დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი თბილისში / From Wikipedia, the free encyclopedia
„დინამო“ თბილისი — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. საქართველოს ეროვნული ლიგის უცვლელი მონაწილე, ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვიცე-ჩემპიონი და ცამეტგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი და ექვსგზის ფინალისტი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს ჩვიდმეტგზის ჩემპიონი და შვიდგზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის ცამეტგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელი და სამგზის ფინალისტი.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ტერმინს „დინამო თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დინამო თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ლურჯ-თეთრები | |||
დაარსდა | 1925 წლის შემოდგომაზე | |||
სტადიონი |
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა თბილისი, საქართველო (ტევადობა: 55 000) | |||
პრეზიდენტი | რომან ფიფია | |||
მწვრთნელი | ანდრეს კარასკო | |||
ლიგა | ეროვნული ლიგა | |||
2023 | მე-2 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბის ყველაზე დიდ მიღწევად დღემდე რჩება 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ დაამარცხა ანგარიშით — 2–1.
კლუბს თავის ისტორიაში შთამბეჭდავი გამარჯვებები აქვს მოპოვებული ევროპული ფეხბურთის გრანდებთან. მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური „ლივერპულის“,[1][2] „ვესტ ჰემის“,[3][4] უელსის „კარდიფ სიტის“,[5] ნიდერლანდების „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.
თავის დროზე „დინამოს“ შემადგენლობაში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე,[კომ. 1] გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი,[კომ. 2] მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი,[კომ. 3][6] რამაზ შენგელია,[კომ. 4][7] ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981),[8] ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977)[9] და ალექსანდრე ჩივაძე (1980).
1990 წლიდან კლუბმა დაასრულა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატებში ასპარეზობა და მას შემდეგ უცვლელად მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ლიგის პირველობაზე. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით აგრძელებს მოღვაწეობას.