტრონომიულ პუბლიკაცია Connaissance des Temps-ის (დროთა შეცნობა) 1784 წლის ვერსიაში სია 103 ობიექტამდე იყო გაზრდილი. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, 102-ე ნომერი სიაში შეცდომით იყო შეყვანილი და საბოლოოდ, კატალოგში 102 ობიექტი დარჩა. დროთა განმავლობაში, მესიეს ნაწერების კვლევების შედეგად, სხვა ასტრონომებმა კატალოგის ობიექტთა რაოდენობა 110-მდე გაზარდეს.
კატალოგი ასტრონომიულ ობიექტთა ფართო სპექტრს მოიცავს, დაწყებული ვარსკვლავთგროვებით, ნისლეულებითა და გალაქტიკებით დამთავრებული. მესიე 1 არის სუპერნოვას ნარჩენი — კიბორჩხალსახის ნისლეული, M31 კი ანდრომედას სპირალურ გალაქტიკას აღნიშნავს. მეოცე საუკუნეში კატალოგს მრავალი ობიექტი დაემატა, რომელთა შორის პირველი იყო 1921 წელს, ფრანგი ასტრონომის, კამილ ფლამარიონის მიერ დამატებული მესიე 104 მას შემდეგ, რაც მან კატალოგის 1781 წლის სანიმუშო ვერსიაში, მესიეს მიერ გაკეთებული შენიშვნა იპოვა. 1947 წელს კატალოგს M105-დან M107-მდე დაამატა ასტრონომმა ელენ ჰოგმა, 1960 წელს M108 და M109 ოუენ გინგერიხმა, 1967 წელს კი M110 კენეთ გლინ ჯონსმა.
იმის გამო, რომ მესიე მხოლოდ კომეტების აღმოჩენით იყო დაინტერესებული, მან შეადგინა არა-კომეტა ობიექტთა სია, რასაც მისთვის ნადირობა უნდა გაეადვილებინა. კატალოგის შედგენისას, ის თავის თანაშემწესთან, ასტრონომ პიერ მეშენთან თანამშრომლობდა. ობიექტთა ეს კატალოგი ასტრონომიულ ობიექტთა ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სიაა, მესიეს მრავალი ობიექტი კი დღემდე მესიეს რიცხვებით აღინიშნება.