ჰიმალაი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიმალაი (სანს. हिमालयः, himālayaḥ IAST „თოვლის სავანე“, ჰინ. हिमालय, ნეპ. हिमालय, ჩინ.: 喜馬拉雅山脈) — მსოფლიოს უმაღლესი მთათა სისტემა აზიაში. განფენილია ავღანეთის, პაკისტანის, ინდოეთის, ჩინეთის, ნეპალის, ბჰუტანისა და მიანმარის ტერიტორიებზე. მოქცეულია ტიბეტის მთიანეთსა და ინდ-განგის ვაკეს შორის. სიგრძე 2400 კილომეტრზე მეტი, სიგანე 180 კილომეტრიდან 350 კილომეტრამდე. ფართობი დაახლოებით 650 ათასი კმ². საშუალო სიმაღლე დაახლოებით 6000 მ. ჰიმალაიზე აღმართულია დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8848 მ). 11 მწვერვალის სიმაღლე აღემატება 8000 მ-ს, რომელთაც სხვანაირად რვაათასიანებს უწოდებენ. ჰიმალაი არის დიდი ოროგრაფიული, კლიმატური და ფლორისტიკული ზღუდე ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და სამხრეთ აზიის ტროპიკულ ლანდშაფტებს შორის.
ჰიმალაი | |
---|---|
მწვერვალი კ2 | |
კოორდინატები: 27°59′17″ ჩ. გ. 86°55′31″ ა. გ. | |
ქვეყანა | ავღანეთი პაკისტანი ინდოეთი ჩინეთი ნეპალი ბჰუტანი მიანმარი |
უმაღლესი წერტილი | ევერესტი |
სიმაღლე | 8848 მ |
ფართობი | 650 კმ² |
სიგრძე | 2400 კმ |
სიგანე | 350 კმ |
ჰიმალაი ინდ-განგის ვაკიდან 3 უზარმაზარ ციცაბო საფეხურებად მაღლდება, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია რღვევის ხაზებითა და მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულებით. I საფეხურს ქმნის ხეობებით ძლიერ დანაწევრებული ჰიმალაის სამხრეთი მთისწინეთი — სივალიკის ქედი. II საფეხურია მცირე ჰიმალაი — ცალკეული მთის მასივებისა და ქედების სისტემა. მთები ძლიერ დანაწევრებულია, სამხრეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი დამრეცი. აქ არის პირ-პანჯალის, დჰაოლადჰარის, მაჰაბჰარატის ქედები. III საფეხურია დიდი ჰიმალაი, ანუ ჰიმალაის მთავარი ქედი. იგი ჩრდილო-დასავლეთით ნანგაპარბატის მასივიდან იწყება. სატლეჯის ხეობიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით დაფარული ჰიმალაის უმაღლესი მთის მასივები და მწვერვალები.
ჰიმალაი ფართობით თითქმის ათჯერ აღემატება საქართველოს ფართობს. შედარებისთვის შესაძლებელია მწვერვალ აკონკაგუას მოყვანა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 6962 მ-ია და უმაღლესი მწვერვალია აზიის ფარგლებს გარეთ, მაშინ როდესაც ჰიმალაის სისტემა შეიცავს 100-ზე მეტ მწვერვალს, რომელთა სიმაღლე 7 200 მეტრს აღემატება. მათი დაპყრობის მცდელობა და ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან იწყება. ჰიმალაის მწვერვალებზე მოწყობილმა ექსპედიციებმა ბევრი ცნობილი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა.