ცხენისწყალი
მდინარე საქართველოში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ცხენისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კმ². ცხენისწყლის შუა და ზემო დინება კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო — კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70 %), ზამთარში — წყალმცირობა (10 %), შემოდგომაზე — წყალმოვარდნა (20 %).
წყალდიდობა ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში — აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად რიონს უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები — ყინულნაპირისი და თოში — იცის ზემო და შუა დინებაში. მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.
ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: ზესხო, ხელედულა, ჯონოულა (მარჯვ.), ღობიშური, ლეუშერი, ხოფური (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურაში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.
ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.
Remove ads
ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 251.
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads