ფესახი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფესახი (ებრაული, იდიში: פֶּסַח (?·i)) ანუ ქართ. პასექი — უდიდესი ებრაული და სამარიული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად ებრაული კალენდარის ნისანის თვის მე-15 დღიდან 21-ე (22-ე) დღის ჩათვლით. დღესასწაულის თარიღი თანამედროვე საერთაშორისო კალენდრით მოძრავია და მარტში ან აპრილში აღინიშნება. ფესახი არის ერთ-ერთი სამი პილიგრიმული დღესასწაულიდან. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან, პირველშობილი ყრმების გადარჩენას (რასაც წინ უძღოდა ღვთის რისხვა ეგვიპტელთა მიმართ) და ანტიკური ევიპტიდან ებრაელთა გამოსვლას. საუფლო დღესასწაულზე (ისრაელში შვიდ და ისრაელის გარეთ რვა დღის მანძილზე) ებრაელები ჩვეულებრივი პურის ნაცვლად მიირთმევენ უფუარ კვერს[1][2][3].
'ფესახი ებრ.: פסח' | |
მაცა - უფუარი პურის ხმიადი | |
აღნიშნავენ | ებრაელები, სამარიელები და კერაიტები |
---|---|
პერიოდი | 15 - 21 (22) ნისანი გრეგორიანული კალენდრით 2009 : 8 - 15 (16) აპრილი 2010 : 29 მარტი - 5 (6) აპრილი 2011 : 18 - 25 (26) აპრილი |
ძველი აღთქმის წიგნი გამოსვლა მოგვითხრობს, ეგვიპტეში საშინლად იჩაგრებოდა ებრაელი ხალხი. უფალმა მათ გასანთავისუფლებლად მრავალი ნიშანი და ათი სენი მოუვლინა ეგვიპტეს. მაგრამ ფარაონს გული გასასტიკებული ჰქონდა. მაშინ უფალმა ეგვიპტელებს მოუვლინა ღვთის რისხვა - პირველშობილთა მოკვდინება. ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ, სახლის შესასვლელ კარზე ნიშანი დაედოთ ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე კარს სიკვდილის ანგელოზი გვერდს აარიდებდა და სენი მათ არ შეეხებოდა[4]. ასეთი განსასჯელისაგან თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელებს ნება დართო ეგვიპტიდან წასულიყვნენ. განთავისუფლებული ებრაელები ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უფუარი ცომისაგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად წაიღეს. ამიტომ ფესახის დღეებში, როდესაც იხსენიებენ პირველშობილ ყრმათა მოკვდინებას, მონობისაგან განთავისუფლებასა და ეგვიპტიდან გამოსვლას, არ ჭამენ აფუებულ პურს. ამის გამო დღესასწაულს მეორენაირად „უფუარობის დღესასწაულს“ უწოდებენ (חַג הַמַּצּוֹת - ხაგ ჰა’მაცოთ)[5][6] ამ დღესასწაულის უშუალო სიმბოლო და აუცილებელი ატრიბუტია უფუარი პურის კვერი - ხმიადი, რომელსაც მაცა ეწოდება.
ფესახი ანუ პასექი, ისევე როგორც შავოუთი და სუქოთი მიეკუთვნება სამ პილიგრიმულ დღესასწაულს (შალოშ რეგალიმ), როდესაც ისტორიული ტრადიციის თანახმად,მორწმუნეები ლოცვით მსვლელობას აწყობენ და მოილოცავენ იერუსალიმის ტაძარს. ანალოგიურ მომლოცველთა მსვლელობას აწყობენ სამარიტელები იმ განსხვავებით, რომ ამ მსახურებაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ და მოილოცავენ გერიზიმის მთას[7][8].