From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგლადეშის ეკონომიკა განვითარებადი საბაზრო ეკონომიკით ხასიათდება.[1] იგი მსოფლიოში სიდიდით 41-ე ეკონომიკაა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ხოლო 30-ე ადგილზეა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. მიეკუთვნება საშუალო კლასის ეკონომიკებს და ჯიმ ო'ნილის კლასიფიკაციით შემდეგი თერთმეტი (Next Eleven) სახელმწიფოს ნაწილია. 2019 წლის პირველ კვარტალში ბანგლადეში მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იყო როგორც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის, ისე მუდმივ ფასებში მოცემული მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და წლიური ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს უტოლდებოდა.[2] ქვეყნის ფინანსური ცენტრები დაკა და ჩიტაგონგია, სადაც დაკის საფონდო ბირჟა და ჩიტაგონგის საფონდო ბირჟაა განთავსებული. ბანგლადეშის ფინანსური სექტორი მეორე ადგილზეა ინდოეთის სუბკონტინენტზე. ბანგლადეში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა როგორც სამხრეთ აზიაში, ისე მთელს მსოფლიოში.
2004 წლის შემდეგ ათწლეულში ბანგლადეშის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 4.5%-ით იზრდებოდა. აღნიშნული ზრდა მეტწილად ტექსტილის ნაწამის ექსპორტით, ფულადი გზავნილებითა და სოფლის მეურნეობის სექტორით იყო განპირობებული. ქვეყანა ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიალიზაციაზე აკეთებს აქცენტს. ექსპორტის წამყვანი სექტორებია ტექსტილი, გემთმშენებლობა, ზღვის პროდუქტები, ტყავის საქონელი და ჯუთი. ბანგლადეშში ეროვნულ დონეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისადაა განვითარებული ფარმაცევტული, ლითონებისა და კვების ინდუსტრია. ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა ბანგლადეშის ტელეკომუნიკაციების მრეწველობა და უცხოური კომპანიებიდან დიდი რაოდენობით ინვესტიციები მოიზიდა. ბანგლადეშს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რეზერვები აქვს და აზიის მასშტაბით მეშვიდე ადგილზეა ბუნებრივი აირის წარმოების მხრივ. ბენგალის ყურეში, ბანგლადეშის საზღვაო ტერიტორიაზე იზრდება ბუნებრივი აირის ოფშორული მოპოვების მასშტაბები. ქვეყანას კირქვის დიდი რაოდენობით დეპოზიტებიც აქვს.[3] ქვეყნის მასშტაბით ზრდადი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორია განვითარებისთვის ქვეყანა ციფრული ბანგლადეშის სქემის დანერგვას უჭერს მხარს.
ბანგლადეში ნეპალისა დ აბჰუტანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოა. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ამ სახელმწიფოებისთვის ზღვაზე წვდომას ბანგლადეშის საზღვაო პორტები უზრუნველყოფენ.[4][5][6] ბანგლადეში პოტენციური გასასვლელია ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისთვისაც, მათ შორის ტიბეტის, სიჩუანისა და იუნანისთვის.
ბანგლადეში D-8 ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ინფრასტრუქტურის ინვესტიციების აზიური ბანკის წევრია.
სოფლის მეურნეობა ბანგლადეშში დასაქმების უდიდეს სექტორს წარმოადგენს. 2017 წელს ბანგლადეშის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.2% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა და ამ სექტორში სამუშო ძალის 42.7% იყო დასაქმებული.[7] ამ სექტორის საქმიანობას ძალიან დიდი გავლენა აქვს მთავარ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე, როგორებიცაა დასაქმება, უმუშევრობის შემცირება, ადამიანური რესურსების განვითარება, საკვებით უზრუნველყოფით უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლები. ბანგლადეშელთა დიდი ნაწილის საარსებო წყარო სოფლის მეურნეობაა. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, მიუხედავად არასათანადო პირობებისა, ბანგლადეშში ინტენსიური სოფლის მეურნეობა სტაბილურად ვითარდება.[8] გაუმჯობესდა წყალდიდობის კონტროლი და ირიგაცია, უფრო ეფექტურად გამოიყენება სასუქები და განაწილებისა და სასოფლო კრედიტების ქსელიც განვითარდა.[8]
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2013 წლის მოხსენების მიხედვით, ბანგლადეშში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში 2012 წელს პირდაპირ 1 281 500 სამუშაო ადგილი იყო შექმნილი, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის მთლიანი ნაწილის 1.8%-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიო მასშტაბით 178 ქვეყნიდან 157-ე ადგილზე იმყოფებოდა.[9] პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილების რაოდენობა 2 714 500 იყო, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 3,7%-ს შეადგენს.[9] 2012 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროდან პირდაპირი შემოსავლების პროცენტული მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიოს 176 ქყვეყანას შორის 142-ე ადგილზე იმყოფებოდა.[9] მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო 2023 წლისთვის ბანგლადეშში ტურიზმის სფეროში 1 785 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს, ხოლო საერთო ჯამში ― 3 891 000 სამუშაო ადგილის, რაც ქვეყნის დასაქმებულთა დაახლოებით 4.2%-ს უტოლდება.
ქვემოთ მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები ბანგლადეშისთვის მიახლოებული საბაზრო ფასებით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა მოცემული ბანგლადეშურ ტაკაში. ცხრილში მხოლოდ ფორმალური სექტორის მაჩვენებლებია ასახული.
წელი | მშპ (მლნ ტაკა) | აშშ $ გაცვლითი კურსი | ინფლაციის ინდექსი (2000=100) | ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (აშშ-ის %-ის სახით) |
---|---|---|---|---|
1980 | 250,300 | 16.10 ტაკა | 20 | 1.79 |
1985 | 597,318 | 31.00 ტაკა | 36 | 1.19 |
1990 | 1,054,234 | 35.79 ტაკა | 58 | 1.16 |
1995 | 1,594,210 | 40.27 ტაკა | 78 | 1.12 |
2000 | 2,453,160 | 52.14 ტაკა | 100 | 0.97 |
2005 | 3,913,334 | 63.92 ტაკა | 126 | 0.95 |
2008 | 5,003,438 | 68.65 ტაკა | 147 | |
2015 | 17,295,665 | 78.15 ტაკა | 196 | 2.48 |
2019 | 26,604,164 | 84.55 ტაკა | 2.91 |
2009 წლისთვის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 0.58 $-ს უდრიდა.
ქვემოთ მოცემულია მთავარი ეკონომიკური ინდიკატორები 1980–2019 წლებისთვის. 5%-ზე ნაკლები ინფლაცია მწვანედაა ნაჩვენები.[10][11]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ბანგლადეშს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 103-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 105-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1 744.5 აშშ დოლარს შეადგენს. ბანგლადეშის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.56%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 5.9%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 4.3%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 34.7%-ია. ჯინის კოეფიციენტი 32.4-ს უტოლდება.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით, ბანგლადეში 109-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 101-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 96-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 107-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 62-ე, გამჭვირვალობით ― 125-ე, საკუთრების უფლებებით ― 126-ე, კორპორატიული მმართველობით ― 102-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 103-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით, ბანგლადეშს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 114-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-100, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 103-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ბანგლადეში 108-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 95-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 5.6%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ბანგლადეში 119-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 113-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 119-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 121-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 121-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 109-ს.
ბანგლადეშში ცუდადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (106-ე ადგილი): სიღრმით 90-ე, ხოლო სტაბილურობით 129-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 36-ე ადგილს იკავებს. ბანგლადეშში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (121-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 118-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 114-ს.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.