![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/eb/MFdSantos-Garrincha.jpg/640px-MFdSantos-Garrincha.jpg&w=640&q=50)
გარინჩა
From Wikipedia, the free encyclopedia
მანუელ (მანე) ფრანსისკო დოს სანტუსი (პორტ. Manuel „Mané“ Francisco dos Santos; დ. 28 ოქტომბერი, 1933, მაჟე — გ. 20 იანვარი, 1983, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარჯვენა გარემარბი და თავდამსხმელი. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც გარინჩა (პორტ. Garrincha [gar'ĩʃɐ]). ითვლება საუკეთესო მარჯვენა გარემარბად ფეხბურთის ისტორიაში და საუკეთესო დრიბლიორად ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელებს შორის.[1][2][3][4][5][6][7]
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გარინჩა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გარინჩა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი | ||
დაბადების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1933 | ||
დაბადების ადგილი |
მაჟე, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
გარდაცვალების თარიღი | 20 იანვარი, 1983 (49 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 169 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მარჯვენა გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1947–1952 | პაუ-გრანდე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1953–1966 | ბოტაფოგო | 236 | (85) |
1966–1967 | კორინთიანსი | 4 | (0) |
1967 | პორტუგეზა | 1 | (0) |
1968 | ატლეტიკო | 1 | (0) |
1968–1969 | ფლამენგო | 8 | (0) |
1972 | ოლარია | 8 | (0) |
1953–1972 | სულ | 257 | (85) |
ეროვნული ნაკრები | |||
1955–1966 | ბრაზილია | 60 | (17) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის მიხედვით, გარინჩა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მერვე, ხოლო მეოცე საუკუნის სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს. შედის მსოფლიო ჩემპიონატებისა და კოპა ამერიკის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში.[8][9] გარინჩა, პელეს შემდეგ, მეორე ფეხბურთელად ითვლება ბრაზილიის ეროვნული ფეხბურთის ისტორიაში.[10][11]
2010 წელს გამოქვეყნდა სია, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის ათი საუკეთესო ფეხბურთელი. ბრიტანული გაზეთის The Times-ის მიერ შედგენილ ამ სიაში გარინჩა მეექვსე ადგილს იკავებს — დიეგო მარადონას, პელეს, ფრანც ბეკენბაუერის, ჯუზეპე მეაცას და გერდ მიულერის შემდეგ,[12] ხოლო 2018 წლის 7 ივნისს გაზეთ Daily Mail-ის მიერ შედგენილ ანალოგიურ სიაში იგი მერვე ადგილზეა წარმოდგენილი — პელეს, დიეგო მარადონას, რონალდოს, ფრანც ბეკენბაუერის, ლოთარ მათეუსის, ზინედინ ზიდანის და შავი ერნანდესის შემდეგ.[13]
გარინჩას საკლუბო კარიერის საუკეთესო პერიოდი კლუბ „ბოტაფოგოს“ უკავშირდება, სადაც 1953–1965 წლებში 621 მატჩს ატარებს და 243 გოლი გააქვს. კლუბთან ერთად სამჯერ იგებს რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩემპიონატს (1957, 1961, 1962) და ორჯერ რიო-სან-პაულუს ტურნირის გამარჯვებული ხდება (1962, 1964). „ბოტაფოგოში“ გატანილი ბურთების საერთო რაოდენობის მიხედვით, გარინჩა კლუბის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს.[14][15] „ბოტაფოგოდან“ წამოსვლის შემდეგ რამდენიმე კლუბს იცვლის, თუმცა დიდხანს არცერთ მათგანში არ ჩერდება.
1955–1966 წლებში გარინჩა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ ზედიზედ იმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატზე და ჟიულ რიმეს თასის მფლობელი ხდება (1958, 1962). 1962 წელს ჩილეში გამართულ VII მსოფლიო ჩემპიონატზე გარინჩა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდება და ოთხი გატანილი გოლით ვავასთან, ლეონელ სანჩესთან, ფლორიან ალბერტთან, ვალენტინ ივანოვთან და დრაჟან იერკოვიჩთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს ინაწილებს.[16]