ხუჭუჭა ვარხვი
დიდი ზომის ფრინველი ვარხვისებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ხუჭუჭა ვარხვი,[1][2] ქოჩორა ვარხვი[3][4] (ლათ. Pelecanus crispus) — დიდი ზომის ფრინველი ვარხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 160–180 სმ, ფრთების შლილი 310–345 სმ,[3] მასა 7,3–15 კგ.[5] აქვს გრძელი ნისკარტი, რომელსაც ქვემოდან მიმაგრებული აქვს დიდი ტომარა. შეფერილია თეთრად ან ღია ნაცრისფრად.[6] ფრთის ბოლოები შავია,[7] ქვედა მხარე ნაცრისფერი.[3] კისრის უკანა მხარეს ხუჭუჭა ბუმბულები აქვს.[7] ბარტყი მუქი მურაა.[6] წლევანდულას ზურგის მხარე მკრთალი მონაცრისფრო-ყავისფერია და აქვს პატარა ქოჩორი. ფეხები ნაცრისფერია.[3] ხმა — ყრუ ბღავილის მსგავსი. ფრენს ლივლივით, ფრთების იშვიათი მოსმით. ამ დროს კისერი მოღუნულია ლათინური S-ის ფორმაზე.[7] მრავლდება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ევროპული ინდივიდები იზამთრებენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში გამრავლებულები — ერაყსა და ინდოსტანზე, მონღოლურები — ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე.[8] საქართველოში მოზამთრე[3] და გადამფრენი ფრინველია.[1] მიმოფრენის დროს შეინიშნება ჭოროხის დელტაზე, სხვა დროს — ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტბებზე (კარწახი, კუმისი და სხვ.), კოლხეთის დაბლობზე (პალიასტომის ტბის ნაპირებზე, ყულევისა და ჭურიის ჭაობებზე), იზამთრებს ჯანდარისა და კუმისის ტბებზე, ასევე — მტკვრის, ალაზნისა და ივრის აუზების პატარა ტბებზე. მცირე რაოდენობით ბუდობს ჯავახეთში, უმეტესად კარწახის ტბაზე, სადაც 50-მდე ბუდე შეინიშნება ყოველწლიურად.[9] ცხოვრობს წყვილებად, ბუდობს კოლონიებში.[7] ბინადრობს სტეპისა და უდაბნოს ზონის ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებსა და ზღვებზე.[3] ბუდეს მცენარეებს შორის აშენებს წყალსატევებში არსებულ კუნძულებზე, რათა დაიცვას ის მტაცებლებისაგან, ზოგჯერ — ღია გრუნტშიც. მასალად იყენებს ლერწამს, ბალახს და ტოტებს.[8] გამრავლების სეზონი გეოგრაფიულად ცვალებადია, არეალის დასავლეთ ნაწილში მარტ-აპრილში იწყება. დებს 2–4 კვერცხს. ინკუბაცია 31 დღე გრძელდება. 60–90 დღეში დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. იკვებება უმთავრესად თევზით, ასევე ამფიბიებით, მცირე ზომის ქვეწარმავლებითა და წყლის კიბოსნაირებით.[5] შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.[4]
ხუჭუჭა ვარხვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pelecanus crispus (Bruch, 1832) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22697599 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გამრავლება მთელი წლის განმავლობაში გამოზამთრება მიგრაციის მარშრუტები | |||||||||||||||
|