ქლუხორის ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქლუხორის ტბა (რუს. Клухорское озеро) — კარული ტბა რუსეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში. მდებარეობს დასავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 2676 მ სიმაღლეზე,[1] ქლუხორის უღელტეხილის ჩრდილოეთით. ზედაპირის ფართობი 0.17 კმ². დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 670 მ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 400 მ-ზე. საშუალო სიღრმე 10.8 მ, მაქსიმალური სიღრმე 30 მ. დამახასიათებელია მაღალი და ციცაბო ნაპირები.[2]
ქლუხორის ტბა | |
---|---|
კოორდინატები: 43°15′07″ ჩ. გ. 41°51′04″ ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2676 მ |
სიგრძე | 0.67 კმ |
სიგანე | 0.4 კმ |
ფართობი | 0.17 კმ² |
საშუალო სიღრმე | 10.8 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 30 მ |
ფსკერი უსწორმასწოროა. წყალი მომწვანო ფერისაა. გამდინარეა. ტბის დასავლეთი ნაპირიდან სათავეს იღებს მდინარე ჩრდილოეთი ქლუხორი.[2] ზაფხულის ბოლოს წყლის ზედაპირის ტემპერატურა 10 °C-მდეა, სიღრმეში 4–5 °C. სექტემბრის ბოლოდან იყინება. ყინულძვრა ივლისშია. ცოცხალ ორგანიზმებს მოკლებულია. ბევრია შეტივტივებული ნაწილაკი.[3][4]
ქლუხორის ტბა მსხლისებრი მოყვანილობისაა. მისი ჩრდილო და დასავლეთი კალთები ძლიერ მაღალია და ციცაბო, სადაც გვხვდება გამკვრივებული თოვლი, რომელიც ტბისკენ ეშვება და თითქმის ეხება ტბის ზედაპირს. აგრეთვე მაღალია დასავლეთი კალთაც, მაგრამ იგი უშუალოდ ტბას არ აწყდება. ტბის გარშემო არსებული ტერიტორია მყინვარებითა და მუდმივი თოვლითაა დაფარული, რომელთაგან მრავალრიცხოვანი ჩანჩქერები და ნაკადები გამოედინება.[5]
ქლუხორის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისმაგვარი პატარა ტბა, რომელიც ქლუხორის ტბიდან მოგლუვებული წყალქვეშა მაღლობითაა გამოყოფილი. ეს პატარა ტბა-უბე, რომლის ფართობი 0.03 კმ²-ია, უფრო თხელია, რომლის ფსკერი კარგად ჩანს.[5]
ქლუხორის ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირი შედარებით დაბალია, ტბის გარშემო ლანდშაფტი კლდეებით, ქედებით, ნაზვავებით, მყინვარებითა და მუდმივი თოვლითაა წარმოდგენილი.[5]
ქლუხორის ტბასთან აღმართულია საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლები და ობელისკები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ქლუხორის უღელტეხილის დამცველებად გვევლინებოდნენ.[3]
ტბა მოქცეულია თებერდის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.[6] ტურისტული ობიექტია.[7]