ქართული დამწერლობა
ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ქართული ენა და ქართველური ენები. / From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ასევე დროგამოშვებით სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.
ქართული დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | ქართული, მეგრული, სვანური, ლაზური (ლათინურთან ერთად), ასევე ბაცბური, აფხაზური და ოსური (1930-იანებში) | |
დროის პერიოდი: | 1. ძვ. წ. III ს.[1] 2. ახ. წ. III - IV სს. არქეოლოგიური მასალის საფუძველზე. | |
ქართული დამწერლობა | |
---|---|
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა | |
ქვეყანა | საქართველო |
დოკუმენტი | 01205 |
რეგიონი | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
ჩანაწერის ისტორია | |
მიიღეს | 2016 (11 სესია) |
ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართლის პირველმა მეფე ფარნავაზმა „განავრცო ენაჲ ქართული“ და „შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული“.[2]
„ | და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენაჲ ქართული და არღარა იზრახებოდა სხუაჲ ენაჲ ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული.[3] | “ |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, 2015 წლის მარტში არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“,[4][5] 2016 წლის 30 ნოემბერს კი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.[6][7][8]