From Wikipedia, the free encyclopedia
არაბთა დაპყრობითი ომები — დიდი სამხედრო კოლონიზაციური მოძრაობა აზიაში, აფრიკასა და ევროპაში VII საუკუნის 30-იან — VIII საუკუნის 30-იან წლებში. არაბთა დაპყრობითი ომები ორგანულად იყო დაკავშირებული პირველყოფილი წყობილების რღვევასა და კლასობრივ ურთიერთობათა ჩამოყალიბებასთან არაბეთის ნახევარკუნძულის ტომებში, რაც VII საუკუნის 30-იან წლებში მათი პოლიტიკური გაერთიანებით დასრულდა. არაბთა დაპყრობითი ომების ორგანიზატორი იყო არაბთა თეოკრატიული სახელმწიფოს სათავეში მოქცეული გვაროვნული არისტოკრატია.
არაბთა დაპყრობითი ომები გაჩაღდა საღვთო ომების ლოზუნგით (იხ. ღაზავათი) 633 წლის ბოლოს, როცა სასანიანთა ირანისა და ბიზანტიის ტერიტორიაზე არაბები შეიჭრნენ. 637 წელს კადისიასთან დაამარცხეს ირანული ლაშქარი და დაიკავეს სასანიანთა ირანის დედაქალაქი ქტესიფონი. 641 წელს აიღეს ქალაქი მოსული, ხოლო 642 წელს გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს ნაჰავანდთან. 652 წელს მთლიანად დაიმორჩილეს ირანი და შუა აზიის დაპყრობას შეუდგნენ.
640 წელს არაბები შეიჭრნენ სომხეთში, 642–643 წლებში საქართველოში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. 654 არაბები მეორედ შეესივნენ საქართველოს და აიღეს თბილისი (იხ. არაბობა საქართველოში).
არაბთა დაპყრობითი ომების მეორე ასპარეზი იყო ბიზანტიის სამფლობელოები. 635 წელს არაბებმა აიღეს დამასკო, ხოლო 636 წელს დაამარცხეს ბიზანტიის ჯარები მდინარე იარმუქზე. 640 წელს მთელი სირია და პალესტინა არაბთა ხელში აღმოჩნდა. VII საუკუნის 40-იან წლებში არაბები შეიჭრნენ ჩრდილოეთ აფრიკაში და 646 წელს დაეუფლნენ ეგვიპტეს. მათ დაიმორჩილეს ბერბერთა ტომები, რომლებიც შემდეგ არაბთა დაპყრობით ომებში მონაწილეობდნენ. არაბთა დაპყრობითი ომების წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მწვავე კლასობრივმა ბრძოლამ ბიზანტიასა და ირანში, აგრეთვე ხანგრძლივმა ომებმა (602–629) ამ ორ ქვეყანას შორის. არაბთა დაპყრობითი ომები დროებით შეფერხდა VII საუკუნის მეორე ნახევარში, რაც გამოიწვია სახალიფოში დაწყებულმა შინაპოლიტიკურმა კრიზისმა და სამოქალაქო ომებმა.
VIII საუკუნის დამდეგიდან დაიწყო არაბთა დაპყრობითი ომების მეორე ეტაპი. 709 წელს არაბებმა ატლანტის ოკეანის ნაპირებს მიაღწიეს. მუსლიმთა მიერ პირენეს ნახევარკუნძულის დაპყრობა გამოირჩევა ხანმოკლეობითა და იმდროინდელი წყაროების არასანდოობით.[1][2] ვესტგუთების მეფე ვიტიცას გარდაცვალების შემდეგ (710) მისმა სახელმწიფომ პოლიტიკური დაქუცმაცება განიცადა.[2] ვესტგოთი დიდგვაროვნები ორ დაჯგუფებად გაიყო: მეფე ვიტიცას მიმდევრები და ახალი მეფის, როდერიკის მხარდამჭერები.[3] აგილა, ვიტიცას ვაჟი მაროკოში გაიქცა მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში დამარცხდა და მუსლიმებს ესპანეთის დაკავება სთხოვა.[3] 710 წლის გაზაფხულზე არაბებმა რამდენიმე თავდასხმა მოაწყეს ნახევარკუნძულზე და მიხვდნენ, რომ ვესტგოთები სუსტები იყვნენ.[4] მათ 711 წელს გადალახეს გიბრალტარის სრუტე და ესპანეთში ტარიქ იბნ ზიადის მეთაურობით შეიჭრნენ.[2] 711 წელსვე არაბებმა და ბერბერებმა ფეხი მოიკიდეს პირენეს ნახევარკუნძულზე, გაანადგურეს ვესტგუთების სახელმწიფო და 718 წელს დაიმორჩილეს პირენეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი, 720 წელს შეიჭრნენ გალიაში. მათი შემდგომი წინსვლა ევროპაში შეაჩერა ფრანკების ლაშქარმა მაიორდომ კარლ მარტელის მეთაურობით პუატიეს ბრძოლაში.
აღმოსავლეთით 711–713 წლებში არაბებმა დაიმორჩილეს შუა აზია და მიაღწიეს ტანის იმპერიის საზღვრებს. მათ დაიპყრეს მდინარე ინდის ხეობის ქვემოწელი. VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბები საბოლოოდ გაბატონდნენ ამიერკავკასიაში, შეიჭრნენ ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მაგრამ ხაზართა სახელმწიფოს დამარცხება ვერ შეძლეს. IX საუკუნის პირველ ნახევარში დაიკავეს კრეტა, მალტა, სიცილია. IX საუკუნის მეორე ნახევარში არაბთა დაპყრობითი ომები თითქმის შეწყდა.
არაბთა სახალიფო შინაგან სიმტკიცეს მოკლებული ადმინისტრაციული გაერთიანება იყო. ძალდატანებით დამორჩილებული ხალხები და ტომები სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იდგნენ. თვით არაბულ არისტოკრატიას არ შესწევდა დამორჩილებული ქვეყნების დამოუკიდებლად მართვის უნარი. იგი იძულებული იყო დაპყრობილ ქვეყნებში ხელუხლებლად დაეტოვებინა ადგილობრივი მმართველობის სისტემა. არაბთა ბატონობამ დროებით შეაფერხა ირანის, ამიერკავკასიის, შუა აზიისა და სხვა ხალხების საზოგადოებრივი განვითარების ბუნებრივი პროცესი. მათი ბატონობის დროს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ისლამი და არაბული ენა, წარმოიშვა არაბული კულტურა, რომელშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს დაპყრობილმა ხალხებმაც. ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებამ და სახალხო-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ამიერკავკასიაში, შუა აზიასა და ირანში IX–X საუკუნეებში განაპირობა სახალიფოს დაშლა. არაბთა ბატონობა უფრო დიდხანს გაგრძელდა პირენეს ნახევარკუნძულზე (მოისპო რეკონკისტის შედეგად).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.