ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი — სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში. სათავეს იღებს 1917 წლის 1-ელ ივლისს თბილისში დაარსებული „კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტიდან“, რომლის შექმნის ინიციატორიც ნიკო მარი, ხოლო ნამდვილი წევრები ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი იყვნენ.[⇨] 1931 წელს ინსტიტუტს ბუნებისმეტყველების განყოფილება დაემატა და „კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი“ ეწოდა.[⇨]
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი | |
---|---|
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის პოსტერი | |
შეიქმნა | 1 ივლისი, 1917 |
ტიპი | სამეცნიერო დაწესებულება |
შტაბ-ბინა | თბილისი |
მდებარეობა | საქართველო |
დირექტორი | გიორგი ჭეიშვილი |
ატარებს სახელს | ივანე ჯავახიშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ყოფილი სახელი |
კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი კავკასიისმცოდნეობის ინსტიტუტი ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი |
http://institutehist.ucoz.net/ |
1936 წელს, მორიგი რეორგანიზაციის შემდეგ, ინსტიტუტს „აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი“ ეწოდა, რომლის მუდმივ კონსულტანტად ივანე ჯავახიშვილი იყო მოწვეული. „ენიმკი“ ქართველურ ენათა, კავკასიურ ენათა, ლექსიკოლოგიისა და სამეცნიერო ტერმიონოლოგიის, ახლო აღმოსავლეთის ენათა, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის, ისტორიის, ფილოლოგიის, ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილებებს, ფონეტიკისა და ნ. მარის კაბინეტებს მოიცავდა .[⇨]
1941 წლის 8 მაისს „ენიმკი“ გაიყო და მის ბაზაზე ორი ინსტიტუტი შეიქმნა: ისტორიის ინსტიტუტი და აკად. ნ. მარის ენის ინსტიტუტი.[⇨] არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული სამუშაოების გაფართოების გამო, 1964 წელს ისტორიის ინსტიტუტს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი“ ეწოდა.[⇨]
1977 წელს „ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტს“ არქეოლოგიური განყოფილება გამოეყო, რომელიც დამოუკიდებელ კვლევის ცენტრად ჩამოყალიბდა. 2006 წლიდან ინსტიტუტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი“ გახდა.[⇨]
ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ჯანაშია, გიორგი ახვლედიანი, ნიკო ბერძენიშვილი, ვუკოლ ბერიძე, გიორგი ნიორაძე, აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, გიორგი წერეთელი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი მელიქიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, ვერა ბარდაველიძე, გიორგი ჩიტაია და სხვ. დაარსებიდან დღემდე ინსტიტუტი საქართველოს ისტორიისა და ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის შემსწავლელი ძირითადი ცენტრია.