ბიზანტიის იმპერია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიზანტიის იმპერია, ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერია ან უბრალოდ ბიზანტია — რომის იმპერიის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ძირითადად ბერძნულენოვანი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა გვიანი ანტიკურ ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდში. მისი დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი (დღევანდელი სტამბოლი[კ 3]), რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც ბერძნული კოლონია ბიზანტიონი.[2] ქვეყანა გადაურჩა დასავლეთ რომის იმპერიის დაშლასა და დაცემას V საუკუნეში და განაგრძობდა არსებობას კიდევ ათასი წლის განმავლობაში, 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ მის დაპყრობამდე. მისი არსებობის განმავლობაში იმპერია წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო ძალას ევროპაში. როგორც „ბიზანტიის იმპერია“, ისე „აღმოსავლეთ რომის იმპერია“ წარმოადგენს ისტორიოგრაფიულ ტერმინს იმპერიის აღსანიშნავად მისი განადგურების შემდეგ. თავად მისი მაცხოვრებლები სახელმწიფოს უწოდებდნენ რომის იმპერიას (ძველ ბერძნ. Βασιλεία Ῥωμαίων, ლათ. Imperium Romanum) ან რომანიას (ძველ ბერძნ. Ῥωμανία),[3][4][5] ხოლო საკუთარ თავს „რომაელებს“.[6]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბიზანტიის იმპერია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბიზანტიის იმპერია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ბიზანტიის იმპერია Βασιλεία Ῥωμαίων, Ῥωμανία (ძვ. ბერძნ.) Imperium Romanum, Romania (ლათ.) | ||||||
| ||||||
| ||||||
ბიზანტიის იმპერია იუსტინიანე I-ის დროს, 555 წელს. | ||||||
დედაქალაქი | კონსტანტინოპოლი | |||||
ენები | ლათინური (620 წლამდე) ბერძნული (620 წლიდან) | |||||
რელიგია | რომაული რელიგია (380 წლამდე) ქრისტიანობა (1054 წლამდე) მართლმადიდებლობა (1054 წლიდან) | |||||
მთავრობა | ავტოკრატული აბსოლუტური მონარქია | |||||
იმპერატორი | ||||||
- | 330–337 | კონსტანტინე I დიდი | ||||
- | 395-408 | არკადიუსი (პირველი იმპერატორი რომის იმპერიის ოფიციალურად გაყოფის შემდეგ) | ||||
- | 1261-1282 | მიხეილ VIII (პირველი იმპერატორი კონსტანტინოპოლის დაბრუნების შემდეგ) | ||||
- | 1449–1453 | კონსტანტინე XI (უკანასკნელი იმპერატორი) | ||||
ისტორიული ერა | გვიანი ანტიკური- გვიანი შუა სააუკუნ. | |||||
- | რომის იმპერიის გაყოფა | 285 | ||||
- | შეიქმნა | 330/395[კ 2] | ||||
- | თეოდოსიუს I-ის გარდაცვალება და იმპერიის საბოლოო გაყოფა | 395 | ||||
- | დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა | 476 | ||||
- | IV ჯვაროსნული ლაშქრობა | 1204 | ||||
- | კონსტანტინოპოლის ხელახალი დაპყრობა | 1261 | ||||
- | კონსტანტინოპოლის დაცემა | 29 მაისი 1453 | ||||
- | ტრაპიზონის დაცემა | 15 აგვისტო 1461 | ||||
ფართობი | ||||||
- | IV ს | 2 500 000 კმ² (965 255 მლ²) | ||||
- | 565 | 3 500 000 კმ² (1 351 358 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 565 წელი | 26 000 000 | ||||
სიმჭიდროვე | 7,4 /კმ² (19,2 /მლ²) | |||||
- | 780 წელი | 7 000 000[1] | ||||
- | 1025 წელი | 12 000 000 | ||||
- | 1143 წელი | 10 000 000 | ||||
ვალუტა | სემისისი, ტრემისისი სოლიდუსი (მიმოქცევაში იყო 1092 წლამდე), პერპერა (დაახლ. 1092 წლიდან), | |||||
ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბება ერთბაშად არ მომხდარა. IV-დან VI საუკუნემდე განხორციელებულმა რამდენიმე ღონისძიებამ საბოლოოდ რომის იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფა გამოიწვია. 284 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305 წწ.) რომის იმპერიის მმართველობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაყო. 330 წლისათვის კონსტანტინე I-მა (306–337 წწ.) დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა,[7] რომელსაც მოგვიანებით კონსტანტინოპოლი („კონსტანტინეს ქალაქი“) და Nova Roma („ახალი რომი“) ეწოდა.[კ 4] თეოდოსიუს I-ის (379-395 წწ.) მმართველობისას ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო სხვები, მაგ. რომაული პოლითეისტური რელიგია აიკრძალა.[8] ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი არსებითად დასრულდა იმპერატორ ჰერაკლეს (610-641 წწ.) მმართველობისას, როდესაც მოხდა იმპერიის მმართველობისა და არმიის რესტრუქტურიზაცია და ოფიციალურ ენად დამტკიცდა ბერძნული ლათინურის ნაცვლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის იმპერია წარმოადგენდა რომის იმპერიის მემკვიდრესა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების გამგრძელებელს, თანამედროვე ისტორიკოსები ბიზანტიას გამოარჩევენ ანტიკური რომისაგან, რადგან ის ლათინურის ნაცვლად ბერძნული კულტურის მატარებელი იყო, ხოლო სახელმწიფო რელიგიას რომაული პოლითეიზმის მაგივრად მართლმადიდებელი ქრისტიანობა წარმოადგენდა.
ბიზანტიის იმპერიის საზღვრები მისი არსებობის განმავლობაში გამუდმებით იცვლებოდა. იმპერიამ შემცირებისა და შემდეგ კვლავ გაფართოების რამდენიმე ეტაპი გაიარა. იმპერატორ იუსტინიანე I-ის (527-565 წწ.) მმართველობისას იმპერიის ტერიტორიამ მაქსიმუმს მიაღწია. ამ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა რომის იმპერიის მრავალი ყოფილი პროვინცია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში თვით რომის ჩათვლით, რომელსაც ბიზანტია ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა. იმპერატორ მავრიკიოსის მმართველობისას იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი გაფართოვდა, ჩრდილოეთი კი დასტაბილურდა, თუმცა მისმა მკვლელობამ ქვეყანა სასანურ ირანთან ოცწლიან ომში ჩაითრია, რამაც იმპერიის რესურსები გამოფიტა, ამან კი მაჰმადიან დამპყრობლებს მისი ტერიტორიების დაპყრობა გაუადვილა. VII საუკუნეში არაბებმა იმპერიას სხვებთან ერთად ყველაზე მდიდარი პროვინციები — ეგვიპტე და სირია წაართვეს.
არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ მაკედონელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში (X-XI სს) იმპერია კვლავ გაფართოვდა და მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში დომინანტ ძალად იქცა. ეს იყო მისი აღორძინების ორსაუკუნოვანი ეპოქა, რომელიც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებთან დამარცხებით დასრულდა, რის შედეგადაც ბიზანტიამ სამუდამოდ დაკარგა ანატოლიის უდიდესი ნაწილი, რომელიც თურქების ახალ „სამშობლოდ“ იქცა. უკვე მოგვიანებით ქვეყნის სათავეში ექცევა კომნენოსთა დინასტია. კომნენოსებმა შეძლეს იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება, თუმცა იმპერატორ ანდრონიკე I კომნენოსის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
იმპერიის არსებობის ბოლო საუკუნეების განმავლობაში ზოგად ტენდენციას წარმოადგენდა ტერიტორიის შემცირება და დასუსტება. მთელი XII საუკუნის განმავლობაში ბიზანტია განუწყვეტლად იბრძოდა თურქების წინააღმდეგ, თუმცა „სასიკვდილო დარტყმა“ მას არა მაჰმადიანებმა, არამედ ევროპელმა ჯვაროსნებმა მიაყენეს, რომლებმაც მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს (1204 წელს) იერუსალიმის ნაცვლად აიღეს და სასტიკად გაძარცვეს კონსტანტინოპოლი. ბიზანტიის ტერიტორია ლათინურ (ლათინთა იმპერია) და ბერძნულ (ნიკეის იმპერია, ტრაპიზონის იმპერია და ეპირის დესპოტატი) ერთმანეთთან დაპირისპირებულ სამეფოებად დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ 1261 წელს ბიზანტიელებმა კონსტანტინოპოლის დაბრუნება შეძლეს, იმპერიას მხოლოდ დედაქალაქი და რამდენიმე მცირე პროვინციაღა შერჩა. მისი დანარჩენი ტერიტორიები თანდათანობით დაიპყრეს ოსმალებმა, რომლებმაც 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის აღებით წერტილი დაუსვეს ბიზანტიის იმპერიის არსებობას.