საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორ პანიუკოვი (რუს. Виктор Порфирьевич Панюков; დ. 24 მარტი, 1918, ბაქო, ბაქოს გუბერნია, რსფსრ[2] — გ. 11 ნოემბერი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — რუსი, ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიციაზე.[5] იცავდა ბაქოს „დინამოს“, პიატიგორსკის „სპარტაკის“, სმოლენსკის დკა-ს,[6] სმოლენსკის „დინამოს“,[7] თბილისის „ლოკომოტივისა“ და თბილისის „დინამოს“ ღირსებას. უნივერსალური ტიპის ფეხბურთელი მოქმედების ფართო დიაპაზონით, ცნობილი იყო თავისი შორეული, ძლიერი და ზუსტი დარტყმებით.[4] საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1940, 1951) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1946, 1947, 1950), საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1946) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვიქტორ პორფირეს ძე პანიუკოვი [1] | ||
დაბადების თარიღი | 24 მარტი, 1918 | ||
დაბადების ადგილი |
ბაქო, ბაქოს გუბერნია,[2] რსფსრ | ||
გარდაცვალების თარიღი | 11 ნოემბერი, 1972 (54 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი, ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1930–1935 | დინამო ბაქო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1936 | სპარტაკი პ. | ||
1937 | დკა სმ. | ||
1938 | დინამო სმ. | ||
1938–1939 | ლოკომოტივი | 22 | (12) |
1940–1952 | დინამო თბ. | 192 | (44) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1953–1954 | 26 კომისრის რ-ნის გუნდი[3] | ||
1955 | დინამო თბ. (მწვრთნელი) | ||
1956 | ფშმ თბილისი (მწვრთნელი) | ||
1957 | ნეფტიანიკი ბაქო | ||
1958 | ბურევესტნიკი თბილისი | ||
1959 | ნორჩი დინამოელი (მწვრთნ.) | ||
1960 | დინამო ბათუმი[4] | ||
1961 | 35-ე საფეხბურთო სკოლა (მ.) | ||
1962 | კოლხეთი ფოთი (მწვრთნელი) | ||
1963 | ლოკომოტივი თბილისი (მ.) | ||
1964–1972 | ნორჩი დინამოელი (მწვრთნ.) | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფეხბურთის თამაში დაიწყო 1930 წელს, ბაქოს ბავშვთა გუნდში. მისი პირველი კლუბი ბაქოს „დინამო“ იყო. შემდეგ პიატიგორსკის „სპარტაკის“, სმოლენსკის დკს-ს[6][კომ. 1] და სმოლენსკის „დინამოს“[7][კომ. 2] შემადგენლობაში ასპარეზობდა.
1938 წლიდან თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაშია. 1939 წელს „ლოკომოტივმა“ საკავშირო ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფში მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“ შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და „ა“ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვიქტორ პანიუკოვმა. 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა და თავისი დამაჯერებელი თამაშით ფეხბურთის სპეციალისტთა და გულშემატკივართა შორის დამსახურებული აღიარება მოიპოვა. „ლოკომოტივის“ მაისურით მან გათამაშების ყველა კალენდარულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ათი გატანილი ბურთით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.[8]
1940 წლიდან თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშია. თავდამსხმელისა და მოგვიანებით ნახევარმცველის სათამაშო პოზიციის მიუხედავად, გუნდის საჭიროებიდან გამომდინარე ვიქტორ პანიუკოვს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში — მარცხენა გარემარბის, ცენტრალური მცველის, როგორც დაცვის ცენტრში ასევე საყრდენადაც და ერთ შეხვედრაში მეკარის პოზიციაზეც კი მოუწია თამაში. სპეციალისტების შეფასებით, საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში საკავშირო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მოთამაშე ასეთი მრავალმხრივი და ფართო დიაპაზონის მქონე უნივერსალი ფეხბურთელი ვიქტორ პანიუკოვის გარდა თითქმის არ ფიქსირდება. ამის მაგალითს წარმოადგენს თბილისის „დინამოსა“ და ლენინგრადის „სპარტაკს“ შორის გამართული მორიგი კალენდარული შეხვედრა, რომელიც 1941 წლის პირველ ივნისს გაიმართა. აღნიშნული მატჩის მსვლელობისას შეხვედრის მსაჯმა დინამოელთა მეკარე ამირან ტყებუჩავა მინდვრიდან საკამათო ვითარებაში გააძევა. საფეხბურთო პირველობის იმ დროისათვის არსებული წესებისა და მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, საკავშირო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებისთვის საფეხბურთო შეხვედრის მიმდინარეობისას ფეხბურთელთა ცვლილების უფლება ჯერ კიდევ არ იყო დაშვებული. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, გაძვებული ტყებუჩავას ნაცვლად დინამოელთა კარის დაცვა გუნდის ფორვარდს — ვიქტორ პანიუკოვს მოუწია. ამ იძულებითი ცვლილების შემდეგ დინამოელთა კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ლენინგრადელებს იგი გამოუყენებელი დარჩათ — ბურთი მეკარედ გარდასახულმა პანიუკოვმა აიღო. აღსანიშნავია, რომ იმავე შეხვედრაში კარში ჩადგომამდე პანიუკოვმა ორი გოლი გაუტანა მეტოქეს. შეხვედრა თბილისელებმა 4–1 მოიგეს. აღნიშნული ფაქტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ თვალსაჩინო ეპიზოდად რჩება.[9] ამონარიდი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გულბათ ტორაძის წიგნიდან[10] „ქართული ფეხბურთის დიდოსტატები“:
„...1941 წლის 1 ივნისს თბილისელები კალენდარულ მატჩს ატარებდნენ ლენინგრადში ადგილობრივ „სპარტაკთან“. მეორე ნახევრის მე-16 წუთისათვის ანგარიში იყო 3–1 — ორი ბურთი ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანა, ერთიც — ბორის პაიჭაძემ. იმის შესახებ, თუ რა მოხდა შემდეგ, მოგვითხრობს სპორტის დამსახურებული ოსტატი, იმ დროს გუნდის უფროსი შოთა შავგულიძე: „მატჩის დამთავრებამდე 27 წუთით ადრე თბილისელთა კართან „დინამოს“ მეკარეს ამირან ტყებუჩავას ფეხში ხელი სტაცეს, იგი შეეცადა თავი დაეღწია „კლანჭებისათვის“ და „სპარტაკის“ მოთამაშეს დაეჯახა. მსაჯმა ეს უხეშობად მიიჩნია და ტყებუჩავა მინდვრიდან გააძევა. მისი ადგილი კარში თავდამსხმელმა ვიქტორ პანიუკოვმა დაიკავა. პანიუკოვი მშვიდად და აუღელვებლად იგერიებდა მეტოქის ხშირ იერიშებს და „მკვდარი“ ბურთიც კი აიღო. 25-ე წუთზე მიხეილ ბერძენიშვილმა ხელით ითამაშა და მსაჯმა დემიდოვმა პენალტი დანიშნა. სპარტაკელმა ძლიერად დაარტყა დაბალ მარჯვენა კუთხეში. პანიუკოვმა მაყურებელთა ტაშის გრიალში ბურთი ლამაზი ნახტომით აიღო.[11] შეხვედრის საბოლოო ანგარიში — 4–1 თბილისელთა სასარგებლოდ.“ |
მისი თაობის სხვა გამოჩენილ ფეხბურთელთა მსგავსად, დინამოელთა აღიარებულ ფორვარდს კარიერის საუკეთესო წლები მეორე მსოფლიო ომის მიზეზით გამოწვეულმა იძულებითმა ოთხწლიანმა „შესვენებამ“ და შესაბამისად, ხანგრძლივმა სპორტულმა უმოქმედობამ წაართვა. 1945 წლიდან ფეხბურთი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. განახლდა საკავშირო ჩემპიონატებისა და სხვა საფეხბურთო ტურნირების ჩატარება. 1945 წლის 13 მაისს პანიუკოვის დუბლით თბილისელებმა ლენინგრადელი თანაკლუბელები დაამარცხეს — 2–0.
1947 წლიდან ვიქტორ პანიუკოვი ამპლუას იცვლის და თავდასხმიდან ნახევარდაცვაში ინაცვლებს.[12] 1947 წლის 13 მაისს „დინამომ“ კუიბიშევის „კრილია სოვეტოვი“ მიიღო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ბურთები ჯეჯელავამ (2), პაიჭაძემ და პანიუკოვმა შეაგდეს.[13]
ვიქტორ პანიუკოვმა საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრების ფარგლებში თბილისის „დინამოს“ ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა.[14] მათ შორის, დინამოელთა ირანული ტურნეს ფარგლებში — ირანისა და თეირანის ნაკრებთან (1944),[15][კომ. 3] რუმინული ტურნეს ფარგლებში — ბუქარესტის ჩფრ-ს, ბუქარესტის „იუვენტუსის“, ტიმიშოარის ნაკრების წინააღმდეგ (1945), თბილისში — ბელგრადის „პარტიზანთან“ (1946) ასევე, პოლონური ტურნეს ფარგლებში — ვარშავის „უნიასთან“, ზაბჟეს „გურნიკთან“, ვარშავის ცვკს-თან,[16] კრაკოვის „გვარდიასთან“ (1951), მოსკოვში — სოფიის ნაკრებთან (1952) გამართულ მატჩებში.[4][17] აღნიშნულ შეხვედრებში პანიუკოვმა რვაჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.[18]
ვიქტორ პანიუკოვმა საფეხბურთო კარიერა 1952 წელს დაასრულა.[19][5][20]
№ | კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|---|
1 | „დინამო“ ბაქო (რუს. «Динамо» Баку) | აზერბაიჯანის სსრ | 1930–1935 | |
2 | „სპარტაკი“ პიატიგორსკი (რუს. «Спартак» Пятигорск) | რუსეთის სფსრ | 1936 | [21] |
3 | დკა სმოლენსკი (რუს. ДКА Смоленск) | რუსეთის სფსრ | 1937 | [6] |
4 | „დინამო“ სმოლენსკი (რუს. «Динамо» Смоленск) | რუსეთის სფსრ | 1938 | [7] |
5 | „ლოკომოტივი“ თბილისი | საქართველოს სსრ | 1938–1939 | |
6 | „დინამო“ თბილისი | საქართველოს სსრ | 1940–1952 |
სეზონი | კლუბი | ჩემპიონატი | თასი | |||
---|---|---|---|---|---|---|
ლიგა | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
1938 | „ლოკომოტივი“ თბ. | უმაღლესი | 6 | 2 | ||
1939 | პირველი | 22 | 10 | |||
1940 | „დინამო“ თბილისი | უმაღლესი | 22 | 6 | — | — |
1941 | უმაღლესი | 8 | 6 | — | — | |
1944 | — | — | — | 1 | 0 | |
1945 | უმაღლესი | 17 | 6 | |||
1946 | უმაღლესი | 21 | 10 | 3 | 1 | |
1947 | უმაღლესი | 24 | 4 | 2 | 0 | |
1948 | უმაღლესი | 25 | 7 | 3 | 1 | |
1949 | უმაღლესი | 28 | 5 | 3 | 1 | |
1950 | უმაღლესი | 24 | 1 | 3 | 0 | |
1951 | უმაღლესი | 23 | 0 | 2 | 0 | |
1952 | უმაღლესი | 10 | 0 | — | — | |
ჯამში | უმაღლესი | 208 | 47 | 17 | 3 | |
პირველი | 22 | 10 | ||||
კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო სამუშაოზეა. წვრთნიდა ახალგაზრდულ და შედარებით დაბალი რანგის საფეხბურთო გუნდებს. ვიქტორ პანიუკოვი 1972 წელს თბილისში, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1941 წლის 3 მაისს საკავშირო პირველობის მეორე ტურის მატჩში თბილისის დინამოელებმა მინსკელ თანაკლუბელებს უმასპინძლეს და 3–0 დაამარცხეს. სამივე ბურთი მინსკელთა კარში ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა კარს ამ შეხვედრაში იცავდა თბილისის „დინამოს“ მეკარე 1934–1939 წლებში — ალექსანდრე დოროხოვი, რომელმაც 1941 წლის შეწყვეტილ პირველობაზე ამ მატჩის ჩათვლით სულ 9 შეხვედრა ითამაშა მინსკელთა შემადგენლობაში.[23][24]
1950 წლის 21 ივნისს საკავშირო პირველობის მე-17 ტურის მატჩში თბილისის დინამოელებმა ბაქოში 3–1 დაამარცხეს ადგილობრივი „ნეფტიანიკი“. ოთხივე გოლი თბილისელთა ანგარიშზე იყო, აქედან პირველი 4' და მეოთხე 65' ბურთი მეტოქის კარში ვარდიმიადიმ გაიტანა, მეორე 9' — ანთაძემ, ხოლო მესამე 24', ბაქოელთა შეტევის დროს დასწრებაზე თამაშისას საკუთარ კარში ჩაჭრა ვიქტორ პანიუკოვმა. თბილისელთა კარს ამ შეხვედრაში ვლადიმერ მარღანია იცავდა.[25][26][კომ. 5]
თემატური სტატიები |
---|
Dinamo-Tbilisi.ru · Fifastat.ru · FootballFacts.ru |
ლექსიკონები და ენციკლოპედიები |
---|
ბიოგრაფიული ლექსიკონი |
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა |
---|
Спортивный некрополь |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.