![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e3/Cygnus_cygnus_EM1B7363_%252849709583382%2529.jpg/640px-Cygnus_cygnus_EM1B7363_%252849709583382%2529.jpg&w=640&q=50)
მყივანი გედი
ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა / From Wikipedia, the free encyclopedia
მყივანი გედი,[1][2] ყვითელნისკარტა გედი[3] (ლათ. Cygnus cygnus) — წყალმცურავი ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 145–160 სმ, ფრთების შლილი 218–243 სმ,[3][4] მასა 8–11 კგ.[5] ზომებით სისინა გედს თითქმის არ ჩამორჩება, თუმცა, მისგან განსხვავებით, მყივანი გედის კისერი ცურვის დროს ხშირად გასწორებულია. აქვს გრძელი ყვითელი ნისკარტი, რომელსაც შავი წვერი აქვს. ახალგაზრდა ფრინველის ნისკარტის ფუძე მოვარდისფროა[3] და კონტრასტს ქმნის მუქ სახესთან, სხეული მურა-რუხია. კუდი შედარებით მოკლე და ქვემოთ მიმართულია.[4] არიან წყვილებად ან გუნდებად.[6] ხმა — ძლიერი „განგ“ ან „განგ-გო“.[6][7] ბუდობს სკანდინავიის ნახევარუნძულზე, რუსეთში (კამჩატკიდან დაწყებული დასავლეთ საზღვრებამდე), ყაზახეთში, მონღოლეთში. იზამთრებს დასავლეთ ევროპაში, შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებზე, აღმოსავლეთ ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში.[8] საქართველოში გვხვდება სხვადასხვა ტიპის წყალსატევზე გადაფრენისას და ზამთარში,[3][4] მცირე რაოდენობით ზამთრობს შავი ზღვის სანაპიროზე[6] — აჭარაში, კოლხეთის დაბლობსა და აფხაზეთში.[9] ბინადრობს ისეთ წყალსატევებზე, რომელთა ნაპირები ხშირი მცენარეულობითაა დაფარული[9] — ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, ჭაობებსა და ზღვაზე, ზოგჯერ მინდვრებშიც;[3] ჩვეულებრივ — ტყის ზონასა და ტუნდრის სამხრეთ სანაპიროზე. მცირერიცხოვანია. მისი ადგილსამყოფელი განიცდის ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ზეგავლენას. რიცხოვნობის შემცირების მიზეზებია: ბრაკონიერობა, შემაწუხებელ ფაქტორთა ზრდა და საბინადრო ჰაბიტატის დაკარგვა. მავნებლებიდან რეგისტრირებულია ტრემატოდებისა და ცესტოდების 2–2 სახეობა. მონოგამური ფრინველია, ცხოვრობს განუყრელ წყვილებად.[9] სქესობრივ სიმწიფეს 4 წლის ასაკში აღწევს.[5] ბუდეს მიწაზე აკეთებს (წყალთან ახლოს) ან თავთხელში, ხავსით, ბალახითა და ლერწმით,[7] დებს 4—7 თეთრ ან მოყვითალო კვერცხს. ინკუბაცია 35–40 დღე-ღამე გრძელდება. კრუხობს მხოლოდ დედალი, მამალი ამ დროს შორიახლოს იმყოფება და მას იცავს. დეკორატიულია, ჰყავთ პარკებსა და ზოოპარკებში. შეტანილი იყო საქართველოს სსრ „წითელ წიგნში“.[9]
მყივანი გედი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cygnus cygnus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22679856 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() გამრავლება მთელი წლის განმავლობაში გამოზამთრება | |||||||||||||||
|