From Wikipedia, the free encyclopedia
„ბორჯომი“ — ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი საქართველოს ამავე სახელწოდების ქალაქ-კურორტიდან. იგი ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც.
მინის ბოთლი ქართული ეტიკეტით | |
ქვეყანა | საქართველო |
---|---|
მწარმოებელი | აიდიეს ბორჯომი |
ჩამოსხმა დაიწყო | 1890 |
კალციუმი (Ca) | 20-150 მგ/ლ |
ქლორი (Cl) | 250-500 მგ/ლ |
ჰიდროკარბონატი (HCO3) | 3500-5000 მგ/ლ |
მაგნიუმი (Mg) | 20-150 მგ/ლ |
კალიუმი (K) | 15-45 მგ/ლ |
ნატრიუმი (Na) | 1000-2000 მგ/ლ |
საერთო მინერალიზაცია (TDS) | 5.0-7.5 გ/ლ |
ვებგვერდი | borjomi.com |
ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით.
ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები.
1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.
ბორჯომის მინერალური წყაროები აღმოჩენილი ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში. ამაზე მეტყველებს XX საუკუნეში აღმოჩენილი 7 ქვის აბაზანა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს იყენებდნენ სწორედ აბაზანებისთვის და არა მხოლოდ დასალევად. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ მინერალური წყალი გამოიყენებოდა XVI საუკუნის ბოლომდე. ნაპოვნია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის ზოგიერთ წყარომდე იყო მიყვანილი. XVI-XVIII საუკუნის ომების შედეგად წყაროების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ხოლო ის ადგილები, სადაც ეს წყაროებია, მიტოვებულ იქნა.
ბორჯომის წყლის „მეორე ცხოვრება“ დაიწყო XIX საუკუნის 20–იანი წლების ბოლოს. 1829 წელს ბორჯომში განლაგდა ხერსონის გრენადიორთა პოლკი. ერთხელ ჯარისკაცებმა ტყეში, მდინარე ბორჯომულას მარჯვენა ნაპირზე იპოვეს მინერალური წყარო. პოლკოვნიკი პ. პოპოვი დაინტერესდა ამ ამბით და ბრძანა წყაროს გაწმენდა და მისი ჭურჭლით ზიდვა პოლკში. მას კუჭის წყლული აწუხებდა და წყალი იმდენად მარგებელი აღმოჩნდა მისთვის, რომ გადაწყვიტა წყარო ქვით შემოეზღუდა. იქვე ააშენებინა მან აბანო და პატარა სახლი თავისთვის.
1837 წელს ხერსონის პოლკი ჩაანაცვლა ქართველ გრენადიორთა პოლკმა. პოლკის ექიმმა ამიროვმა დაიწყო წყლის შემადგენლობის გამოკვლევა და მისი ზემოქმედების შესწავლა. მანვე გააგზავნა წყლის პირველი სინჯები სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში.
1841 წელს ბორჯომის მინერალური წყალი უკვე იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ კავკასიის მთავარმართებელმა ევგენი გოლოვინმა თავისი სნეული ქალიშვილი ბორჯომში ჩაიყვანა სამკურნალოდ. უცნობია, თუ კონკრეტულად რა დაავადება ჰქონდა მას, თუმცა ცნობილია, რომ წყალმა მას დიდად არგო, რის გამოც ბორჯომის მინერალური წყლის პირველ წყაროს გოლოვინმა ქალიშვილის სახელი (Екатерининский) უწოდა ხოლო მეორეს — საკუთარი (Евгеньевский).
1842 წელს ექიმმა ამიროვმა თხოვნით მიმართა გენერალ გოლოვინს, რათა კეთილმოეწყოს კურორტი ბორჯომი. ამ დროს იწყება ქალაქ ბორჯომის ინფრასტრუქტურის განვითარება.
1846 წელს კავკასიაში ახლადდანიშნულმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ბორჯომი თავის საზაფხულო რეზიდენციად გაიხადა. დაიწყო ქალაქის კეთილმოწყობა: აშენდა სახლები, აბანოები, ეკლესიები, სასტუმროები. 1850 წელს გაშენდა მინერალური წყლების პარკი, ხოლო 1854 წელს დაიწყო პირველი ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა. სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა, ზახაროვმა ჩამოასხა მინერალური წყალი 1300 ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში და თბილისში გასაყიდად წაიღო.
1862 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა დიდი თავადი მიხეილ რომანოვი. მანაც თავისი საზაფხულო რეზიდენცია ბორჯომში მოაწყო. იმ დროისთვის ბორჯომის სამკურნალო თვისებების შესახებ ამბავი მთელ რუსეთის იმპერიას მოედო. ბორჯომში შენდებოდა ახალი სასახლეები, პარკები, სკვერები, სასტუმროები. 1894 წელს გაყვანილ იქნა ხაშურიდან ბორჯომამდე რკინიგზა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიმოსვლა. მანამდე ბორჯომში ცხენიანი ფაეტონებით ჩადიოდნენ და გზას თბილისიდან ბორჯომამდე 8–9 საათი უნდებოდა.
1894 წელს მიხეილ რომანოვმა დაიწყო მინერალური წყლების პარკში ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა, რომელმაც XX საუკუნის 50–იან წლებამდე იარსება.
1896 წელს ბორჯომში გაიხსნა შუშის პირველი ქარხანა, სადაც 1950 წლამდე ბოთლები ხელით მზადდებოდა.
1900 წელს ბორჯომში მივლინებით ჩავიდა ქიმიკოსი ფ. მოლდსენგაუერი, რომელმაც ბოთლში ჩამოსხმული წყლის ფიზიკურ–ქიმიური თვისებების შესანარჩუნებელი მეთოდი შეიმუშავა. სწორედ მისი იდეა იყო მინერალური წყლის ნახშირბადის დიოქსიდით დაგაზვა, რამაც საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ წყალი საზღვარგარეთ ექსპორტზე გაეტანათ.
1904 წელს ხდება „ბორჯომის“ წარმოების ნაწილობრივი მექანიზაცია, კერძოდ შუშა თუ ხელით მზადდებოდა, ბოთლებში ჩამოსხმა უკვე მექანიზებული წესით ხდებოდა. ამავე წლით თარიღდება საგაზეთო განცხადება, სადაც ლაპარაკია მინერალური წყლის — „ბორჯომის“ ვაგონებით გაყიდვაზე. წარმოების მექანიზაციამ მოიტანა დიდი წარმატება: თუ 1854 წელს მხოლოდ 1350 ბოთლი ბორჯომი გავიდა ქარხნიდან, უკვე 1905 წელს მისი რიცხვი 320 ათას ბოთლამდე გაიზარდა, ხოლო 1913 წლისთვის უკვე 9 მილიონს გადააჭარბა.
ამავე პერიოდში ბორჯომი იღებს საერთაშორისო აღიარებას:
საბჭოთა პერიოდში ბორჯომი უკვე სტალინის საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, ხოლო კრემლში არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა „ბორჯომის“ გარეშე.
1961 წელს 423 ათასი ბოთლი იქნა ექსპორტირებული მსოფლიოს 15 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვა. 1980-იან წლებში „ბორჯომის“ გაყიდვამ 400 მილიონ ბოთლს მიაღწია და იგი სსრკ-ში ყველაზე პოპულარულ წყალი გახდა. 1990 წლისთვის ბორჯომის რეალიზაციამ 450 მილიონ ბოთლს გადააჭარბა.
1990-1995 წლებში საქართველოში შიდა ეკონომიკური სიძნელეების გამო მკვეთრად შემცირდა „ბორჯომის“ წარმოება, მაგრამ 1995 წლიდან პრივატიზაციის შედეგად ბორჯომის წარმოებას შეუდგა კომპანია საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია (Georgian Glass & Mineral Water Co. N. V.), რომელიც „თიბისი“ ბანკის მფლობელს, მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა. მოწვეულ იქნენ ინვესტორები, რის შემდეგაც წარმოება 40–ჯერ გაიზარდა.
1997 წელს მოხდა „ბორჯომის“ №1 და №2 ქარხნების მოდერნიზაცია, კომპანიის საკუთრებაში გადავიდა ხაშურის შუშის ქარხანა, რომელიც ბორჯომიდან 30 კმ–ში მდებარეობს. ასევე მოხდა მისი მოდერნიზაციაც. 1998 წელს №2 ქარხანაში დაიწყო „ბორჯომის“ ჩამოსხმა პლასტიკურ ბოთლებში. 1999 იმავე ქარხანაში დაიწყო უგაზო მინერალური წყლის — „ბორჯომის წყაროები“ ჩამოსხმა.
ამჟამად ბორჯომის მწარმოებელია კომპანია IDS Borjomi Georgia, რომელიც ნაწილია საერთაშორისო კომპანიისა — IDS Borjomi International (კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კიურასაოში დარეგისტრირებული კომპანია).
2005 წელს „ბორჯომის“ წარმოებამ 200 მილიონ ბოთლს მიაღწია. ბრენდების „ბორჯომისა“ და „ლიკანისთვის“ 2006 წლიდან რუსეთის ბაზარი ჩაიკეტა.[1] 2007 წელს საერთაშორისო სასერტიფიკაციო კომპანიამ Bureau Veritas „ბორჯომს“ მიანიჭა წარმოების უსაფრთხოებისა და ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 22000. 2007 წელს კომპანიამ დაიწყო უგაზო წყლის — „ბაკურიანი“ ჩამოსხმა.
2013 წლამდე კომპანიის აქციების 87% ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ფონდ „სელფორდის“ გავლით ეკუთვნოდა. ფონდი „სელფორდ კაპიტალი“ ბადრი პატარკაციშვილმა, ბორის აბრამოვიჩმა და ბორის ბერეზოვსკიმ ერთობლივად შექმნეს. ბორჯომის მინოტარული აქციების 13 პროცენტი ნაწილდებოდა აქციონერებზე საქართველოში და უკარინაში.[2] 2008 წელს, ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის „სელფორდის“ აქტივებზე, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა. ბერეზოვსკიმ სადაო აქტივები, მათ შორის, IDS Borjomi ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო. IDS Borjomi-ის შესაძლო გაყიდვაზე ინფორმაცია 2012 აგვისტოში გავრცელდა. დასახელებული იქნა ფასიც — 500 მილიონი აშშ დოლარი. უკვე სექტემბერში, რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიაზე კომპანიის ოფისებსა და და ქარხნებში მილიცია და საგადასახადო სამსახური შევიდა. რუსეთში IDS Borjomi დაადანაშაულეს, რომ დევნილმა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ კომპანიაში რუსეთის ბიუჯეტიდან მითვისებული 320 მილიონი დოლარი დააბანდა; უკრაინაში კი IDS Borjomi-ს გადასახადების დამალვაში დასდეს ბრალი. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს კომპანია რუსული „ალფა-ჯგუფის“ საკუთრება გახდა.[1]
გავრცელებული ინფორმაციით, „ალფა-ჯგუფმა“ პატარკაციშვილების ოჯახისაგან აქციების 55,8 პროცენტი იყიდა, 37,2 პროცენტი კი ისევ ოჯახის საკითრებაში დარჩა. რაც შეეხება მინოტარულ აქციებს, მათი მფლობელი არ შეცვლილა.[2] 2022 წლისთვის „ალფა-ჯგუფი“, რომლის თანადამფუძნებელი რუსი ოლიგარქი მიხეილ ფრიდმანია, IDS Borjomi International-ის 57,72%-ს ფლობდა შვილობილი კომპანიის მეშვეობით. „ალფა-ჯგუფის“ სხვა შვილობილი კომპანია, „ალფა-ბანკი“, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების სამიზნე გახდა. 2022 წლის 29 აპრილს „ბორჯომმა“ წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში – შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც „კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.[3]
წარმოების შეჩერებით გამო შემცირებული ანაზღაურება მიუღებელი აღმოჩნდა თანამშრომელთა ნაწილისთვის. რეორგანიზაციის შედეგად კომპანიამ 5 მაისს 49 თანამშრომელი გაათავისუფლა.[4] 21-დღიანი მოლაპარაკება კომპანიის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის უშედეგოდ დასრულდა. მაისის შუა რიცხვებში, კომპანიამ კრიზისის მოგვარების მიზნით საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა. ივნისის დასაწყისში კომპანიის 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა და მოთხოვნები წარადგინა.[5]
13 ივნისს ცნობილი გახდა სახელმწიფოსა და კომპანიის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებდა რუსული „ალფა-ჯგუფის“ კომპანია „ერასმონი ლიმიტედის“ მფლობელობაში არსებული „რისა ინვესტმენტ ლიმიტედის“ 7,73%-იან წილს (1 104 აქცია). დირექტორთა საბჭოში სახელმწიფომ 1 ხმის უფლების მქონე და 1 დამკვირვებელი დირექტორი შეიყვანა; ხმის უფლების მქონე დირექტორი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელიც გახდა.[3]
შედეგად, „IDS Borjomi International-ში“ წილები ასე გადანაწილდებოდა:[3]
დღეს „ბორჯომის“ ექსპორტი მსოფლიოს 40 ქვეყანაში ხდება. კომპანია ბორჯომ-ბაკურიანის ხეობაში 3 დასახელების პროდუქტს აწარმოებს:
ბორჯომის მინერალური წყლების საბადო კავკასიონის მესხეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 760–920 მეტრის აბსოლუტურ სიმაღლეზე. „ბორჯომი“ მოიპოვება 9 ჭაბურღილიდან, რომელთა სიღრმეა 1200–1500 მეტრი.
„ბორჯომის“ საბადოების დაზვერვა მიმდინარეობდა 1927 წლიდან. სულ, 1982 წლამდე, გაჭრილ იქნა 18,4–დან 1502 მეტრამდე სიღრმის 57 ჭაბურღილი. დაზვერვითი სამუშაოების დაწყებამდე საბადოს ცენტრალურ ნაწილში მოქმედებდა მხოლოდ ორი წყარო: კავკასიის მთავარმართებელ ევგენი გოლოვინის (Евгеньевский) და მისი ქალიშვილის, ეკატერინეს სახელობისა (Екатерининский), რომელიც წყალმა განკურნა.[6]
1957–1978 წლებში ჩატარებული საბურღი სამუშაოების შედეგად ბორჯომის საბადოების საზღვრები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გამოვლინდა ახალი საექსპლუატაციო უბნები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ბორჯომის წყლის მარაგები. ამის წყალობით საბჭოთა კავშირის პერიოდში წარმოება 400 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა.
დღეს ბორჯომის ხეობაში სამი საექსპლუატაციო უბანია: ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (დაბა ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვანი–ყვიბისის (სოფლების – ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ უბნებზე განლაგებულია 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი. კიდევ 13 ჭაბურღილი გამოიყენება თვითონ საბადოს რეგულარული მონიტორინგისთვის (წყლის დონე, წნევა, ტემპერატურა და სხვა).
საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების კომიტეტმა დაამტკიცა 2006–2031 წლებში ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვების მოცულობა 561 000 ლიტრი დღეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად იწარმოება 1 000 000 ბოთლზე მეტი.
დღესდღეობით ყველა 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი ფუნქციონირებს თვითდინებით, ანუ მოიპოვება იმ რაოდენობის წყალი, რომელიც აღდგება ბუნებრივი გზით.
ჭაბურღილებიდან მიღებული მინერალური წყალი 25 კილომეტრიანი უჟანგავი მილით მიეწოდება ჩამომსხმელ ქარხნებს. იქ ის ყენდება, ცივდება, იგაზება ნახშირბადის დიოქსიდით, ჩამოისხმება ბოთლებში და იფუთება.
დღეს ქალაქ ბორჯომში მოქმედებს ორი ჩამომსხმელი ქარხანა: პირველი მინერალურ წყალს ასხამს შუშის ბოთლებში, მეორე კი — პლასტიკატის ბოთლებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარდა ამ ქარხნების სრული მოდერნიზაცია.
მინერალური წყალი „ბორჯომი“ დღეს ბაზარზე წარმოდგენილის ოთხნაირი შეფუთვით:
ვულკანური წარმოშობის მინერალთა უნიკალური კომპლექსის წყალობით „ბორჯომი“ მოქმედებს, როგორც „შიდა შხაპი“ და შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს. ის მატებს იმუნიტეტს და ეფექტურია საჭმლისმომნელებელი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს.
კვების ჰიგიენის სპეციალისტთა თანახმად, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო დარღვეულია ადამიანის ორგანიზმის ტუტე-მჟავას წონასწორობა (pH) და მატება აღინიშნება მჟავიანობის მხრივ. „ბორჯომის“ რეგულარული მიღება აბალანსებს pH-ის დონეს და ასევე, ქმნის ოპტიმალურ პირობებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისათვის. ასევე „ბორჯომი“ აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები.
რამდენადაც, „ბორჯომი“ გამოირჩევა მინერალთა დაბალანსებული შემცველობით, ტრადიციულად, ბევრი ადამიანი მას სვამს, როგორც სუფრის წყალს. მაგალითად, კალციუმი „ბორჯომში“ 100 მგ-ზე ნაკლებია, რაც დასაშვებია ყოველდღიური მოხმარებისთვის — მარილთა დაგროვების რისკი არის მხოლოდ მაშინ, როდესაც კალციუმის შემცველობა 200 მგ/ლ-ს აჭარბებს.
დიეტოლოგები ჭარბწონიან ადამიანებს ურჩევენ, სვან ჩვეულებრივზე მეტი „ბორჯომი“. იგი დადებითად მოქმედებს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაზე და წარმოქმნის ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ), რომლის დაშლისასაც გამოიყოფა ენერგია.
აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ექიმები ურჩევენ მოერიდონ ძლიერგაზირებულ წყალს, რადგან ის სტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ანუ იწვევს შიმშილის გრძნობას. ამიტომ, მათ, ვისაც გახდომა სურს, „ბორჯომის“ მიღებამდე რეკომენდაცია ეძლევათ გამოუშვან მისგან ნახშირბადის დიოქსიდის გაზი.
სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „ბორჯომი“ სასარგებლოა კბილებისთვის. ეს მინერალური წყალი შეიცავს ფთორიდის და იოდიდის იონებს, რაც ამცირებს კარიესის გაჩენის შესაძლებლობას.[9]
კავკასიაში ბევრი მინერალური წყალია, მაგრამ არც ერთს არ აქვს ისეთი ქიმიური შემადგენლობა, როგორც „ბორჯომს“. XIX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე „ბორჯომის“ და მისი უნიკალური თვისებების შესახებ 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო გამოკვლევაა დაწერილი. 1890 წლიდან დაწყებული ბორჯომის მინერალურ წყლებს იკვლევენ გეოლოგები და ქიმიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მისი ტემპერატურა, ფიზიკურ–ქიმიური თვისებები და მინერალთა შემადგენლობა უცვლელია.
100 გრამი „ბორჯომის“ შემცველობა შემდეგნაირია:
2006 წლის 4 მაისს რუსეთის მთავარი სანიტრის ბრძანებით რუსეთში „ბორჯომის“ შეტანა აიკრძალა, იმ საბაბით, თითქოსდა ის არ აკმაყოფილებდა სანიტარულ ნორმებს, თუმცა, ქართული მხარე ამ გადაწყვატილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.[13] ამის ფონზე რუსეთში გაყიდვაში გაჩნდა სტავროპოლში ჩამოსხმული მინერალური წყალი, სახელწოდებით – «Русский Боржомъ» (რუსული ბორჯომი), მაგრამ 2007 წელს ქართველი მწარმოებლის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ აკრძალა მსგავსი დასახელების წყლის გაყიდვა.[14]
Советская геология.- 1985.- №3
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.