გიორგი მამარდაშვილი
ქართველი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
გიორგი მამარდაშვილი (დ. 29 სექტემბერი, 2000, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე. 2020 წელს დაასახელეს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ.[1] 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
Remove ads
საკლუბო კარიერა
ადრეული კარიერა
საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში.[2] 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.
„რუსთავი“
2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[3] მომდევნო მატჩში, 2019 წლის 6 მარტს, რომელშიც „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ ითამაშა, კარის მშრალად შენახვა შეძლო და შეხვედრაც უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[4] სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.
თბილისის „ლოკომოტივი“
2020 წლის დასაწყისში იჯარით თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო თამაში. სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მისი დებიუტი კლუბში 2020 წლის 9 ივლისს ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.[5] „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში პირველი „მშრალი“ მატჩი 2020 წლის 18 ივლისს „საბურთალოს“ წინააღმდეგ ითამაშა — შეხვედრა უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[6] მალევე კლუბში ძირითადი მეკარის ადგილი დაიმკვიდრა. იმავე წელს კლუბთან ერთად უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდს მიაღწია, რა დროსაც თბილისელებმა პირველ ორ ტურში რუმინული „უნივერსიტატეა“ და მოსკოვის „დინამო“ დაჯაბნეს, ხოლო მესამე ტურში ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდნენ. ესპანურ კლუბთან დამარცხების მიუხედავად, ქართველმა მეკარემ ესპანელი სკაუტების ყურადღება თავისი გამორჩეული თამაშით მაინც მიიპყრო.[7] 2020 წლის დეკემბრის ბოლოს მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიღო.[8] 2021 წლის იანვარში კი უეფამ ფეხბურთელი 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.[9] 2021 წლის დასაწყისში მან კვლავ თბილისურ კლუბში გამოსვლა განაგრძო.
„ვალენსია“
2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილი იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა.[10][11] წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა.[12] მისი ესპანური დებიუტი 2021 წლის 13 აგვისტოს, ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ შედგა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.[13]
2021 წლის ბოლოს „ვალენსიამ“ საბოლოოდ გამოისყიდა მამარდაშვილი და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.[14][15] პირველი მატჩი, როგორც კლუბის სრულფასოვანმა მოთამაშემ, 2022 წლის 6 თებერვალს, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ ჩაატარა.[16] თავის სადებიუტო სეზონში მან ესპანეთის პირველობის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სულ 20 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო.[17] 2022 წლის მაისში, Marca-ს ვერსიით, ფეხბურთელი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
2023 წლის 21 მაისს ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. საყოველთაო შეფასებით გიორგი მამარდაშვილმა „რეალთან“ თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ორივე გუნდში გამორჩეული იყო და აღიარებაც მოიპოვა. ლა ლიგამ მამარდაშვილის მიერ ვალვერდეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება[18] — საუკეთესოდ მიიჩნია და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, იმ სეზონში კი მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო მეკარედ.[19][20]
2023–24 წლების სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. 37 მატჩში გიორგიმ 13-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და 41 ბურთი გაუშვა.
Remove ads
სანაკრებო კარიერა
2016 წლის 3 ოქტომბერს ერთი მატჩი ითამაშა საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების რიგებში შვედი თანატოლების წინააღმდეგ.[21]
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც საქართველო თანამასპინძლობდა.[22]
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2021 წლის 8 სექტემბერს, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.
მომდევნო 2022 წელს, ხუთ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ორი იყო ამხანაგური — ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.
2023 წელს რვაჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და რვავეჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში.
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა ბერძენთა გუნდის კაპიტნის ანასტასიოს ბაკასეტასის მიერ დარტყმული პირველივე პენალტი მოიგერია, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველი ფეხბურთელების საბოლოო წარმატებაში.[23][24][კომ. 1]
Remove ads
საკლუბო სტატისტიკა
- განახლდა: 27 მაისი, 2024[25]
- ეროვნული ლიგიდან გასავარდნი პლეი-ოფი
- უეფა-ს ევროპა ლიგაზე ჩატარებული შეხვედრები
- ესპანეთის სუპერთაზე ჩატარებული შეხვედრები
სანაკრებო სტატისტიკა
- განახლდა: 23 მარტი, 2025
სანაკრებო მატჩები და გოლები
- საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი პლეი-ოფის ფინალში პენალტების სერიაში 4–2 დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
Remove ads
მიღწევები
საკლუბო
- ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი: 2018
- ესპანეთის თასის ფინალისტი: 2021–22[57]
ინდივიდუალური
- ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე: 2020
- საქართველოს 2022–23 წლების სეზონის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი: „სარბიელის“ ვერსიით[58]
- საქართველოს წლის ფეხბურთელი: 2024[59]
ჯილდოები
- ღირსების ორდენი: 2024[60]
ფაქტები
2022 წლის მაისში ესპანურმა ჟურნალმა Marca-მ სხვადასხვა კატეგორიაში გასული სეზონის საუკეთესო გუნდები დაასახელა. ლა ლიგის აღმოჩენების გუნდში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელმაც მოცემული პერიოდისთვის ვალენსიელთა კარი 18-ჯერ დაიცვა და აქედან 8-ჯერ მისი მშრალად შენახვა შეძლო.[61]
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ რეკორდი გააუმჯობესა და გუნდის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა. მან ამ მაჩვენებლით გუნდის ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი (59 მატჩი) მოხსნა.[62]
გიორგი მამარდაშვილი ეროვნული გუნდის პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა შეასრულა. 2025 წლის 20 მარტს უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3–0 დაამარცხა. მატჩის 37-ე წუთზე მამარდაშვილის გადაცემით მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო.[63]
Remove ads
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი მამარდაშვილი — საქართველოს ეროვნული ლიგის საიტზე
- გიორგი მამარდაშვილი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
კომენტარები
- საქართველოს ნაკრებმა ეს ისტორიული მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, დვალი, შენგელია (წიტაიშვილი 86), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 104), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 104), კვარაცხელია (ქვილითაია 109), ზივზივაძე (მიქაუტაძე 75).
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads