From Wikipedia, the free encyclopedia
აპოლონი (ძვ. ბერძნ. Απόλλων) — სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოსა და ზევსის ვაჟი. ლინოსისა და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი (ბერძ. Φοίβος).
ზევსის საქციელით განრისხებული ჰერა ლეტოს დევნიდა და არ აძლევდა მშობიარობის საშუალებას. რადგან ჰერას მრისხანება უსაზღვრო იყო, ზევსმა ბრძანა და ხმელთაშუა ზღვაში კუნძული დელოსი ამოიზარდა, მან ლეტო იქ გადაიყვანა, სადაც ქალღმერთმა აპოლონი და არტემიდე შვა. აპოლონთან დაკავშირებულია მრავალი მითი:
მეცნიერთა აზრით აპოლონის კულტი მცირე აზიიდან უნდა იყოს შემოსული. ამაზე მეტყველებს რამდენიმე ფაქტი: 1. ტროას ომში აპოლონი ტროელთა მხარეზეა. 2. აპოლონის ტაძრების უმრავლესობა სწორედ მცირე აზიაშია განლაგებული. 3. არის ცდები აპოლონის სახელის ეტიმოლოგია მცირე აზიის ერთ-ერთი ენის მეშვეობით ახსნან, სადაც აპოლონი თითქოს კარებს უნდა ნიშნავდეს და ამიტომ ვარაუდობენ, რომ აპოლონი თავდაპირველად შესაძლებელია კარების ღმერთი ყოფილიყო (ღმერთი, რომელიც ოჯახის, ქალაქის, სახელმწიფოს კარებს იცავდა ბოროტმზრახველებისაგან). ამის დასადასტურებლად იმასაც იყენებენ, რომ აპოლონის ერთ-ერთი ეპითეტია „თიურაიოსი“, რაც ბერძნულ ენაზე „კარებისას“ აღნიშნავს. აპოლონის კულტი საბერძნეთში ადრევე, მიკენის ეპოქაში გადასულა. აპოლონის კულტის უძველესობასა და მის ტოტემურ ხასიათზე მიუთითებს მისი მრავალი ეპიკლესი (ზედმეტი სახელი) როგორიცაა მაგალითად: აპოლონ ლიკეოსი (მგელი), აპოლონ სმინთევსი (თაგვი) და სხვა მსგავსი. ფიქრობენ, რომ აპოლონი თავიდან ამ ცხოველთა სახეს იღებდა, შემდეგ კი მიიღო ღმერთის სახე, რომელიც იცავდა ადამიანებს, მათ ნახირს და მოსავალს თაგვების, მგლების და სხვა მავნე ცხოველებისგან.
ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში აპოლონს თვლიდნენ გზების, მგზავრების და მეზღვაურების მფარველად. აპოლონთან, როგორც უბედურებათა უკუმგდებ ღმერთთან, დაკავშირებულია მითები მის ასკლეპიოსთან ნათესაობის შესახებ. შედარებით ადრე აპოლონს აღიარებენ აგრეთვე მზის სხივის ღვთაებად. ამასთან დაკავშირებით აღმოცენდა მისი კიდევ ერთი ზედმეტი სახელი აპოლონ ფებოსი (ბრწყინვალე), რაც შესაძლებელია მოხდა ადგილობრივი ქალღმერთის ფებეს კულტის უარყოფის შემდეგ. ბერძნული რელიგიის განვითარებასთან დაკავშირებით აპოლონმა შთანთქა ჰელიოსის კულტიც. აპოლონი ითვლება აგრეთვე მიწათმოქმედების ღმერთად, ამაზე მეტყველებენ აპოლონის პატივსაცემი ატიკური დღესასწაულები. აპოლონი, როგორც მიწათმოქმედების ღმერთი, ჩამორჩება აპოლონს როგორც ომის ღმერთს. ძველი ბერძნები, ადამიანის უეცარ გარდაცვალებას მხოლოდ და მხოლოდ აპოლონისაგან ნატყორცნი ისრის შედეგად მიიჩნევდნენ. იტალიაში არსებული ბერძნული კოლონიების გამო აპოლონის კულტი გადავიდა რომშიც და იქ, ჩვენს ერამდე 31 წელს, მას ტაძარიც კი აუგეს. პალატინის ახლოს მდებარე აპოლონის ტაძარი იმპერიის პერიოდში ერთ-ერთი უმდიდრესი ტაძარი იყო მთელ რომის იმპერიაში. აპოლონს სწირავდნენ დაფნას და პალმას. აპოლონის წმინდა ცხოველებია: მგელი, დელფინი, ქორი, თაგვი და სხვა. ძველ გამოსახულებებში აპოლონი მაღალი, გამართული, გრძელთმიანი და უწვერ–ულვაშო ახალგაზრდაა, მისი ატრიბუტებია: ლირა, ხმალი და კითარა. ელინისტურ პერიოდში აპოლონი გამოისახებოდა მჯდომარე ყმაწვილად ლირის დაკვრის პროცესში. სხვადასხვა მოქანდაკეთა მიერ შესრულებულ აპოლონის ქანდაკებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი რომაული ასლები. თანამედროვე გაგებით აპოლონი მუსიკისა და პოეზიის ღვთაებაა, ფებოსი კი მზის პოეტური მნიშვნელობაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.