კლოდ დებიუსი
From Wikipedia, the free encyclopedia
აშილ კლოდ დებიუსი (ფრანგ. Achille-Claude Debussy [aʃil klod dəbysi];[2] დ. 22 აგვისტო, 1862 — გ. 25 მარტი, 1918) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი კომპოზიტორი გვიან XIX და ადრეულ XX საუკუნეებში.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „კლოდ დებიუსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. კლოდ დებიუსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
აშილ კლოდ დებიუსი Achille-Claude Debussy | |
---|---|
კლოდ დებიუსი, 1908, ფოტოგრაფი ფელიქს ნადარი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | აშილ კლოდ დებიუსი |
დაბ. თარიღი | 22 აგვისტო, 1862 |
დაბ. ადგილი | სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი | 25 მარტი, 1918 (55 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი |
დასაფლავებულია | პასის სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი | იმპრესიონიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, კრიტიკოსი |
ხელმოწერა | [1] |
კლოდ დებიუსი ვიკისაწყობში |
მოკრძალებული მატერიალური შესაძლებლობების და ძალზე მცირე კულტურული ჩართულობის ოჯახში დაბადებული დებიუსი საკმარისად ნიჭიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ათი წლის ასაკში ჩარიცხულიყო საფრანგეთის წამყვან მუსიკალურ სასწავლებელში — პარიზის კონსერვატორიაში. ის თავდაპირველად ფორტეპიანოს სწავლობდა, მაგრამ თავისი მოწოდება ინოვაციურ კომპოზიციაში დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონსერვატორიის კონსერვატორი პროფესორები არ ეთანხმებოდნენ. თავისი მომწიფებული სტილის განსავითარებლად მრავალი წელი დასჭირდა და თითქმის 40 წლის იყო, როცა 1902 წელს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია თავისი ერთადერთი ოპერით „პელეასი და მელისანდე“ (Pelléas et Mélisande). 1881 და 1882 წლებში იყო რუსეთში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მიიღო რომის პრემია (კანტატისთვის „უძღები შვილი“ (L'enfant prodigue). 1885–1886 წლებში ცხოვრობდა რომში. 1887 წელს პარიზში დაბრუნდა და დაუახლოვდა სიმბოლიზმისა და იმპრესიონიზმის წარმომადგენელ პოეტთა და მხატვართა ჯგუფს, რომელსაც სტეფან მალარმე ხელმძღვანელობდა.[3]
დებიუსი ზოგჯერ მოიხსენიება პირველ იმპრესიონისტ კომპოზიტორად, თუმცა თავად ამ ტერმინის წინააღმდეგი იყო. ადრეული, მათ შორის რუსული და შორეული აღმოსავლეთის მუსიკის გავლენით შეიმუშავა ჰარმონიის და საორკესტრო ფერის საკუთარი სტილი, რომელსაც მაშინდელი მუსიკალური ისტებლიშმენტი დასცინოდა და უშედეგოდ ეწინააღმდეგებოდა. მან გადაახალისა მუსიკალური გამომსახველობის ფორმები, გაამდიდრა ბგერითი, საორკესტრო და საფორტეპიანო პალიტრა. კოლორიტისათვის იყენებდა ბუნებრივ კილოებს, პენტატონიკას, პოლიტონალობისა და ატონალობის ელემენტებს.[4]
დებიუსის საორკესტრო ნაწარმოებები მოიცავს „ფავნის ნაშუადღევის პრელუდიას“ (Prélude à l'après-midi d'un faune) (1894), „ნოქტიურნებს“ (Nocturnes) (1897–1899) და „სურათებს“ (Images) (1905–1912). მისი მუსიკა გარკვეულწილად იყო რეაქცია რიხარდ ვაგნერის და გერმანული მუსიკალური ტრადიციის წინააღმდეგ. იგი ფიქრობდა, რომ კლასიკურ სიმფონიას თავისი შესაძლებლობები ამოწურული ჰქონდა და ალტერნატივას ხედავდა თავის სიმფონიურ ესკიზში „ზღვა“ (La mer) (1903–1905). მისი საფორტეპიანო ნამუშევრები მოიცავს პრელუდიების ორ და ეტიუდების ორ წიგნს. თავისი მთლიანი კარიერის განმავლობაში წერდა „მელოდიებს“ — სიმღერებს, რომლებისთვისაც პოეზიის ფართო სპექტრს იყენებდა, საკუთარი ლექსების ჩათვლით. მასზე დიდ გავლენას ახდენდა გვიანი XIX საუკუნის პოეზიაში არსებული სიმბოლისტური მოძრაობა. მისი ნაწარმოებების მცირე ნაწილი, მათ შორის ადრეული „ქალწული-რჩეული“ (La damoiselle élue) და გვიანდელი „წმინდა სებასტიანის წამება“ (Le Martyre de saint Sébastien) შეიცავს მნიშვნელოვან საგუნდო პარტიებს. სიცოცხლის ბოლო წლებში ფოკუსირებული იყო კამერულ მუსიკაზე და დაასრულა სამი სონატა (დაგეგმილი ექვსიდან) სხვადასხვა ინსტრუმენტული შემადგენლობისთვის.[5]
მისი შემოქმედებითი ტენდენციები მიიღო და განავითარა მრავალი ქვეყნის კომპოზიტორთა თაობებმა, მათ შორისაა ბელა ბარტოკი, ოლივიე მესიანი, ჯორჯ ბენჯამინი და ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი ბილ ევანზი.
დებიუსიმ შექმნა მრავალი ჟანრის ნაწარმოები. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროგრამულ-ინსტრუმენტულ მუსიკას. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა „პელეასი და მელისანდე“ (მორის მეტერლინკის დრამის მიხედვით, 1902, პარიზი), ბალეტები „თამაშები“ (Jeux; 1912), „კამა“ (Khamma; 1912), „სათამაშოების ყუთი“ (La boîte à joujoux; 1913), მისტერია „წმინდა სებასტიანის წამება“ (გაბრიელე დ'ანუნციოს ტექსტზე, 1911); პოემა ხმისა და ორკესტრისათვის „ქალწული-რჩეული“ (გ. როზეტის სიტყვებზე, 1888) „ფავნის ნაშუადღევის პრელუდია“ სიმფონიური ორკესტრისათვის (სტეფან მალარმეს მიხედვით, 1892-1894), ტრიპტიქი „ნოქტიურნები“ („ღრუბლები“, „დღესასწაულები“, „სირინოზები“; 1897-1899), სიმფონიური ესკიზი „ზღვა“ (1903-1905), სიუიტა „იბერია“ (1908), მრავალი ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის, მათ შორის „შტამპები“ (1903), „სიხარულის კუნძული“, (1904), 24 პრელუდია (2 წიგნი, 1910-1913), 12 ეტიუდი (2 წიგნი, 1915), ინსტრუმენტული ანსამბლები, 50-ზე მეტი სიმღერა (რომანსები) და სხვა.
1918 წლის 25 მარტს, 55 წლის დებიუსი პარიზში, საკუთარ სახლში, ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა. მისი საკომპოზიტორო კარიერა 30 წელზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა.[6]