From Wikipedia, the free encyclopedia
მეცხრე სიმფონია (რე მინორი), Op. 125 ― ბეთჰოვენის უკანასკნელი დასრულებული სიმფონია, რომელიც 1822-1824 წლებში დაიწერა და პირველად შესრულდა ვენაში, 1824 წლის 7 მაისს. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები კლასიკური პერიოდიდან[1] და ბევრი კრიტიკოსის და მუსიკოლოგის მიერ მიიჩნევა ბეთჰოვენის შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად და დასავლური მუსიკის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად.[1][2] 2010-იანი წლებისთვის, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონიების რიცხვს მიეკუთვნება.[3][4]
სიმფონია №9 | |
---|---|
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია | |
ერთ-ერთი გვერდი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ავტოგრაფიდან | |
ტონალობა | რე მინორი |
ოპუსი | 125 |
ჟანრი | საგუნდო სიმფონია |
სტილი | კლასიკური, რომანტიკული |
დაწერილი | 1822 - 1824 |
ტექსტი | ფრიდრიხ შილერის ოდა სიხარულისადმი |
ენა | გერმანული |
ხანგრძლივობა | დაახლოებით 70 წუთი |
ნაწილები | 4 |
ვოკალი |
|
ინსტრუმენტული შემადგენლობა | სიმფონიური ორკესტრი |
პრემიერა | |
თარიღი | 1824 წლის 7 მაისი |
ადგილი | კერნტნერტორის თეატრი, ვენა |
დირიჟორი | მიხაელ უმლაუფი და ლ. ვ. ბეთჰოვენი |
შემსრულებლები |
|
მე-9 სიმფონია წარმოადგენს წამყვანი კომპოზიტორის მიერ სიმფონიაში ვოკალის გამოყენების პირველ შემთხვევას[5] და საგუნდო სიმფონიის პირველ მაგალითს. ვოკალური ნაწილი ჩართულია სიმფონიის ბოლო (IV) მოქმედებაში და სრულდება ოთხი სოლისტის და გუნდის მიერ. ბეთჰოვენმა სასიმღერო ტექსტად აირჩია ფრიდრიხ შილერის ლექსი „სიხარულის ოდა“ (გერმ. An die Freude) (დაიწერა 1785 წელს, რევიზია 1803 წელს), ტექსტის გარკვეული ნაწილი აგრეთვე დამატებულია თავად კომპოზიტორის მიერ. როგორც პირველმა საგუნდო სიმფონიამ, მან გარდატეხა მოახდინა მუსიკის ისტორიაში და მის გავლენას შემდეგი თაობის მუსიკოსებიც განიცდიდნენ.[6][7][8][9]
2001 წელს, სიმფონიის ორიგინალი, ხელნაწერი პარტიტურა, რომელიც ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაშია დაცული, შეტანილ იქნა გაეროს მსოფლიო მეხსიერების პროგრამის სიაში და წარმოადგენს ამ პროგრამაში მოხვედრილ პირველ სანოტო ჩანაწერს.[10]
ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ სიმფონია თავდაპირველად 1817 წელს შეუკვეთა,[11] კომპოზიციის შექმნა კი 1822 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 1824 წლის თებერვალში დასრულდა.[12] სიმფონიას საფუძვლად დაედო ბეთჰოვენის სხვა ნაწარმოებები, რომლებიც, თავის მხრივ, დასრულებული ნამუშევრებია, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული აზრით, წარმოადგენს მომავალი სიმფონიის მონახაზებსაც. საგუნდო ფანტაზიას Op. 80 (1808), რომელსაც, პრინციპში, საფორტეპიანო კონცერტის ერთ-ერთი მოქმედების ფორმა აქვს, კულმინაციურ ნაწილში ვოკალური სოლისტები და გუნდი უერთდება. ვოკალისტები და გუნდი ასრულებენ თემას, რომელიც მანამდე ინსტრუმენტების მიერ არის გაჟღერებული და რომელიც წააგავს შესაბამის თემას მეცხრე სიმფონიიდან.
უფრო ადრე, საგუნდო ფანტაზიის თემა გვხვდება სიმღერაში Gegenliebe ფორტეპიანოსა და მაღალი ხმისთვის, რომელიც 1795 წლით თარიღდება.[13] რობერტ გუტმანის მიხედვით, მოცარტის K. 222, ოფერტორია რე-მინორი, Misericordias Domini, რომელიც 1775 წელს დაიწერა, ასევე შეიცავს მსგავს მელოდიას.[14]
მიუხედავად იმისა, რომ ბეთჰოვენის ძირითადი ნაწარმოებების პრემიერა, როგორც წესი, ვენაში ხდებოდა, კომპოზიტორს სურდა, თავისი ბოლო კომპოზიცია ბერლინში შესრულებულიყო, დასრულებიდან რაც შეიძლება მალე, რადგან ფიქრობდა, რომ ვენის მუსიკალურ გემოვნებაში იტალიელი კომპოზიტორები დომინირებდნენ, მაგალითად, ჯოაკინო როსინი.[15] როცა ამის შესახებ მისმა მეგობრებმა და სპონსორებმა შეიტყვეს, წერილობითი პეტიცია გაუგზავნეს, რომელსაც ხელს არაერთი ვენელი მუსიკის მფარველი და შემსრულებელი აწერდა და სადაც დაჟინებით სთხოვდნენ კომპოზიტორს, სიმფონიის პრემიერა ვენაში შესრულებულიყო.[15]
ბეთჰოვენი ნასიამოვნები დარჩა მსგავსი თაყვანისცემით და მეცხრე სიმფონია 1824 წლის 7 მაისს, კერნტნერტორის თეატრში (Theater am Kärntnertor) შესრულდა ბეთჰოვენის სხვა ორ ნაწარმოებთან ერთად - სახლის განწმენდა (უვერტიურა) და საზეიმო მესის (Missa Solemnis) სამი ნაწილი (Kyrie, Credo და Agnus Dei). ეს იყო კოპოზიტორის პირველი გამოჩენა სცენაზე 12 წლის განმავლობაში და დარბაზი სავსე იყო დაინტერესებული მსმენელით და მუსიკოსებით.[16]
მე-9 სიმფონიის პრემიერაში ჩართული იყო ყველაზე დიდი ორკესტრი, რაც ბეთჰოვენს მანამდე შეეკრიბა.[16] საჭირო გახდა კერნტნერტორის ორკესტრის, ვენის მუსიკალური საზოგადოების (Gesellschaft der Musikfreunde) და არაერთი ნიჭიერი მოყვარულის გაერთიანებული ძალისხმევა. საპრემიერო შესრულებაში მონაწილეთა სრული სია არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ მასში ვენის ბევრი ელიტური შემსრულებელი შედიოდა.[17]
სოპრანოს და ალტის პარტიებს ორი ცნობილი, ახალგაზრდა მომღერალი ასრულებდა: ჰენრიეტ ზონტაგი და კაროლინ უნგერი. გერმანელი სოპრანო, ჰენრიეტ ზონტაგი 18 წლის იყო, როცა ბეთჰოვენმა პირადად მიიწვია პრემიერაში მონაწილეობისთვის.[18][19] აგრეთვე ბეთჰოვენის მიერ პირადად მიწვეული 20 წლის ვენელი კონტრალტო, კაროლინ უნგერი, უკვე ცნობილი იყო 1821 წელს, როსინის ტანკრედიში შესრულებული როლით. სიმფონიის 1824 წლის პრემიერის შემდეგ მან სახელი მოიხვეჭა იტალიაში და პარიზშიც. ცნობილია, რომ იტალიელ კომპოზიტორებს, გაეტანო დონიცეტის და ვინჩენცო ბელინის სპეციალურად მისი ხმისთვის აქვთ დაწერილი როლები.[20] ანტონ ჰაიცინგერი ასრულებდა ტენორის, ხოლო იოზეფ ზაიპელტი - ბანის პარტიას.
მიუხედავად იმისა, რომ შესრულებას, ოფიციალურად, თეატრის კაპელმაისტერი, მიხაელ უმლაუფი დირიჟორობდა, მასთან ერთად სცენას იყოფდა ბეთჰოვენიც. თუმცა, ორი წლით ადრე, უმლაუფს ნანახი ჰქონდა, თუ როგორი კატასტროფით დასრულდა ბეთჰოვენის მიერ თავისი ოპერის, ფიდელიოს გენერალური რეპეტიციის დირიჟორობა. ამიტომაც, ამჯერად, შემსრულებლებს მისცა მითითება, რომ უკვე თითქმის სრულებით ყრუ ბეთჰოვენისთვის ყურადღება არ მიექციათ. ყველა ნაწილის დასაწყისში, ბეთჰოვენი, რომელიც სცენის გევრდით იჯდა, ტემპს იძლეოდა. იგი შლიდა პარტიტურის გვერდებს და დირიჟორობდა ორკესტრს, რომლის ხმაც არ ესმოდა.
არსებობს მონაწილეთა გადმოცემა, რომ სიმფონია არასაკმარისად მომზადებული და ცუდად შესრულებული იყო. მიუხედავად ამისა, პრემიერა ძალიან წარმატებული გამოდგა. მევიოლინე იოზეფ ბემი იხსენებს:
ბეთჰოვენი თავად დირიჟორობდა, ანუ იდგა დირიჟორის პულტის წინ და გიჟივით იხრებოდა წინ და უკან. ერთ წამს მთელს სიმაღლეზე გაიმართებოდა, ხოლო მეორე წამს იატაკამდე იხრებოდა, ხელებს ისე ამოძრავებდა, თითქოს თავად უნდოდა დაეკრა ყველა ინსტრუმენტზე და ემღერა ყველა პარტია. სინამდვილეში, დირიჟორობა ლუი დიუპორტის[შ 1] ხელთ იყო; ჩვენ, მუსიკოსები, მხოლოდ მის ჯოხს მივყვებოდით.[21]
აუდიტორიის აპლოდისმენტების დროს - სხვადასხვა გადმოცემით, სკერცოს ან მთლიანი სიმფონიის ბოლოს - ბეთჰოვენი რამდენიმე ტაქტით უკან იყო და ჯერ კიდევ დირიჟორობდა. ამის გამო, კონტრალტო, კაროლინ უნგერი, მივიდა მასთან და შემოაბრუნა, რათა მიეღო მსმენელთა ტაში და ოვაციები. Theater-Zeitung-ის კრიტიკოსის მიხედვით, „პუბლიკამ თავისი მუსიკალური გმირი უკიდურესი პატივისცემით და სიმპათიით მიიღო, უსმენდა მის გიგანტურ ქმნილებებს უდიდესი ყურადღებით და საზეიმოდ ტაშს უკრავდა, ხშირად ნაწილების დროსაც, ხოლო მათი დასრულებისას - განუწყვეტლივ.“[22]
პირველი გერმანული გამოცემა დაიბეჭდა B. Schott's Söhne-ს მიერ, მაინცში, 1826 წელს. Breitkopf & Härtel-ის გამოცემა, რომელიც 1864 წლით თარიღდება, ყველაზე ხშირად გამოიყენება ორკესტრების მიერ.[23] 1997 წელს, Bärenreiter-მა გამოსცა ჯონათან დელ მარის მიერ რედაქტირებული ვერსია.[24] დელ მარის მიხედვით, ამ გამოცემაში გასწორებულია 3,000-მდე შეცდომა, ზოგიერთი - საკმაოდ მნიშვნელოვანი.[25] დევიდ ლივაიმ, მოერეს მხრივ, გააკრიტიკა ეს რედაქცია და თქვა, რომ მას შეეძლო „საკმაოდ მცდარი“ ტრადიციებისთვის მიეცა სათავე.[26] Breitkopf-მა ასევე გამოსცა ახალი, პეტერ ჰაუშილდის რედაქცია, 2005 წელს.[27]
ქვემოთ მოცემულია ბეთჰოვენის მიერ მეცხრე სიმფონიისთვის გამოყენებული ორკესტრის შემადგენლობა. მისი მასშტაბები ბევრად აღემატება ბეთჰოვენის ადრინდელი სიმფონიებისთვის საჭირო ორკესტრს. პრემიერის დროს, დამატებით გასაძლიერებლად, ბეთჰოვენმა თითოეულ ჩასაბერს ორი შემსრულებელი მიაკუთვნა.[28]
ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები |
მეტალის ჩასაბერი ინსტრუმენტები
დასარტყამი ინსტრუმენტები
|
ვოკალი (მხოლოდ მეოთხე მოქმედებაში) სიმებიანი ინსტრუმენტები
|
სიმფონია შედგება ოთხი მოქმედებისგან. ქვემოთ მოცემულია თითოეული მოქმედების სტრუქტურა:
ბეთჰოვენი ცვლის კლასიკურ სიმფონიაში მიღებულ ფორმას და სკერცოს ათავსებს ნელი მოქმედების წინ. (ნელი მოქმედებები, როგორც წესი, სიმფონიებში სკერცოს წინაა მოთავსებული).[29] ეს ბეთჰოვენის მიერ ამ განლაგების სიმფონიაში გამოყენების პირველი შემთხვევა იყო, თუმცა მანამდე, იგივე განლაგება გამოყენებული ჰქონდა სხვა ნაწარმოებებშიც, მათ შორისაა სიმებიანი კვარტეტი №5, Op. 18, საფორტეპიანო ტრიო Op. 97 „Archduke“, საფორტეპიანო სონატა №29, Op. 106 Hammerklavier. მსგავსი განაწილება გამოყენებული აქვს იოზეფ ჰაიდნსაც ისეთ ნაწარმოებებში, როგორიცაა სიმებიანი კვარტეტები №2, Op. 33 და №30.
პირველი მოქმედება სონატურ ფორმაშია, ექსპოზიციის გამეორების გარეშე. იგი იწყება წმინდა კვინტით (ლა და მი), რომელიც პიანისიმოზე იკვრება სიმებიანების ტრემოლოთი. დინამიკა თანდათან იმატებს, ვიდრე მე-17 ტაქტში პირველი თემა არ გამოჩნდება, რე მინორში.[30]
შესავალი, თავისი ზრდადი წმინდა კვინტებით, მოგვაგონებს ორკესტრის მომართვის ხმოვანებას.[31]
რეკაპიტულაციის (იმეორებს მთავარ მელოდიურ თემებს) დასასრულს, 301-ე ტაქტში, აღნიშნული თემა ბრუნდება, ამჯერად fortissimo დინამიკით და რე მაჟორში, ნაცვლად რე მინორისა. მოქმედებას ასრულებს მასიური კოდა, რომელსაც მისი თითქმის მეოთხედი ნაწილი უჭირავს, ბეთჰოვენის მე-3 და მე-5 სიმფონიების მსგავსად.[32]
ჩვეულებრივ, პირველი მოქმდება 15 წუთამდე გრძელდება.
მეორე მოქმედება არის სკერცო და ტრიო. პირველის მსგავსად, მეორე მოქმედებაც რე მინორშია. მისი შესავალი ზედაპირულად ჰგავს პირველი მოქმედების შესავალ თემას (მსგავსი რამ საფორტეპიანო სონატა №29-შიც გვხვდება, რომელიც რამდენიმე წლით ადრეა დაწერილი). გარკვეულ ადგილებში, ერთ სუსტ თვლაზე ყოველ მესამე ტაქტში, ბეთჰოვენს გამოყენებული აქვს მითითება ritmo di tre battute (სამთვლიანი რიტმი) და ერთ თვლაზე ყოველ მეოთხე ტაქტში ritmo di quattro battute (ოთხთვლიანი რიტმი). როგორც წესი, სკერცო სამწილად ზომაშია. ბეთჰოვენს ეს სკერცოც სამწილად ზომაში აქვს დაწერილი, მაგრამ პუნქტუაციას იმგვარად იყენებს, რომ ტემპთან კომბინაციაში, ნაწარმოები ორ ან ოთხწილად ზომაში დაწერილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
სკერცო მიჰყვება რთული სამნაწილიანი ფორმის სტანდარტულ დიზაინს, რომელიც საცეკვაო მოქმედებებისთვისაა დამახასიათებელი (სკერცო-ტრიო-სკერცო ან მენუეტი-ტრიო-მენუეტი), თუმცა, გააჩნია რთული შინაგანი სტრუქტურა, რაც სრულყოფილ სონატურ ფორმად აყალიბებს. ამ სონატურ ფორმაში ექსპოზიციის (მთავარი მელოდიური თემების გაჟღერების) პირველი ჯგუფი იწყება ფუგით რე მინორში ქვემოთ მოცემულ თემაზე:
მეორე თემისთვის ნაწარმოები განიცდის მოდულაციას უჩვეულო, დო მაჟორულ ტონალობაში. შემდეგ გვხვდება ექსპოზიციის გამეორება განვითარების მოკლე სექციამდე, სადაც კომპოზიტორი სხვა თემატურ იდეებს მიმოიხილავს. რეკაპიტულაცია (შესავალში გაჟღერებული მელოდიური თემების გამეორება) აგრძელებს ექსპოზიციის თემების განვითარებას, აგრეთვე, შეიცავს ლიტავრის სოლოებს. განვითარების ახალ სექციას მივყავართ რეკაპიტულაციის გამეორებასთან, რის შემდეგაც სკერცოს ასრულებს მოკლე კოდეტა.
კონტრასტული ტრიო რე მაჟორში და ორწილად ზომაშია. ამ სექციაში პირველად უკრავენ ტრომბონები. ტრიოს შემდეგ მეორედ ჩნდება სკერცო და სრულდება ყოველგვარი გამეორების გარეშე, რის შემდეგაც გვხვდება ტრიოს მოკლე რეპრიზა და მოქმედებას ამთავრებს მოულოდნელი კოდა.
მეორე მოქმედების ხანგრძლივობა, საშუალოდ, 12 წუთია, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, დაიკვრება თუ არა ორი (ხშირად გამოტოვებული) გამეორება.
მესამე მოქმედება არის ლირიკული, ნელი მოქმედება სი♭ მაჟორში, სიმფონიის ძირითადი ტონალობის, რე მინორისგან პატარა სექსტის დაშორებით. მას აქვს ორმაგი ვარიაციის ფორმა. ვარიაციების თითოეულ წყვილში რიტმი და მელოდიური იდეები თანდათან მუშავდება და რთულდება. პირველი ვარიაცია, თემის მსგავსად, 4/4 ზომაშია, ხოლო მეორე - 12/8 ზომაში. ვარიაციები ერთმანეთისგან გამოყოფილია 3/4 ზომაში დაწერილი პასაჟებით, პირველი რე მაჟორშია, მეორე სოლ მაჟორში, მესამე მი♭ მაჟორში, მეოთხე ფა♯ მაჟორში, ხოლო მეხუთე - სი მაჟორში. ბოლო ვარიაციაში ორჯერაა ჩართული ხმამაღალი საორკესტრო პასაჟი, რომელსაც ვიოლინოები პასუხობენ. ვალტორნის სოლოს მეოთხე ვალტორნისტი უკრავს.
ჩვეულებრივ, მესამე მოქმედება 16 წუთამდე გრძელდება.
საგუნდო ფინალით ბეთჰოვენმა საყოველთაო ძმობის იდეა წარმოადგინა. იგი ეფუძნება სიხარულის თემას და თემის და ვარიაციების ფორმა აქვს:
მოქმედება იწყება შესავლით, სადაც წარმოდგენილია მუსიკალური მასალა წინა სამი მოქმედებიდან, ზუსტი გამეორების გარეშე.[33] ისინი თანმიმდევრობით იკვრებიან და წყდებიან დაბალი სიმებიანები რეჩიტატიული მელოდიით, რის შემდეგაც, სიხარულის თემა ჩელოებსა და კონტრაბასებს შემოჰყავთ. თემაზე სამი ინსტრუმენტული ვარიაციის შემდეგ, ადამიანის ხმა პირველად შემოდის სიმფონიაში, როცა ბანი სოლისტი მღერის ბეთჰოვენის მიერ დაწერილ ფრაზას: ''O Freunde, nicht diese Töne!' Sondern laßt uns angenehmere anstimmen, und freudenvollere.''
დაახლოებით 24 წუთიანი ხანგრძლივობით, ფინალური მოქმედება ყველაზე ხანგრძლივია ოთხ მოქმედებას შორის. მეტიც, იგი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე კლასიკური პერიოდის ზოგიერთი სიმფონია. მისი ფორმა მუსიკათმცოდნებში კამათის საგანია. ნიკოლას კუკი განმარტავს:
ბეთჰოვენს ფინალის აღწერა თავადაც უჭირდა. გამომცემლებისთვის გაგზავნილ წერილებში ამბობს, რომ იგი ჰგავს საგუნდო ფანტაზიას, Op. 80, თუმცა, გაცილებით მასშტაბურია. შეგვიძლია ვუწოდოთ კანტატა, რომელიც „სიხარულის“ თემის ვარიაციებზეა აგებული, მაგრამ ეს საკმაოდ არაზუსტი ფორმულირება იქნება იმ მეთოდებთან შედარებით, რასაც მეოცე საუკუნის კრიტიკოსები იყენებენ ამ მოქმედების ფორმის ანალიზისთვის. ამიტომაც, არსებობს დაუსრულებელი კამათი იმაზე, შეგვიძლია თუ არა, განვიხილოთ ის, როგორც სონატური ფორმის სახესხვაობა (სადაც „თურქული მუსიკა“ 331-ე ტაქტიდან, რომელიც სი♭ მაჟორშია, ასრულებს მეორე ჯგუფის ფუნქციას), ან როგორც კონცერტის ფორმა (სადაც ტაქტები 1–207 და 208–330 ქმნიან ორმაგ ექსპოზიციას), ან როგორც ოთხი სიმფონიური მოქმედების შეკუმშვა და გაერთიანება ერთში (სადაც ტაქტები 331–594 წარმოადგენს სკერცოს, ხოლო 595–654 ტაქტები - ნელ მოქმედებას). კამათი დაუსრულებელი იმის გამოა, რომ თითოეულ ამ ინტერპრეტაციას გარკვეული წვლილი შეაქვს მოქმედების გააზრებაში, მაგრამ მთლიან სურათს ვერ ასახავს.[34]
კუკის შენიშვნების კვალდაკვალ, ჩარლზ როზენი ახასიათებს ფინალურ მოქმედებას, როგორც სიმფონიას სიმფონიაში, შესრულებულს პაუზის გარეშე.[35] ეს „შიდა სიმფონია“ იგივე მონახაზს მიჰყვება, რასაც მთლიანად მეცხრე სიმფონია:
მოქმედებას გააჩნია თემატური მთლიანობა, სადაც ყველა ნაწილი ეფუძნება ან მთავარ თემას, ან „Seid umschlungen“ თემას, ან ამ ორის რაიმე სახის კომბინაციას. მეტიც, როზენი ასევე აღნიშნავს, რომ ეს მოქმედება შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ვარიაციების ნაკრები და ამავდროულად, საკონცერტო სონატის ფორმა ორმაგი ექსპოზიციით.[35]
ტექსტის უდიდესი ნაწილი აღებულია ფრიდრიხ შილერის ლექსიდან ოდა სიხარულს, ხოლო შესავალში, დახრილი შრიფტით მოცემული ფრაზები თავად ბეთჰოვენმა დაამატა.[36] ქვემოთ მოცემულია ტექსტი გამეორებების გარეშე, ინგლისურ თარგმანთან ერთად.[37]
O Freunde, nicht diese Töne! |
Oh friends, not these sounds! |
Freude! |
Joy! |
Freude, schöner Götterfunken |
Joy, beautiful spark of divinity, |
Wem der große Wurf gelungen, |
Whoever has been lucky enough |
Freude trinken alle Wesen |
Every creature drinks in joy |
Froh, wie seine Sonnen fliegen |
Gladly, just as His suns hurtle |
Seid umschlungen, Millionen! |
Be embraced, you millions! |
მუსიკის კრიტიკოსებს შორის არსებობს თითქმის უნივერსალური კონსენსუსი, რომ მეცხრე სიმფონია წარმოადგენს ბეთჰოვენის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს და ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ნაწარმოებს, რაც ოდესმე დაწერილა.[1][2] თუმცა, ფინალურ მოქმედებას ახლდა თავის წინააღმდეგბები: „ადრინდელ კრიტიკოსებს იგი გაუგებრად და ექსცენტრუილად მიაჩნდათ, ყრუ და ხანშიშესული კომპოზიტორის მუსიკად“.[1]
ისტორიულად აკურატული შესრულების მომხრე დირიჟორებს, განსაკუთრებით, როჯერ ნორინგტონს,[38] გამოყენებული აქვთ ბეთჰოვენის მიერ მითითებული ტემპები, რასაც განსხვავებული შეფასებები მოჰყვებოდა ხოლმე. ბენჯამინ ზანდერი ემხრობა მეტრონომის ბეთჰოვენისული აღნიშვნების გამოყენებას წიგნშიც[25] და პრაქტიკაშიც, ბოსტონის ფილარმონიულ ორკესტრთან და ლონდონის Philharmonia Orchestra-სთან ერთად შესრულებისას.[39][40] ერთი ვერსიით, ბეთჰოვენის მეტრონომი ჯერ კიდევ არსებობს, შემოწმდა და სწორიც აღმოჩნდა,[41] თუმცა, 2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აღნიშნული მეტრონომი დაზიანებული, ხოლო მისი კალიბრაცია - დარღვეული იყო.[42] არსებობს მოსაზრება, რომ ბეთჰოვენისული აღნიშვნები სწორია მათი მეტრულად ინტერპრეტირების, ე.ი. ნოტების გრძლიობების განახევრების შემთხვევაში და რომ კომპოზიტორის თანამედროვეთა შორისაც სწორედ მსგავსი პრაქტიკა იყო მიღებული.[43]
რამდენიმე დირიჟორს შეტანილი აქვს გარკვეული ცვლილებები სიმფონიის გაორკესტრებაში. რიხარდ ვაგნერმა მოახდინა ხის ჩასაბერების პასაჟების დუბლირება, აღნიშნული პრაქტიკა კი კიდევ უფრო განავრცო გუსტავ მალერმა.[44] მან შეცვალა სიმფონიის გაორკეტრება იმ ჟღერადობის მისაღებად, რომელიც, მისი აზრით, ბეთჰოვენს ენდომებოდა, მის ხელთ თანამედროვე სიმფონიური ორკესტრი რომ ყოფილიყო.[45] 1864 წელს, დრეზდენში ნაწარმოების შესრულებისას, ვაგნერმა პირველად მოათავსა გუნდი და სოლისტები ორკესტრის უკან, რაც შემდგომ სტანდარტად იქცა. მანამდე, გუნდი ორკესტრსა და აუდიტორიას შორის თავსდებოდა.[44]
ბეთჰოვენის მითითება ფინალში მე-2 ფაგოტის მიერ ბანების დუბლირებაზე 115-164 ტაქტებში Breitkopf & Härtel-ის გამოცემულ პარტიებში არაა, თუმცა არის მთლიან პარტიტურაში.[46]
მეცხრე სიმფონიის ბრიტანული პრემიერს 1825 წლის 21 მარტს წარმოადგინა დამკვეთმა, ლონდონის ფილარმონიულმა საზოგადოებამ, Argyll Rooms-ში, სერ ჯორჯ სმარტის დირიჟორობით, საგუნდო პარტია კი იტალიურად იყო შესრულებული. ამერიკული პრემიერა 1846 წლის 20 მაისს განხორციელდა ახლად ჩამოყალიბებული ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის შესრულებით Castle Garden-ში. კონცერტი ახალი საკონცერტო დარბაზისთვის თანხის შეგროვებას ისახავდა მიზნად და მას ინგლისში დაბადებული ჯორჯ ლოუდერი დირიჟორობდა. ვოკალური ნაწილი პირველად ამ კონცერტისთვის ითარგმნა ინგლისურად.
რიხარდ ვაგნერმა კარიერის განმავლობაში მეცხრე სიმფონია არაერთხელ იდირიჟორა. აქედან ბოლო შესრულება 1872 წელს განხორციელდა ბაიროითის საფესტივალო სახლისთვის საძირკვლის ჩაყრასთან დაკავშირებულ კონცერტზე. ვაგნერმა მოგვიანებით ნარკვევიც გამოაქვეყნა სიმფონიის შესრულების თავისებურებებთან დაკავშირებით, სადაც აღწერა მის მიერ გაორკესტრებაში შეტანილი ცვლილებები 1872 წლის კონცერტთან დაკავშირებით.[47]
ლონდონის ფილარმონიული გუნდის დებიუტი 1947 წლის 15 მაისს სწორედ მეცხრე სიმფონიით მოხდა ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ვიქტორ დე საბატას დირიჟორობით, Royal Albert Hall-ში.[48] 1951 წელს ვილჰელმ ფურტვენგლერმა და ბაიროითის ფესტივალის ორკესტრმა ხელახლა გახსნეს ბაიროითის ფესტივალი მეცხრე სიმფონიით. ფესტივალი მოკავშირეების მიერ შეჩერებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[49][50]
ამერიკელმა დირიჟორმა, ლეონარდ ბერნსტაინმა მეცხრე სიმფონია სამი ჩანაწერიდან პირველი 1964 წელს, ნიუ-იორკის ფილარმონულ ორკესტრთან ერთად გააკეთა, Columbia Masterworks-ისთვის. შესრულებაში მონაწილეობდნენ მარტინა აროიო (სოპრანო), რეჯინა სარფატი (მეცო), ნიკოლას დი ვირჯილიო (ტენორი), ნორმან სკოტი (ბანი) და ჯულიარდის სკოლის გუნდი. მოგვიანებით, ჩანაწერი კომპაქტ-დისკის სახითაც გამოიცა.
მეორე ჩანაწერი ბერნსტაინმა ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გააკეთა Deutsche Grammophon-ისთვის, 1979 წელს. მასში მონაწილეობდნენ გუინეტ ჯოუნსი (სოპრანო), ჰანა შვარცი (მეცო), რენე კოლო (ტენორი), კურტ მოლი (ბანი) და ვენის სახელმწიფო ოპერის გუნდი.[51]
ბერნსტაინმა ასევე იდირიჟორა სიმფონიის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი Konzerthaus Berlin-ში, აღმოსავლეთ ბერლინში სადაც სიტყვა გერმ. Freude (სიხარული) შეცვლილი იყო სიტვით გერმ. Freiheit (თავისუფლება). 1989 წლის შობას გამართული კონცერტი ბერლინის კედლის დაცემას ეძღვნებოდა.[52] ორკესტრი და გუნდი, რომელიც აღნიშულ კონცერტში მონაწილეობდა, ბევრი სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსებისგან შედგებოდა: ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, ბერლინის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, დრეზდენის საქსონიის სახელმწიფო კაპელის წევრები და დრეზდენის ბავშვთა ფილარმონიული გუნდის წევრები - გერმანიიდან; კიროვის თეატრის ორკესტრის წევრები საბჭოთა კავშირიდან; ლონდონის სიმფონიური ორკესტრის წევრები გაერთიანებული სამეფოდან; ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის წევრები აშშ-დან და პარიზის ორკესტრის წევრები საფრანგეთიდან. სოლისტები იყვნენ ჯუნ ანდერსონი (სოპრანო), სარა უოკერი (მეცო-სოპრანო), კლაუს კენიგი (ტენორი) და იან-ჰენდრიკ როტერინგი (ბანი).[53] ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა ბერნსტაინმა ეს სიმფონია იდირიჟორა. იგი ათი თვის შემდეგ გარდაიცვალა.
სერ გეორგ შოლტიმ მეცხრე სიმფონია ორჯერ იდირიჟორა ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან და ჩიკაგოს სიმფონიურ გუნდთან ერთად. პირველად 1972 წელს, სოლისტებთან პილარ ლორენგართან, ივონ მინტონთან, სტიუარტ ბაროუზთან და მარტი ტალველასთან ერთად, ხოლო მეორედ - 1986 წელს, სადაც სოლისტები ჯესი ნორმანი, რაინჰილდ რუნკელი, რობერტ შუნკი და ჰანს სოტინი იყვნენ. მეორე შესრულების ჩანაწერმა 1987 წელს გრემის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო საორკესტრო შესრულებისთვის.[54]
2018 წელს, BBC Proms-ის ახალგაზრდულმა გუნდმა შეასრულა სიმფონია სერ გეორგ შოლტის სახელობის იუნესკოს მშვიდობის მსოფლიო ორკესტრთან ერთად Royal Albert Hall-ში. ის მეცხრე განყოფილებაში შესრულდა, რომელსაც „ომი და მშვიდობა“ ერქვა და მიეძღვნა პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ასი წლისთავს. მას დონალდ რანიკლსი დირიჟორობდა და BBC-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.[55]
არსებობს რამდენიმე ჩანაწერი, სადაც დირიჟორები ეცადნენ სიმფონიის იმ ჟღერადობის მიღწევას, როგორიც იქნებოდა ბეთჰოვენის სიცოცხლეში, რისთვისაც შესაბამისი პერიოდის ინსტრუმენტები და ბეთჰოვენისეული ტემპები იყო გამოყენებული. მათგან აღსანიშნავია:
79 წუთიანი ხანგრძლივობით, მეცხრე სიმფონიის უგრძესი ჩანაწერი ეკუთვნის კარლ ბემს და ვენის ფილარმონიულ ორკესტრს (1981). სოლისტებში ჯერი ნორმანი და პლასიდო დომინგოც შედიოდნენ.[57]
მეცხრე სიმფოანიამ შემდეგი თაობების ბევრ კომპოზიტორზე მოახდინა გავლენა, როგორც რომანტიკულ პერიოდში, ისე მას შემდეგაც.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იოჰანეს ბრამსის 1-ლი სიმფონიიდან ენათესავება სიხარულის თემას ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფინალიდან. გადმოცემის თანახმად, როცა ამაზე ბრამსს მიუთითეს, მან უპასუხა: „მაგას ყველა სულელი დაინახავს!“ ბრამსის ამ სიმფონიას ხშირად „ბეთჰოვენის მეათეს“ უწოდებდნენ, რაც ზოგჯერ საქებარი, ზოგჯერ კი სალანძღავი ეპითეტი იყო.[58]
მეცხრე სიმფონიამ გავლენა მოახდინა ანტონ ბრუკნერის სიმფონიების ფორმაზე. მისი მე-3 სიმფონია იგივე, D-მინორულ ტონალობაშია და მისგან აღებულ საკმაოდ ბევრ თემატურ იდეას იყენებს. მე-7 სიმფონიის კოლოსალურ ნელ მოქმედებას იგივე, A–B–A–B–A ფორმა აქვს, რაც ბეთჰოვენის მე-9-ს III მოქმედებას და მისგან გარკვეულ ორნამენტებსაც სესხულობს.[59]
ანტონინ დვორჟაკის მე-9 სიმფონიის (From the New World) სკერცოში, დაღმავალი კვარტები და ლიტავრები ბეთჰოვენის მეცხრეს სკერცოს ალუზიაა.[60]
ასევე, ბელა ბარტოკი სესხულობს მეცხრე სიმფონიის სკერცოს შესავალ მოტივს თავისი სკერცოსთვის ოთხ საორკესტრო პიესაში, Op. 12 (Sz 51).[61][62]
ლეგენდის მიხედვით, კომპაქტ დისკის 74 წუთიანი ფორმატი მეცხრე სიმფონიის დატევის მიზნთ შემუშავდა, კონკრეტულად, 1951 წლის ვილჰემ ფურტვენგლერის შესრულების ხანგრძლივობის მიხედვით.[63][64][65]
ფილმში The Pervert's Guide to Ideology, სლავოი ჟიჟეკი ხაზს უსმევს სიმფონიის მეოთხე მოქმედების გამოყენებას ნაციზმის, ბოლშევიზმის, ჩინეთის კულტურული რევოლუციის, აღმოსავლეთ-დასავლეთ გერმანიის ოლიმპიური გუნდის, სამხრეთ როდეზიის, აბიმაილ გუზმანის, ევროსაბჭოს და ევროგაერთიანების მიერ.[66]
ცივი ომის დროს გერმანიის გაყოფის კვალდაკვალ, ოდა სიხარულს სეგმენტი გამოყენებული იქნა გერმანიის გაერთიანებული გუნდის ჰიმნად ოლიმპიურ თამაშებზე 1956-დან 1968 წლამდე. მუსიკალური ფონი (სიტყვების გარეშე) 1972 ევროსაბჭომ, ხოლო მოგვიანებით, 1985 წელს, ევროკავშირმა, ევროპის ჰიმნად მიიღო.[67][68] იგივე თემა გამოიყენებოდა როდეზიის ჰიმნად 1974-1979 წლებში, ტექსტით „Rise, O Voices of Rhodesia“.[69]
გერმანიის მუშათა მოძრაობამ წამოიწყო მეცხრე სიმფონიის შესრულებს ტრადიცია ყოველ ახალ წელს, 1918 წლიდან. პერფორმანსი იწყებოდა 23 საათზე ისე, რომ ფინალური მოქმედება ახალ წელს დამთხვეოდა. ეს ტრადიცია ნაცისტური რეჟიმის დროსაც გაგრძელდა, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში - ომის შემდეგაც.[70]
წიგნები და კვლევითი სტატიები:
ნოტები, ხელნაწერები და ტექსტი
ანალიზი
აუდიო
ვიდეო
სხვა მასალები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.