ანდორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანდორი (ინგლ. Andor, ასევე ცნობილი, როგორც Star Wars: Andor) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ლიმიტირებული სატელევიზიო სერიალი. შექმნა ტონი გილროიმ სტრიმინგ სერვისისათვის Disney+. „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს რიგით მეოთხე მხატვრული (live-action) სერიალია და წარმოადგენს 2016 წლის ფილმ „განდგომილი ერთის“ და 1977 წლის ფილმ „ვარსკვლავური ომების“ წინარე ისტორიას (პრიქველს). სერიალი მოგვითხრობს ამბოხებულთა ჯაშუშად ქცეული ყოფილი ქურდის, კასიან ანდორის ცხოვრების შესახებ აღნიშნულ ფილმებში გადმოცემულ მოვლენებამდე ხუთი წლით ადრე.
ანდორი | |
---|---|
ჟანრი |
|
ავტორი | ტონი გილროი |
ეფუძნება | ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავური ომები“ |
მონაწილეობენ |
|
კომპოზიტორ(ებ)ი | ნიკოლას ბრიტელი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 1 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
ხანგრძლივობა | 38–57 წუთი |
კომპანია | Lucasfilm |
ბიუჯეტი | 250 მილიონი აშშ დოლარი (დაახლ.)[1] |
ორიგინალური არხი | Disney+ |
ეთერში | 21 სექტემბერი, 2022 (2022-09-21) — მიმდინარე |
რესურსები ინტერნეტში |
დიეგო ლუნა უბრუნდება კასიან ანდორის როლს და სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. სამსახიობო ანსამბლში შედიან კაილ სოლერი, ადრია არხონა, ფიონა შო, სტელან სკარსგარდი, დენის გოუ, ჯენევიევ ო'რილი, ფეი მარსეი, ვარადა სეთჰუ, ელიზაბეთ დულაუ და სხვები. Lucasfilm-მა ანდორის შესახებ სერიალი, ისევე, როგორც ლუნას დაბრუნება, 2018 წლის ნოემბერში დააანონსა. ამ დროს სერიალის ავტორად სტივენ შიფი მოიაზრებოდა, რომელიც 2020 წლის აპრილში „განდგომილი ერთის“ თანაავტორმა, ტონი გილროიმ ჩაანაცვლა. გადაღებები 2020 წლის ნოემბერში დაიწყო და მას COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა ხელი. გადაღებები, რომელიც Pinewood Studios ბაზაზე და ასევე, ლონდონის სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა, 2021 წლის სექტემბერში დასრულდა.
„ანდორის“ პირველი სეზონის პრემიერა Disney+-ზე 2022 წლის 21 სექტემბერს პირველი სამი ეპიზოდით შედგა, დანარჩენი ეპიზოდები კვირაში ერთხელ გამოდიოდა და 23 ნოემბერს დასრულდა. სერიალს კინოკრიტიკოსების ფართო აღიარება ხვდა წილად, განსაკუთრებით აღინიშნა მისი სცენარი, ექშენი, მუსიკა და უფრო მოწიფული, სერიოზული ტონი „ვარსკვლავური ომების“ სხვა პროექტებთან შედარებით.[2][3][4] მეორე სეზონის გადაღებები ლონდონში ამჟამად მიმდინარეობს. იგი სერიალს დაასრულებს და პირდაპირ დაუკავშირდება „განდგომილი ერთის“ მოვლენებს.