ტუჩოსანნი (ლათ. Labiatae ანუ Lamiaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი ბალახები, ნახევრად ბუჩქები, უფრო იშვიათად — ლიანები ან პატარა ხეები. ღერო მეტწილად ოთხწახნაგოვანია, ფოთლები — მარტივი და უთანაფოთლო. ყვავილები ორსქესიანი და ზიგომორფულია, შეკრებილია ყვავილედებად, იშვიათად მარტოულია; გვირგვინი შეზრდილფურცლებიანია, ორტუჩა, ზოგჯერ ზუჩები სუსტადაა გამოხატული. ნაყოფი მომწიფებისას ერთთესლიან კაკლუჭად იშლება.
სწრაფი ფაქტები ტუჩოსანნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა
ფართოდ გავრცელებული ოჯახია, განსაკუთრებით მრავლადაა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში. ოჯახი აერთიანებს 200-ზე მეტი გვარის 3500 სახეობას. საქართველოში 37 გვარის 160 სახეობაა. ეთერზეთოვანი მცენარეებია, იყენებენ პარფიუმერიაში (ლავანდი, როზმარინი), მედიცინაში (შავბალახა, პიტნა, სამკურნალო სალბი, ბეგქონდარა და სხვა), სუნელ-სანელებლად (მაიორანი, რეჰანი, ქონდარი და სხვა). ცხიმოვანი ტექნიკური ზეთების მისაღებად მოჰყავთ პერილა და ლალემანცია. დეკორატიის მიზნით — სალბი, კოლეუსი და სხვა. ტუჩოსანთა შორის ბევრი კარგი თაფლოვანი მცენარეა.